ავსტრალიის ღია პირველობა: ნახვამდის, ნოლე!

AutoSharing Option
ავსტრალიის ღიას 21 იანვრის მიმოხილვაში აღვნიშნეთ, რომ სენსაციების დეფიციტი იყო მამაკაცთა ბადეში: მეოთხედფინალში გავიდა ATP-ის რეიტინგის TOP8-ის შვიდი წევრი. და 21 იანვარს, სწორედ მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრძოლას გამოეთიშა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ავსტრალიის ღიაზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას ლამობდა. სერბის გუშინდელი მეტოქე იყო შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა. ამ ჩოგბურთელებმა შარშან დაუვიწყარი სპექტაკლი შესთავაზეს მელბურნის პუბლიკას. თითქმის ექვსსაათიანი მარათონი ხუთი სეტი გაგრძელდა და ბოლო პარტია ნოვაკმა 12:10-ით დაიწყო. წელს სიტუაცია განმეორდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გამარჯვებული ვავრინკა გამოვიდა.

თავდაპირველად ჩოგბურთის ხარისხი
შორს იყო იმისგან, რასაც მაყურებელი ითხოვდა. ჯოკოვიჩი ვერ აჩვენებდა თავის მაქსიმუმს, მაგრამ ვავრინკა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, გეიმს გეიმზე აგებდა და პირველი სეტი უბრძოლველად დათმო.

მეორე პარტიაც თავიდან არ მიმდინარეობდა შვეიცარიელის სასარგებლოდ, მაგრამ რთული სიტუაციიდან გადაარჩინა საკუთარი მოწოდება, გამოფხიზლდა და გაცილებით სახიფათოდ ათამაშდა. სულ მალე მან სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ჯოკოვიჩმა გადაარჩინა გეიმი. 3:3-ზე კი ვავრინკამ მაინც მიაღწია საწადელს - ბრეიკ-პოინტი ხაზის გასწვრივ საფირმო დარტყმით გამოიყენა. ნოვაკმა პასუხის გაცემა ვერ შეძლო და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

მესამე სეტში სტანისლასი აგრძელებდა მაღალ დონეზე თამაშს, იმ დროს, როცა ნოვაკის მოქმედებებში რაღაც მოიშალა. სერბი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, თანაც მარტივ სიტუაციებში, რის გამოც პარტიაში მხოლოდ ორი გეიმი აიღო.

ვავრინკამ თამაშის რიტმი დაიჭირა და მის შესაჩერებლად ნოვაკს აუცილებლად სჭირდებოდა ახალ დონეზე გასვლა. ჯოკოვიჩმა თანდათან, მაგრამ მაინც მოახერხა ამის გაკეთება. სერბმა უფრო ზუსტი თამაშის ჩვენება დაიწყო და აშკარად დაეუფლა ინიციატივას. ვავრინკა გარკვეული ხანი უძლებდა, ორი ურთულესი გეიმი აიღო, მაგრამ ბოლოს, 40:0-დან წააგო საკუთარი გეიმი. ამის შემდეგ ნოვაკმა ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, ემოციურად რეაგირებდა თითოეულ მინი-წარმატებაზე და საბოლოოდ, პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

გადამწყვეტი პარტია ჯოკოვიჩმა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ იქვე მისცა მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება. სულ მალე ნოვაკმა ისევ მიიღო ბრეიკ-პოინტი, რომელიც სტანისლასმა 31-დარტყმიან გათამაშებაში მოიგერია. საერთოდ, მეხუთე სეტის შუაში ბევრი ლამაზი გათამაშება იყო და იმ მომენტისთვის ჩოგბურთელები საკუთარი თამაშის მაქსიმუმზე გავიდნენ. 4:3-ზე ვავრინკამ ეისით მოიგერია ბრეიკ-პოინტი და აქედან მოყოლებული, მოთამაშეები დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს.

ისინი არც მაშინ ამოვარდნენ რიტმიდან, როცა მცირე წვიმა წამოვიდა, თუმცა პაუზა მხოლოდ ხუთი წუთი გაგრძელდა და ცენტრალური კორტის გადახურვა საჭირო არ გახდა. ნოვაკს ჰქონდა მიღებაზე მცირე შანსი, მაგრამ შვეიცარიელმა 30:30-ზე არ მისცა ბრეიკ-პოინტამდე მისვლის შესაძლებლობა და აიღო მე-13 გეიმი. 7:8-ზე ჯოკოვიჩის თამაში მოულოდნელად მოიშალა, რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რამაც ვავრინკას მატჩბოლი მოუტანა. გადამწყვეტ მომენტში სერბი ბადესთან გავიდა და... ააცილა დრაივ-ვოლეი. ასე დასრულდა ნოვაკის 25-მატჩიანი მოგებათა სერია მელბურნში, რომელიც სამ ტიტულს იტევდა.

სერბმა ხელიდან გაუშვა "დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ მეთხუთმეტედ ნახევარფინალში გასვლის შანსი, ვავრინკამ კი ზედიზედ მეთხუთმეტედ არ წააგო ჯოკოვიჩის წინააღმდეგ.

ნახევარფინალში შვეიცარიელის მეტოქე ტომაშ ბერდიხი იქნება. ჩეხს "დიდი სლემის" ყველა ტურნირის ნახევარფინალში ჰქონდა ნათამაშები, ავსტრალიის ღია პირველობის გარდა და 21 იანვარს ბერდიხმა ამოხსნა ამ ტურნირის საიდუმლო. მან მე-11 ცდიდან შეძლო ავსტრალიაში ტოპ-ოთხეულის წევრის დამარცხება. დავიდ ფერერთან მეოთხედფინალი სამი საათი და ოთხი წუთი გაგრძელდა და ამ მატჩში ბერდიხმა ტურნირზე პირველად დათმო სეტი; სამაგიეროდ, სამი პარტია მოიგო და ნახევარფინალში ვავრინკას შეხვდება.

* * *
21 იანვარს ერთი ნახევარფინალური წყვილი შედგა ქალთა ბადეში. 67 წუთი დასჭირდა 31 წლის ჩინელ ნა ლის, რათა კარიერაში მეოთხედ გასულიყო ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში. აზიელმა 6:2, 6:2 მოუგო იტალიელ ფლავია პენეტას, რომელიც მხოლოდ ერთი დღით უფროსია იაპონელზე. წელს ლის მოგებათა სერია 10 მატჩამდე (სეზონის დასაწყისში ნა ლიმ მოიგო შენჟენის ტურნირი) ავიდა.

19 წლის ეჟენი ბუშარი უკვე შეიძლება მოვნათლოთ წლევანდელი ტურნირის აღმოჩენად. 2 საათსა და 24 წუთში ანა ივანოვიჩის დამარცხებით, კანადელი გახდა თავისი ქვეყნის პირველი ქალი ჩოგბურთელი, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მიიღო.

მელბურნში წარმატება ბუშარს WTA-ს ახალი რეიტინგის ტოპ-ოცეულში მოუტანს ადგილს, 26 წლის ივანოვიჩმა კი, რომელმაც წინა წრეში სერენა უილიამსი დაამარცხა, ტოპ-ათეულში მოხვედრის შანსი გაუშვა ხელიდან.

1/4-ფინალი
კაცები
ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-დავიდ ფერერი (ესპ, 3) 6:1, 6:4, 2:6, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 2:6, 6:4, 6:2, 3:6, 9:7.

ქალები
ეჟენი ბუშარი (კან, 30)-ანა ივანოვიჩი (სერ, 14) 5:7, 7:5, 6:2; ნა ლი (ჩინ, 4)-ფლავია პენეტა (იტა, 28) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული