ფედერერი კარგი იყო, მაგრამ...

AutoSharing Option
ქალებს შორის სეზონი, პრაქტიკულად, დასრულდა - ჩატარდა წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი და წინ არის მხოლოდ სოფიაში "ჩემპიონთა ტურნირი" და ფედერაციის თასის ფინალი. მამაკაცთა ტურში კი ჯერ შემაჯამებელი ჩემპიონატის მონაწილეთა სრული სიაც არ დაკომპლექტებულა. ჯერჯერობით ხუთ ჩოგბურთელს აქვს ლონდონში თამაშის უფლება მოპოვებული: რაფაელ ნადალს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, დავიდ ფერერს, ხუან მარტინ დელ პოტროსა და ტომაშ ბერდიხს.

ამ უკანასკნელმა ლონდონში გამგზავრება მას შემდეგ გაინაღდა, რაც ბაზელის ტურნირზე წარუმატებლად ითამაშეს მისმა კონკურენტებმა - რიშარ გასკემ
და სტანისლას ვავრინკამ. მათ პირველივე წრე წააგეს, შესაბამისად, მიკაელ ლოდრასთან და ედუარდ როჟე-ვასელენთან. რაც შეეხება ლონდონის კიდევ ერთ პრეტენდენტს, ჟო-ვილფრიდ ცონგას, მან პარიზის მასტერსამდე დასვენება გადაწყვიტა. ასევე მოიქცა მილოშ რაონიჩი.

სხვათა შორის, ბაზელში თავად ბერდიხმაც ცუდად ითამაშა - მან პირველივე წრეში წააგო ხორვატ გიგანტთან, ივო კარლოვიჩთან. ამ უკანასკნელმა ისე ჩაატარა შეხვედრა, რომ არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, მაგრამ სამ პარტიაში გაიმარჯვა - 4:6, 7:6(4), 7:6(2).

საინტერესოა, რომ ამ მატჩის შემდეგ ხორვატი გახდა მამაკაცთა ტურის რეკორდსმენი - მან კარიერაში მე-17 შეხვედრა მოიგო, როცა მის მეტოქეს მატჩ-პოინტი ჰქონდა. აქამდე კარლოვიჩი ამ რეკორდს გორან ივანიშევიჩთან, გრეგ რუსედსკისთან, ნიკოლას ლაპენტისთან და ხუან კარლოს ფერეროსთან ერთად იყოფდა.

შემდეგ წრეში კარლოვიჩი დაამარცხა ნიჭიერმა კანადელმა ვაშეკ პოსპიშილმა, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია. იქ ჩრდილოამერიკელმა ნამდვილი ბრძოლა გაუმართა როჯერ ფედერერს. ლეგენდარული შვეიცარიელი ნახევარფინალამდე ისე მივიდა, რომ ერთი სეტი წააგო - უზბეკ დენის ისტომინთან. წესით, ნახევარფინალში როჯერს ორ სეტში უნდა დაემარცხებინა პოსპიშილი, მაგრამ ტაი-ბრეიკზე წააგო პარტია, რომელშიც ბრეიკით იყო დაწინაურებული.

გადამწყვეტ სეტში ბრძოლა ბოლომდე მიდიოდა, მაგრამ პოსპიშილმა 5:5-ზე მიუტევებელი შეცდომები დაუშვა და ფედერერმა სამ სეტში მოიგო – 6:3, 6:7(3), 7:5.

ბადის ზედა ნაწილიდან ფინალში გავიდა ბაზელის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ხუან მარტინ დელ პოტრო. არგენტინელი ყველა მეტოქეს იოლად გაუმკლავდა, როჟე ვასელენის გარდა, რომელმაც ნახევარფინალში ერთი სეტი აართვა სამხრეთამერიკელს.

თითქოს ფინალში დელ პოტროს უპირატესობა უნდა ჰქონოდა. ფედერერი დიდი ხანია ვერ აჩვენებს მაღალ შედეგებს, ხუან მარტინმა კი კარგი ტემპი აკრიფა, თანაც ბოლო ორი მატჩი მოგებული ჰქონდა შვეიცარიელისთვის.

ფედერერმა გადამწყვეტ მატჩში ბოლო თვეებში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. პირველი სეტის პირველ ნახევარში მას აშკარა სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, შემდეგ კი დელ პოტრომ ბრეიკი გააკეთა. არგენტინელმა სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ ფედერერმა მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინა და "მშრალი" ანგარიშით მოიგო მეტოქის მოწოდება, შემდეგ კი თავის გეიმზე ორი სეტბოლი გადაარჩინა. ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გაირკვა, რომელიც ხუან მარტინმა უფრო აქტიურად ჩაატარა.

მეორე სეტი ფედერერმა თითქმის იდეალურად წარმართა, შესანიშნავად აწვდიდა და მოწინააღმდეგეს შანსს არ უტოვებდა. ის თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა, ბოლოს კი კიდევ ერთხელ აიღო დელ პოტროს მოწოდება. მესამე სეტში ყველაფერი გადაწყვიტა სასტარტო გეიმებმა. თავიდან შვეიცარიელმა 40:15-დან დათმო თავისი მოწოდება, თანაც, ამ გეიმში სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი ვერ გამოიყენა ორი ბრეიკ-პოინტი. მეტი შანსი მასპინძელს აღარ ჰქონია, რადგან დელ პოტრო შესანიშნავად აწვდიდა და ამის ხარჯზე შეინარჩუნა მინიმალური უპირატესობა – 7:6(3), 2:6, 6:4.

ამ წაგების გამო ფედერერმა ჯერ ვერ გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაში, თუმცა პარიზის მასტერსის ბადის გათვალისწინებით, სასწაული უნდა მოხდეს, რომ შვეიცარიელი ლონდონში სათამაშოდ არ გაემგზავროს. ეს შემდეგ შემთხვევაში მოხდება: მილოშ რაონიჩი უნდა გახდეს ჩემპიონი, თან ნახევარფინალში უნდა მოუგოს რიშარ გასკეს; სტანისლას ვავრინკა უნდა გავიდეს ნახევარფინალში, თავად ფედერერმა კი უნდა დათმოს სასტარტო შეხვედრა.

თუ როჯერი პარიზის მასტერსზე პირველივე ბარიერს გაივლის, ის მოიპოვებს ლონდონში თამაშის უფლებას.

ახლა, ენდი მარეის გარდა, ყველა წამყვანი ჩოგბურთელი პარიზშია ჩასული სეზონის ბოლო მასტერსზე სათამაშოდ. ერთი კვირის შემდეგ ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყება, სეზონი კი დასრულდება დევისის თასის ფინალით, რომელშიც სერბეთი ჩეხეთს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერი: ტრავმით არ უნდა მეთამაშა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული