ბორის ბეკერი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელია

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა "დიდი სლემის" ტურნირების ხუთგზის ჩემპიონთან, ლეგენდარულ გერმანელ ბორის ბეკერთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

გერმანელი სპეციალისტი სერბის გუნდს სულ მალე შეუერთდება და მთავარი მწვრთნელის როლს შეასრულებს. ამის შესახებ იტყობინება ჯოკოვიჩის ოფიციალური ვებგვერდი.

"უსაზღვროდ მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, ვიმუშაო ბორისთან ერთად. ის ჩოგბურთის ნამდვილი ლეგენდაა, ზურგს უმაგრებს უდიდესი გამოცდილება, რომელიც ახალი ტიტულების მოგებაში დამეხმარება. ბეკერი ახალ აზროვნებას შემოიტანს ჩემს გუნდში და ვაიდასთან ერთად, შეიქმნება მომგებიანი დუეტი. 2014 წელს ჩემი მიზანია - საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება და
ფორმის პიკზე ყოფნა "დიდი სლემისა" და "მასტერსის" ტურნირებზე"
, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

46 წლის ბეკერი ასევე არ მალავს აღფრთოვანებას თავისი ახალი როლის გამო. "ძალიან ამაყი ვარ, რომ ნოვაკმა მთავარი მწვრთნელობა შემომთავაზა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დასახულ მიზნებს მიაღწიოს. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ რამეს შევძლებთ", - აღნიშნა ბორისმა.

ამასთან, მარიან ვაიდა გააგრძელებს მუშაობას ჯოკოვიჩის გუნდში. "რამდენიმე დღეში დავიწყებთ თანამშრომლობის მერვე წელს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ თითქმის ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ. კარგად მესმოდა, რომ მას ახალი მწვრთნელი სჭირდებოდა თამაშის დასახვეწად. ამავდროულად, მე საშუალება მექნება, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. თუმცა ბეკერის დანიშვნა არ შეარყევს ჩემს პოზიციებს გუნდში", - ამბობს ვაიდა.

ნოვაკი და სერენა - საუკეთესოები
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ზედიზედ მეორედ დაასახელა წლის საუკეთესო ჩოგბურთელებად ამერიკელი სერენა უილიამსი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

2013 წელს უილიამსმა დაიბრუნა ლიდერობა WTA-ს რეიტინგში და პირველად 2009 წლის შემდეგ, სეზონი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა. წელს 32 წლის ამერიკელმა 82 მატჩი ჩაატარა ერთეულთა თანრიგში და 78-ში გამარჯვებას მიაღწია. მან პირადი რეკორდი დაამყარა ტიტულების რაოდენობით - 11. უმცროსი უილიამსის ანგარიშზეა გამარჯვებები როლან გაროსზე, ამერიკის ღია პირველობასა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

ჯოკოვიჩმა 2013 წელს ზედიზედ მესამედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, მიაღწია უიმბლდონისა და აშშ-ის ღიას ფინალებამდე. სეზონის განმავლობაში, სერბმა შვიდი ტიტული მოიპოვა, მათ შორის, წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის მთავარი პრიზი. გარდა ამისა, 26 წლის ნოვაკმა დევისის თასზე შვიდიდან შვიდი ერთეულთა მატჩი მოიგო.

ფედერაციამ მამაკაცებს შორის საუკეთესო წყვილად აღიარა ამერიკელი ძმების - ბობ და მაიკ ბრაიანების დუეტი, ქალებში კი ანალოგიური პრიზი მოიპოვეს იტალიელებმა - სარა ერანიმ და რობერტა ვინჩიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი: მთავარი მიზანი ნადალის როლან გაროსზე დამარცხებაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული