ბორის ბეკერი: "ჩელსიც" მიყვარს და "არსენალიც"

AutoSharing Option
ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის გუნდს. შესაბამისად, საქმე მოემატა, მაგრამ მაინც მოიცალა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის...

კასპაროვი, ფუნტები, ოლიმპიადა
- ბოლოს როდის მიიღეთ სიამოვნება ჩოგბურთისგან?
- სულ ცოტა ხნის წინ. ჩემი ასაკის მიუხედავად, კვლავაც თამაშში ვრჩები. დრო და დრო კომენტარს ვუკეთებდი საჩოგბურთო მატჩებს ბრიტანული ტელევიზიით. და როცა უყურებ ფინალებს ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის მონაწილეობით, აუცილებლად სიამოვნებას იღებ. საერთოდ, კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითარდება ჩემი ცხოვრება და კარიერა მას შემდეგ, რაც ჩოგბურთს
თავი დავანებე. ყოველთვის მაქვს საქმე, ჩემს გარშემო ყოველთვის რაღაც ხდება.

- ბევრი საქველმოქმედო შეხვედრა გაქვთ ჩატარებული. მათგან რომელი დაგამახსოვრდათ?
- ალბათ ის, რომელშიც ჩვენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ კემერონთან ვითამაშეთ. ასევე მითამაშია ვაშინგტონში, თეთრ სახლში – ესეც უჩვეულო ისტორიაა. საერთოდ, ბევრი ქვეყნის მეთაური ატარებს საქველმოქმედო მატჩებს და ისე გამოვიდა, რომ ყოველთვის მიწვევენ.

- დღეს თქვენი ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა - პოკერი. ბოლოს როდის ითამაშეთ და რამდენი მოიგეთ?
- საერთოდ, საკმაოდ ბევრს ვთამაშობ, ძირითადად, გასართობად, ხანდახან ტურნირებში ვმონაწილეობ. გაზაფხულზე, მაგალითად, ბერლინში ვითამაშე და მეოთხე დღემდე მივაღწიე - კარგი შედეგია. საერთოდ, ბევრ სპორტსმენს უყვარს პოკერი.

- თქვენ ჭადრაკიც გიყვართ...
- დიახ. ერთხელ კასპაროვს შევხვდი. ეს დიდი ხნის წინ იყო, როცა ის ჭადრაკზე ვებგვერდს უშვებდა. მე მიუნხენში ვიყავი სტუდიაში, ის - ნიუ იორკში. და ჩვენს პარტიას პირდაპირ ეთერში უჩვენებდა CNN. ერთი საათი ვთამაშობდით, პარალელურად ვპასუხობდით ლარი კინგის კითხვებს. ბოლოს კასპაროვმა შამათი დამისვა. ვფიქრობ, კარგა ხანი გავუძელი.

- რატომ მიგაჩნიათ ლონდონი ცხოვრებისთვის საუკეთესო ადგილად?
- სანამ ლონდონში გადავიდოდი, ციურიხში ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემი ოჯახი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს იმ ქვეყანაში, სადაც ინგლისურად ლაპარაკობენ. მათ მკითხეს - რას ვფიქრობდი ლონდოთან დაკავშირებით. რატომაც არა! ასე რომ, ეს ოჯახური გადაწყვეტილება იყო და ამის გამო არც ერთხელ არ მინანია. ლონდონში სპორტი დიდი დოზითაა: გაიმართა ოლიმპიური თამაშები, საფეხბურთო ჩემპიონატი - უძლიერესია მსოფლიოში, ძალიან პოპულარულია ჩოგბურთი. მე ეს მომწონს.

- არანაირი პრობლემა არ არის?
- ფუნტები. ევროპა ევროთი ცხოვრობს, იქ კი ფუნტებია. რთულია გადაწყობა და შეგუება, განსაკუთრების მაშინ, როცა ამდენს მოგზაურობ.

- ამბობენ, რომ 90-იან წლებში, იდეური მოსაზრებებით მხარი არ დაუჭირეთ ოლიმპიადის ჩატარებაზე ბერლინის კანდიდატურას.
- ეს არასწორია. საერთოდ, ვცდილობ თავი შორს დავიჭირო ყველაფრისგან, რაც პოლიტიკას უკავშირდება. ყველა კონფლიქტი ჩემი მონაწილეობით, რომელიც ახლა მახსენდება, ჩოგბურთს უკავშირდებოდა. ისინი კორტზე წარმოიშვებოდნენ და იქვე რჩებოდნენ. სერიოზული არაფერი.

ყვირილი, დოპინგი, მილიონები
- რა გაღიზიანებთ თანამედროვე ჩოგბურთში ყველაზე მეტად?
- მინდა უფრო მეტი ისეთი ჩოგბურთელის ხილვა, რომელიც ხშირად გადის მოწოდებისთანავე ბადესთან. უფრო მეტი ბრძოლის ნახვა მსურს. მამაკაცთა ჩოგბურთში, დიდ ტურნირებში ტიტულზე მხოლოდ ორი-სამი ჩოგბურთელი აცხადებს პრეტენზიას. ქალებში კი დომინირებს სერენა უილიამსი. საჭიროა, რომ სხვებიც მივიდნენ ამ დონემდე. ჩოგბურთი საინტერესო უნდა იყოს არა მხოლოდ როგორც თამაში, არამედ, როგორც შეჯიბრი.

- თქვენ ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ხართ კორტზე ყვირილის. რამდენად გაღიზიანებთ ეს?
- ზოგიერთები ისე ყვირიან, თითქოს საკუთარ საძინებელში იყვნენ. ეს არ არის ქალური, გოგონები ასე არ უნდა იქცეოდნენ. რისი თქმა სურთ ამით პუბლიკისთვის?!

- იქნებ, ეს მათი სტილის ნაწილია?
- რომელი სტილის? ეს მავნე ჩვევაა, რომელიც ბავშვობიდან არის შეძენილი. გოგონებმა ეს უნდა მოიშორონ.

- ყველაზე ხმაურიანი ჩოგბურთელი, ვისაც კორტზე შეხვედრიხართ?
- ბრედ გილბერტი. ის, რა თქმა უნდა, არ ყვიროდა, მაგრამ მისი პირი არასოდეს იხურებოდა. მას უბრალოდ არ შეეძლო გაჩერება. და მუდმივად ლაპარაკობდა - ჩემთან, მსაჯებთან, მაყურებელთან.

- არ მიანიშნეთ, რომ ეს არ მოგწონდათ?
- ვუთხარი მას, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ უფრო მეტად ალაპარაკდა.

- როგორ უყურებთ პეტკოვიჩის სტილში ცეკვებსა და ჯოკოვიჩის პაროდიებს?
- ეს შესანიშნავია, რადგან მაყურებელს შეუძლია სხვა მხარით დაინახოს მოთამაშე. უყურებ და გესმის, რომ ჩოგბურთს საინტერესო ადამიანები თამაშობენ. მე ეს მომწონს, ჩოგბურთელებმა ასეთ რამეებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

- მაგრამ, ბოლო დროს, ისინი იძულებულნი არიან უფრო მეტი იფიქრონ დოპინგთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
- ჩვენ შოუზე ვლაპარაკობდით, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩოგბურთი მაინც იგივე წესებით ცხოვრობს, როგორითაც დიდი სპორტი. და თუ ამ წესებს არღვევ, გაჯარიმებენ - მკაცრად ან არც ისე, გააჩნია გარემოებებს. თუ მარინ ჩილიჩთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ვილაპარაკებთ, ეს უბრალოდ შეცდომა იყო და არა შეგნებული საქციელი. როგორც ვხედავთ, ის უკვე დაბრუნდა კორტზე. თუ მთლიანობაში ვილაპარაკებთ, არ მგონია, რომ ჩოგბურთში დოპინგის პრობლემა არსებობდეს. წამყვანი მოთამაშეები სუფთები არიან, რაზეც ლაპარაკობს უამრავი ტესტი, რომელსაც ისინი, პრაქტიკულად ყოველ კვირას აბარებენ. დიახ, ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელიც შორს არის მწვერვალისგან, მაგრამ დოპინგი - ის არ არის, რაც მას თამაშის მომატებას მოუტანს. ვფიქრობ, ისინი ამას თავად ხვდებიან.

- თანამედროვე ჩოგბურთში საპრიზო თანხები გაცილებით მაღალია, ვიდრე თქვენს დროს იყო. ამის გამო ხომ არ ნანობთ?
- დიახ, არასწორ დროს ვთამაშობდი! თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, 20 წლის წინაც საპრიზო თანხები სოლიდური იყო. უბრალოდ, ფულს სხვა ფასი ჰქონდა. მილიონი დოლარი მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. მილიონი დღესაც არ არის ცუდი, მაგრამ თავად გესმით, რომ იმდენად ბევრი არაა, როგორც ადრე.

- როცა ლაპარაკია ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეზე, ხშირად ასახელებენ ფედერერს, ნადალს ან ჯოკოვიჩს, ამასთან, იშვიათად იხსენებენ მათ, ვინც 20 წლის წინ თამაშობდა.
- ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავაწყობთ. შეუძლებელია ილაპარაკო თაობაზე, რომელსაც არ მოსწრებიხარ, ამიტომაც საუკეთესოებად ასახელებენ მათ, ვინც დღეს არის უძლიერესი. ყოველ თაობას ჰქონდა საკუთარი სათამაშო ღირსებები. დღეს, ჩოგბურთი უფრო ტექნოლოგიური გახდა, ჩოგანი უფრო სწრაფად თამაშისა და ბურთის კონტროლის საშუალებას გაძლევს. ჩემს დროს, მარტივი ჩოგნებით ვთამაშობდით. არავინ იცის, შეძლებდნენ თუ არა დღევანდელი ჩოგბურთელები 80-იანი წლების საუკეთესო მოთამაშეების დამარცხებას.

ჩელსი, ბიზნესი, ევოლუცია
- თქვენ "ჩელსის" გულშემატკივარი ხართ? ბოლოს როდის იყავით სტადიონზე?
- დიახ, "ჩელსის" ვგულშემატკივრობ და ამასწინ, მის საშინაო მატჩს დავესწარი. კიდევ "არსენალი" მიყვარს.

- ეს როგორ?
- ვიცი, რთულია ამის წარმოდგენა, მაგრამ მე ძალიან მომწონს მოურინიო და ამასთან, უდიდეს პატივს ვცემ არსენ ვენგერს. ამასთან, ახლა "არსენალში" თამაშობენ იოზილი, პოდოლსკი და მერტეზაკერი. როგორ შეიძლება ეს გუნდი არ მიყვარდეს?

- რომან აბრამოვიჩის გადაწყვეტილება, რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მეტად გაგაკვირვათ?
- ყველაფერი წესრიგშია. "ჩელსის" სტაბილურობა სჭირდება, მოთამაშეები უნდა დაწყნარდნენ, საკუთარი თავი ირწმუნონ და აჩვენონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ. ვფიქრობ, მოურინიოს გამოცდილება - ზუსტად ის არის, რაც ამ შემთხვევაშია საჭირო. იმედია, ის კლუბში დიდი ხანი დარჩება.

- არ გაგჩენიათ სურვილი გამხდარიყავით რომელიმე საფეხბურთო პროექტის ნაწილი?
- ვფიქრობ, ეს ყველას ოცნებაა, ვისაც ფეხბურთი უყვარს. არ არსებობს გულშემატკივარი, რომელსაც არ სურდეს საფეხბურთო კლუბის მფლობელობა. მე გამონაკლისი არ ვარ, მაგრამ ეს ძვირი სიამოვნებაა. თუმცა ყოველთვის არსებობს ვარიანტები. მაგალითად, შეიძლება გახდე თანამფლობელი, შეიძინო აქციები. და მაინც, ფეხბურთში ძალიან რთულია ფულის კეთება.

- და იოლი სად არის?
- ჩემი ერთ-ერთი მოქმედი იდეა ნავთობისა და გაზის ბიზნესს უკავშირდება. როგორ მომივიდა ეს თავში? მე უკვე ასაკოვანი ვარ, მსოფლიო მომვლილი მაქვს და კარგად მესმის - რა არის დღეს ბიზნესში მომგებიანი. საერთოდ, მიყვარს ყველაფერში გარკვევა. მივიღეთ ბუნებრივი ევოლუცია ყოფილი სპორტსმენიდან ბიზნესმენამდე.

- ბიზნესი, რომელსაც არასოდეს მიჰყოფთ ხელს? თამბაქო, ალკოჰოლი თუ რაიმე კიდევ?
- მე ხომ ვეწევი სიგარას და დრო და დრო, ალკოჰოლსაც ვეტანები, ამიტომაც ასეთ ბიზნესს მშვიდად ვუყურებ. რაც შეეხება იარაღს, ამ საქმეს ნადვილად არ მოვკიდებდი ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბორის ბეკერი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული