ავსტრალიის ღია პირველობა: ნადალი VS ფედერერი

AutoSharing Option
ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ერთადერთი იყო მამაკაცთა მეოთხედფინალურ ეტაპზე, ვინც ATP-ის რეიტინგის TOP8-ს არ წარმოადგენდა. მისგან დიდი ხანია ელოდნენ ასეთ გარღვევას და მარია შარაპოვას ბოიფრენდმა სწორედ ამ ავსტრალიის ღიაზე შეძლო თავისი პოტენციალის გამოვლენა. რაც შეეხება მის გუშინდელ მეტოქეს, რაფაელ ნადალს, ფორმალურად, მისთვის ეს ტურნირი უპრობლემოდ მიმდინარეობს: მეოთხედფინალამდე ესპანელს არც ერთი სეტი არ წაუგია, თუმცა მერვედფინალური მატჩი კეი ნიშიკორისთან ძალიან რთული გამოვიდა. გარდა ამისა, მსოფლიოს პირველ ჩოგანს სერიოზულ პრობლემებს უქმნის კოჟრები მარცხენა ხელისგულზე.

რაფაელი არც ისე წარმატებით შევიდა თამაშში და მაშინვე დათმო
საკუთარი მოწოდება. მართალია, პირველი სეტის მეორე ნაწილში საჭირო რიტმი იპოვა, მაგრამ დიმიტროვის მოწოდებებს ვერაფერი მოუხერხა. ესპანელს პარტიაში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.

მეორე სეტში ესპანელმა პირველმა აიღო მეტოქის გეიმი, მაგრამ შემდეგ გეიმში წააგო საკუთარი მოწოდება, როცა სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა. და მაინც, გარკვეული უპირატესობა ესპანელს ჰქონდა, თან ბულგარელს სულ უფრო უჭირდა საკუთარი გეიმების მოგება. ამ სათამაშო უპირატესობამ გავლენა იქონია ტაი-ბრეიკზე, სადაც ესპანელმა იოლად მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე პარტიაში რაფა ინარჩუნებდა სათამაშო უპირატესობას და ისევ ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ შემდეგ ბულგარელს თამაშში დაბრუნებაში დაეხმარა, როცა ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. ახლა უკვე დიმიტროვი გამოიყურებოდა უფრო დამაჯერებლად და მას მე-12 გეიმში მიღებაზე ერთი სეტბოლიც ჰქონდა. შემდეგ იყო ორი შანსი ტაი-ბრეიკზე, მაგრამ ბულგარელმა გადამწყვეტ მომენტებში შეცდომები დაუშვა, ნადალმა კი პირველივე სეტბოლი გამოიყენა და 73-წუთიანი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეოთხე სეტში დიმიტროვმა თითქმის შეწყვიტა წინააღმდეგობა და რაფას არ გასჭირვებია რთული მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა - 3:6, 7:6(3), 7:6(7), 6:2.

* * *
22 იანვრის სათამაშო დღე როჯერ ფედერერისა და ენდი მარეის რიგით 21-ე დაპირისპირებით სრულდებოდა. ბრიტანელი წინ იყო ურთიერთშეხვედრებში - 11:9, საერთოდ კი, ბუკმეკერებს გაუჭირდათ ამ მატჩში ფავორიტის გარკვევა და შანსები თანაბრად ფასდებოდა.

შვეიცარიელი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა მატჩის პირველ წუთებში. მან სწრაფად აიღო მეტოქის მოწოდება, ხოლო პირველ სეტში მარეის ყველაზე დიდი მიღწევა მიღებაზე - ანგარიში 30:30 იყო. მეორე სეტში უფრო რთული ბრძოლა წავიდა. უფრო მეტი ხანგრძლივი გათამაშებები იმართებოდა, რომლებშიც უკეთ მარეი გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, ფედერერი ბრეიკ-პოინტებამდე არ უშვებდა ბრიტანელს და ყველა სირთულეს უმკლავდებოდა. შვეიცარიელმა სეტის შუაში ერთადერთი ბრეიკი გამოიყენა და სეტებში 2:0 წაიყვანა ანგარიში.

მესამე სეტში როჯერი აგრძელებდა მეტოქეზე ზეწოლას. ენდის ძალიან უჭირდა საკუთარი მოწოდების შენარჩუნება, იგერიებდა ბრეიკ-პოინტებს, ფედერერი კი ნებისმიერ საფრთხეს იოლად უმკლავდებოდა. ბოლოსკენ ენდიმ ამ პრესინგს ვერ გაუძლო და საკუთარი მოწოდება დათმო, მაგრამ მატჩზე ჩაწოდებისას, გამოცდილი ფედერერი ანერვიულდა და ჩააგდო გეიმი. ტაი-ბრეიკზე მან ისევ მოიპოვა ინიციატივა და ორმაგი მატჩბოლი მიიღო... და ისევ უკლო თამაშს და მატჩი მეოთხე სეტში გადავიდა.

მესამე სეტში მომხდარ გაუგებრობას ფსიქოლოგიურად არ უმოქმედია როჯერზე. ის კვლავაც კარგად აკონტროლებდა თამაშს საკუთარ მოწოდებაზე, მარეის კი ისევ ექმნებოდა პრობლემები. მატჩის მშვენება აღმოჩნდა მეორე გეიმი, რომელიც 20 (!) წუთი გაგრძელდა და ენდიმ რამდენიმე საფრთხე მოიგერია. მერვე გეიმში როჯერმა მაინც შეძლო მეცხრე ბრეიკ-პოინტის გამოყენება, შემდეგ 0:30-დან გადაარჩინა საკუთარი გეიმი და გამარჯვება გაიფორმა. ნახევარფინალში მას ძველ ნაცნობთან, რაფაელ ნადალთან მოუწევს შეხვედრა. ასე რომ, ჩვენ ისევ გავხდებით საჩოგბურთო "სუპერკლასიკოს" მოწმენი.

1/4-ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 22) 3:6, 7:6(3), 7:6(7), 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 6)-ენდი მარეი (ბრიტ, 4) 6:3, 6:4, 6:7(6), 6:3.

1/2-ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 6); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული