ATP-ის შემაჯამებელი: ნადალმა პირველობა გაინაღდა და ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე სათამაშო დღეს გაიმართა ჯგუფური ეტაპის ცენტრალური შეხვედრა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს შორის. ეს ჩოგბურთელები წინა კვირას, პარიზის მასტერსის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მართალია, სეზონის ბოლოს როჯერი აშკარად კარგ ფორმაში შევიდა, მაინც მოუწია სამ სეტში დანებება.

როგორც ჩანს, ლეგენდარული შვეიცარიელი მზად არ არის, გაუძლოს სამსეტიან მარათონებს. ამის დამადასტურებელია 5 ნოემბრის მატჩიც, რომელშიც ფედერერი ორი სეტი თანაბრად ებრძოდა სერბს, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაძლო.

პირველ სეტში ჩოგბურთელები უპრობლემოდ იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. მეცხრე გეიმში როჯერმა პირველად მიიღო
მეტოქის გეიმის მოგების შანსი, როცა ნოვაკმა ორჯერ დაუშვა ორმაგი შეცდომა და შვეიცარიელს ბრეიკ-პოინტი აჩუქა, მაგრამ ფედერერი მარჯვნიდან დარტყმისას შეცდა. იგივე შეცდომა დაუშვა მან მეათე გეიმში, რისი წყალობითაც ნოვაკმა ბრეიკი გააკეთა და 6:4 მოიგო.

მეორე სეტში ბევრი იყო შეცდომა ორივე ჩოგბურთელის მხრიდან. მათ ორ-ორჯერ დათმეს საკუთარი მოწოდებები: ნოვაკმა მე-5 და მე-7 გეიმებში, ფედერერმა - მეექვსესა და მეათეში, რომელშიც სეტბოლი ჰქონდა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც შვეიცარიელმა ერთხელაც არ მისცა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება და 2:2-დან ზედიზედ ხუთი ქულა აიღო.

მაგრამ ფედერერის გულშემატკივართა სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა. როჯერმა პირველივე გეიმში "მშრალი" ანგარიშით წააგო თავისი მოწოდება. შვეიცარიელს მეორე გეიმში ბრეიკ-პოინტი რომ გამოეყენებინა, ბრძოლა შეიძლება გაგრძელებულიყო, მაგრამ ჯოკოვიჩმა ეს რთული მომენტი წარმატებით გადალახა, მოგვიანებით კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და 2 საათი და 22 წუთი ბრძოლის შემდეგ მოიგო - 6:4, 6:7(2), 6:2.

* * *
ჯოკოვიჩისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 5 ნოემბრის შეხვედრას რაფაელ ნადალსა და სტანისლას ვავრინკას შორის. თუ ესპანელი შეძლებდა შვეიცარიელის დამარცხებას, ინაღდებდა 2013 წლის პირველი ჩოგანის რანგში დასრულებას.

ნადალმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა და თან, 5 ნოემბერს მოგებით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ჩოგბურთელებმა ორ-ორჯერ გაცვალეს ბრეიკები, ორივე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ოდნავ უფრო ზუსტი და იღბლიანი ნადალი აღმოჩნდა. თამაში 2 საათი და 13 წუთი გაგრძელდა.

A ჯგუფი
რაფაელ ნადალი (ესპ)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 7:6(5), 7:6(6).

B ჯგუფი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ)-როჯერ ფედერერი (შვეიც) 6:4, 6:7(2), 6:2.

ჯოკოვიჩი აკრიტიკებს
ლოზანას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გადახედა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას სერბი ვიქტორ ტროიცკის დისკვალიფიკაციაზე და მოთამაშის სასჯელი 18-დან 12 თვემდე შეამცირა.

ასე რომ, 27 წლის მოთამაშე, რომელიც მონტე კარლოს მასტერსის დროს დოპინგ-ტესტის გავლაზე უარის გამო დასაჯეს, კორტზე 2014 წლის ივლისში დაბრუნდება.


შეგახსენებთ, რომ ATP-ის კლასიფიკაციის ყოფილი მე-12 ნომრის მტკიცებით, ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენელმა დაარწმუნა ის, რომ მას შეუძლია უარი თქვას სისხლის ჩაბარებაზე მაშინ, როცა შეუძლოდ იმყოფება.

ასე რომ, ტროიცკის საბოლოოდ მიუსაჯეს დისკვალიფიკაცია, რის შემდეგაც, მსოფლიოს მეორე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მუშაობის წინააღმდეგ.

"ვიქტორის დისკვალიფიკაცია - ძალიან ცუდი ამბავია მისთვის და ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს ასევე ამტკიცებს იმის, რომ WADA-ს სისტემა და ანტისადოპინგო სააგენტოები არ მუშაობენ. რატომ ვლაპარაკობ ასე? ჯერ ერთი, როგორც პროფესიონალი მოთამაშის, ჩემი ვალდებულებაა - ვითამაშო ჩოგბურთი და პატივი ვცე წესებს. ჩვენ ვიცით ჩვენი სახეობის ყველა წესი, მაგრამ, როცა შენ შემთხვევით აგირჩევენ სისხლის ან შარდის ჩასაბარებლად, ამ შემთხვევაში, WADA-ს წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, შეგვატყობინონ მკაფიო ინსტრუქციები და წესები, აგრეთვე, ამ წესების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული სასჯელი. ტროიცკის შემთხვევაში, ამას ადგილი არ ჰქონია.

ვიქტორს არ მიუღია აკრძალული პრეპარატები. მე არ ვამბობ, რომ ის არაფერშია დამნაშავე. მან, უბრალოდ, უარი თქვა ტესტის გავლაზე, რადგან ცუდად გრძნობდა თავს. დოპინგ-ოფიცერმა არ შეატყობინა მას შესაძლო სასჯელის შესახებ. მან თქვა, რომ ტროიცკის უნდა დაეწერა მოხსენება და ყველაფერი წესრიგში ექნებოდა. მისი დაუდევრობისა და არაპროფესიონალიზმის გამო ახლა ტროიცკი ერთი წლით არის დისკვალიფიცირებული, მე კი ყოველი დოპინგ-ტესტისას უნდა ვინერვიულო.

მახსოვს, რომ ენდი მარეის ასევე სურდა გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ დამოუკიდებელ ლაბორატორიას ეკონტროლებინა ტესტების პროცესი, რომელსაც WADA ატარებს. მე აღარ ვენდობი ამ ორგანიზაციას"
, - ამბობს ჯოკოვიჩი ბრიტანულ პრესასთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული