თითქმის ერთნაირები: რაფა და სერენა

AutoSharing Option
რაფაელ ნადალმა და სერენა უილიამსმა 2013 წლის სეზონი ქალთა და მამაკაცთა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერების რანგში დაასრულეს. ვებგვერდ Bleacher Report-ის მიმომხილველი ლოურენს კორბეტი გასულ სეზონში ესპანელისა და ამერიკელის მიღწევებს ადარებს და ბევრ საერთოსაც პოულობს...

რაფაელ ნადალი და სერენა უილიამსი 2014 წლის სეზონს მსოფლიოს კლასიფიკაციის ლიდერების რანგში დაიწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სათამაშო სტილი კარდინალურად განსხვავებულია, რაფასა და სერენას მაინც ბევრი საერთო აქვთ. უფრო მეტიც, ბოლო დროს მათი გამოსვლები სარკისებური ანარეკლივითაა.

თავად განსაჯეთ - 2013 წლის სეზონი მათთვის თითქმის ერთნაირი სცენარით ვითარდებოდა.
უილიამსმა 11 ტიტული მოიპოვა, მოიგო "დიდი სლემის" ორი ჩემპიონატი და წელი 78 მოგებითა და 4 წაგებით დაასრულა.

თავის მხრივ, ნადალმა მოიგო 10 ტურნირი, რომელთაგანაც ორი "დიდი სლემის" ტიტული იყო. საბოლოო სტატისტიკა კი 75 მოგებასა და 7 მარცხს უდრის. ამერიკელმა ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში სარეკორდო ჰონორარით დაასრულა წელი – 12,385 მილიონი, ესპანელმა კი 12,070 მილიონი გამოიმუშავა.

ნადალი მეოთხედან პირველ ადგილზე გადავიდა მსოფლიოს კლასიფიკაციაში, იმ დროს, როცა მისმა მთავარმა მეტოქემ ნოვაკ ჯოკოვიჩმა წელი პირველი ჩოგანის სტატუსით დაიწყო. ამავდროულად, სერბმა მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, რომელიც ესპანელმა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა.

უილიამსს წინსვლა ჰქონდა მესამედან პირველ ადგილამდე. ამერიკელის ძირითადი კონკურენტი იყო ვიქტორია აზარენკა - ისიც წელს პირველი ჩოგანის რანგში იწყებდა და ჯოკოვიჩის მსგავსად, ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. უილიამსმა კი ამავე ტურნირის მეოთხედფინალში კოჭის ტრავმა მიიღო და დამარცხდა თანამემამულე სლოუნ სტივენსთან.

სერენასა და რაფას სტატისტიკების შედარებისას ყველაზე საინტერესო და გასაოცარია შემდეგი - ამერიკელმა გასულ სეზონში საუკეთესო შედეგი აჩვენა გრუნტზე. ნადალისგან განსხვავებით, უილიამსმა გრუნტის ყველა ტურნირი წაუგებლად გაიარა.

მსოფლიოს რეიტინგის ყოველ ლიდერს აქვს "მკვლელის ინსტინქტი", რომელიც კორტზე მეტოქეების განადგურებაში ეხმარება. ორივე ჩოგბურთს ოჯახის წევრებმა აზიარეს. სერენას შემთხვევაში ესენი იყვნენ მშობლები, რაფასთვის - ბიძა.

ორივენი - ნადალიც და უილიამსიც, თავის დროზე, დაზარალდნენ სერიოზული ტრავმებისგან, რასაც შეიძლება ცუდად ემოქმედა მათ კარიერაზე. ამერიკელმა მთელი წელი გამოტოვა ტერფის ტრავმისა და ფილტვის ემბოლიის გამო. თავის მხრივ, მუხლების ქრონიკული ტრავმების მიზეზით, ესპანელი იძულებული იყო, შვიდი თვე გამოეტოვებინა. და, რა თქმა უნდა, ორივენი დაბრუნდნენ კორტზე, თანაც უფრო ძლიერები.

ახლა კი სერენა და რაფა ახალ მწვერვალებს უმიზნებენ, რაც ადრე ხელმიუწვდომელი იყო. ნადალს "დიდი სლემის" ოთხი ტიტული არ ჰყოფნის როჯერ ფედერერის რეკორდამდე (17 ტიტული). რაც შეეხება სერენა უილიამსს, მას "მეიჯორის" ერთი ტიტული სჭირდება იმისთვის, რომ დაეწიოს კრის ევერტსა და მარტინა ნავრატილოვას, ხოლო "დიდი სლემის" ხუთი ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, გაუთანაბრდება აბსოლუტურ რეკორდსმენ შტეფი გრაფს (22 ტიტული).

თუმცა არის განსხვავებები. მაგალითად, უილიამსსა და WTA-ს ტურში მის მეტოქეებს შორის თამაშში სხვაობა ძალიან დიდია. ნადალის, ჯოკოვიჩის, ენდი მარეისა და თუნდაც ხუან მარტინ დელ პოტროს სათამაშო კლასი კი თითქმის თანაბარია.

ასეა თუ ისე, უილიამსი და ნადალი 2014 წლის სეზონს ფავორიტების რანგში დაიწყებენ და შეეცდებიან, შეინარჩუნონ მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტული.

გასკეს ბრუგერა გაწვრთნის
როლან გაროსის ორგზის ჩემპიონი და 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორი, ესპანელი სერხიო ბრუგერა მომავალ სეზონში ფრანგი ჩოგბურთელის, რიშარ გასკეს მწვრთნელი იქნება.

ბრუგერა მსოფლიოს მეცხრე ჩოგანის დამრიგებლის როლს ყოფილ ფრანგ ჩოგბურთელთან, სებასტიან გროსჟანთან ერთად შეასრულებს. ეს თანამშრომლობა მომავალი წლის თებერვალში დაიწყება.

გასკეს წინა მწვრთნელი რიკარდო პიატი გაურკვეველი მიზეზით დაითხოვეს პოსტიდან წლის შემაჯამებელი ტურნირის მსვლელობის დროს. არადა, 2013 წლის სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო რიშარის კარიერაში. წელს ფრანგმა სამი ტიტული მოიპოვა და ამერიკის ღია პირველობაზე ნახევარფინალამდე მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი მაგრად ერთობიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული