ATP-ის შემაჯამებელი: დიდი ნახევარფინალის ჯერია

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელი ტურნირის B ჯგუფში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბოლო ტურში ერთგვარი მინი-ფინალის მომსწრენი გავხდებით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუშინ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

როჯერ ფედერერის რიშარ გასკეზე გამარჯვება ჯოკოვიჩს ძალიან აწყობდა. თუ სერბი დაამარცხებდა დელ პოტროს, ვადაზე ადრე ინაღდებდა ნახევარფინალში გასვლას. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 10:3 იყო ნოვაკის სასარგებლოდ. მაგრამ ისიც უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ წელს დელ პოტრომ ინდიან უელსში დაამარცხა ჯოკოვიჩი, უიმბლდონისა და შანხაის მასტერსზე კი სერბს გადამწყვეტი სეტის თამაში დასჭირდა მოსაგებად.

მატჩის დასაწყისი ჯოკოვიჩისთვის
საკმაოდ ნერვული გამოდგა - მისმა მეტოქემ პირველივე გეიმში ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ვერ გამოიყენა. თუმცა შემდეგ, სერბმა ინიციატივა მოიპოვა და მეექვსე გეიმში მეორე ბრეიკ-პოინტის გამოყენებით გადაწყვიტა 40-წუთიანი პარტიის ბედი - 6:3.

მეორე პარტიაში ყველაფერი პირიქით მოხდა: მეექვსე გეიმში მეტოქის მოწოდება დელ პოტრომ აიღო - ისევ 6:3. სეტი 35 წუთი გაგრძელდა. საინტერესოა, რომ დელ პოტრომ ზუსტად იმდენი ქულა აიღო, რამდენიც პირველ პარტიაში - 25.

მესამე სეტში ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მესამე გეიმში ჯოკოვიჩმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. ამან მას დამაჯერებლობა შემატა, დელ პოტრო კი აშკარად განაწყენდა დაკარგული შანსის გამო. ზედიზედ მესამედ გადამწყვეტი აღმოჩნდა მეექვსე გეიმი, რომელშიც სერბმა არგენტინელის მოწოდება “მშრალად” მოიგო. ისევ 6:3, ამჯერად 39 წუთში.

ასე რომ, ჯოკოვიჩი რაფაელ ნადალის შემდეგ მეორე ნახევარფინალისტი გახდა. მეორე საგზურის ბედი როჯერ ფედერისა და დელ პოტროს მატჩში გაირკვევა. მოგებული ოთხეულში მოხვდება.

ფედერერი: WADA-ს სრულად ვენდობი
რიშარ გასკეს ძლევის შემდეგ, როჯერ ფედერერმა ხუან მარტინ დელ პოტროსთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- ხუან მარტინ დელ პოტროს დამარცხების შემთხვევაში, ნახევარფინალში გახვალთ. ამასწინ ორჯერ მოგიწიათ მასთან შეხვედრა. რამდენად შეგმატათ დამაჯერებლობა პარიზში არგეტინელზე გამარჯვებამ?
- არც ასე მარტივად არის საქმე. რა თქმა უნდა, პარიზში ხუან მარტინის დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან ზედიზედ სამჯერ მომიგო დარბაზში - ორჯერ ბაზელში და ერთხელ აქ გასულ წელს. ახლა, ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ შემიძლია პირველი ათეულის მოამაშეების დამარცხება.

- შეკითხვა ვიქტორ ტროიცკის შესახებ. ნოვაკ ჯოკოვიჩმა აქ განაცხადა, რომ ის აღარ ენდობა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე სხვა ადამიანებთან ბევრი არ მილაპარაკია. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, შესაძლოა, არც ისე ხშირად გვამოწმებენ. მაგალითად, ჩემთვის ტესტი არ ჩაუტარებიათ არც ბაზელში და არც პარიზში.

მე მიჩვეული ვარ დოპინგ-სინჯის უფრო ხშირად ჩაბარებას. მაგალითად, 2003 და 2004 წლებში 25-ჯერ შემამოწმეს. გასაგებია, რომ წელს კარგად ვერ ვთამაშობ, მაგრამ გასულ წელს, როცა ზედიზედ სამი ტურნირი ვითამაშე როტერდამში, დუბაისა და ინდიან უელსში, ერთხელაც არ შემამოწმეს. ვფიქრობ, ეს არ არის ნორმალური. ჩოგბურთელი, რომელიც ზედიზედ იგებს, კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.

საერთო ჯამში, ვენდობი დღევანდელ სისტემას. ვფიქრობ, იქ სპეციალისტები პროფესიულ დონეზე მუშაობენ, გვეპყრობიან როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს და არა როგორც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი დოპინგზე ჩავარდა, მან სასჯელი უნდა მიიღოს.

- მაგრამ, ტროიცკისთან დაკავშირებით, სხვანაირად არის საქმე. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მოთამაშეებს მკაფიოდ აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მხოლოდ დათქმულ დღეს უნდა ჩააბარონ ტესტი?
- მე არ ვიცი ამ სიტუაციის ყველა დეტალი. ჩემი აზრით, ადამიანმა, რომელმაც თქვენგან სინჯი უნდა აიღოს, ზუსტად უნდა აგიხსნათ რა გააკეთოთ. თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ როცა აგებ, დოპინგ-ოფიცრები მოკრძალებულად გექცევიან, რათა თავიდან აიცილონ ჩოგბურთელთა სავარაუდო მრისხანება.

მაგრამ, პრინციპში დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვალდებული ხარ ტესტი ჩააბარო, ეს სწორედ დათქმულ დღეს უნდა გააკეთო, იმის მიუხედავად, როგორ გრძნობ თავს. ეს იმიტომ, რომ ტესტი მომდევნო დღეს - უკვე სულ სხვა მონაცემისაა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ დოპინგ-კონტროლს არ დავუჯერებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული