ავსტრალიის ღია პირველობა: ციბულკოვა აღარ ხუმრობს!

AutoSharing Option
ხუთშაბათს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალების დრო მოვიდა. შთამბეჭდავი მეოთხედფინალური ბატალიების შემდეგ მაყურებელი სპექტაკლის გაგრძელებას ელოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, რადგან ქალთა ორივე ნახევარფინალში ბრძოლა, პრაქტიკულად, არ ყოფილა. ქალების ბადეში ორივე ფინალისტის გამოვლენას სულ რაღაც ორსაათნახევარი დასჭირდა.

პირველები ცენტრალურ კორტზე ნა ლი და ეჟენი ბუშარი გავიდნენ. უილიამსის, აზარენკასა და შარაპოვას გამოვარდნის შემდეგ ჩინელი მთავარ ფავორიტად მოინათლა და მის მიმართ გადამეტებული ინტერესი იგრძნობოდა. ლის აქამდე ორჯერ ეთამაშა მელბურნის ფინალში, მაგრამ წააგო კიმ კლაისტერსთან და ვიქტორია აზარენკასთან.

ეჟენი ნებისმიერ შემთხვევაში შევიდა კანადური ჩოგბურთის ისტორიაში.
მან 30-წლიანი პაუზის შემდეგ წარმოადგინა თავისი ქვეყანა "დიდი სლემის "ტურნირის ნახევარფინალში. ბოლოს კანადელი ჩოგბურთელი ამ ეტაპზე 1984 წელს ვიხილეთ, როცა აშშ-ის ღიაზე კარლინგ ბასეტმა ამერიკელ კრის ევერტთან წააგო.

ნახევარფინალი ეჟენისთვის საშინლად დაიწყო. თამაშის სტარტიდან 20 წუთიც არ იყო გასული და უკვე ანგარიში 5:0 იყო ჩინელის სასარგებლოდ. ნა ლი ძალიან კარგად კითხულობდა მეტოქის თამაშს და მიღებაზე სამი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო. თუმცა აზიელმა პირველ ცდაზე სეტზე ვერ ჩააწოდა. ბუშარმა ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი შეწყვიტა თავის მოწოდებაზე წარუმატებელი სერია. მართალია, პირველი პარტია კანადელმა ვერ მოიგო, მაგრამ მეორეში ბრძოლის იმედი დაიტოვა.

მართლაც, ეჟენიმ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო თავისი გეიმი და იქვე მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება, მაგრამ კანადელისთვის სამწუხაროდ, მან წარმატების განვრცობა ვერ შეძლო. როგორც ხშირად ხდება, გადამწვეტი აღმოჩნდა მეშვიდე გეიმი. ნა ლიმ მეექვსე ბრეიკი აიღო მატჩში და დიდი უპირატესობა მოიპოვა. საჭირო იყო ორჯერ საკუთარი გეიმის შენარჩუნება და ჩინელმა ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა.

მართალია, 4:5-ზე ბუშარს გარკვეული შანსები ჰქონდა მიღებაზე, მაგრამ ჩინელმა პირველივე მატჩბოლი გამოიყენა - 6:2, 6:4. ლი ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გავიდა ავსტრალიის ღიას ფინალში.

თავის მხრივ, ბუშარი შესანიშნავი განწყობით ტოვებს მელბურნს - 19 წლის ჩოგბურთელმა სადებიუტო ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალამდე მიაღწია (შარშან კანადელმა კვალიფიკაცია წააგო რუს დარია გავრილოვასთან). ეჟენიმ ავსტრალიაში გამოსვლისთვის 540 ათასი დოლარი გამოიმუშავა - უფრო მეტი, ვიდრე მთლიანად კარიერაში.

* * *
ჩინელისა და კანადელის შემდეგ კორტზე გამოჩნდნენ აგნიეშკა რადვანსკა და დომინიკა ციბულკოვა. პოლონელს ფავორიტად ასახელებდნენ წინა დღეს ვიქტორია აზარენკას დამარცხების გამო, მაგრამ არ უნდა დაგვევიწყებინა, რომ ციბულკოვამ ტურნირზე ერთადერთი სეტი მარია შარაპოვასთან წააგო, სხვა მეტოქეები კი არ შეიმჩნია. სლოვაკს "მშრალად" მოგებული სამი სეტი დაუგროვდა ტურნირზე. ციბულკოვა მეორედ თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალში - 2009 წელს მან როლან გაროსზე წააგო რუს დინარა საფინასთან.

როგორც ჩანს, რადვანსკას დიდი ძალა წაართვა აზარენკასთან მეოთხედფინალმა. პოლონელმა სტარტზევე წააგო თავისი მოწოდება, შემდეგ კი რამდენიმე ხანგრძლივი გეიმი დათმო. სლოვაკი ბრწყინვალედ მოქმედებდა მიღებაზე და თუ რადვანსკა პირველ ბურთს ვერ აწოდებდა, მეორე მოწოდებაზე ქულა ავტომატურად დომინიკასკენ მიდიოდა. საკმარისია სტატისტიკას შევხედოთ: 13 მეორე მოწოდებიდან აგნიეშკამ მხოლოდ ორი ქულა მოიგო. სასტარტო სეტი 6:1 დასრულდა.

სიტუაცია არც მეორე პარტიაში შეცვლილა. ციბულკოვას პირველი და მეორე სეტების მიჯნაზე ზედიზედ რვა მოგებული გეიმი დაუგროვდა. რადვანსკა 0:4-ზე გამოფხიზლდა, როცა ერთადერთი ბრეიკი გააკეთა მატჩში. ნებისმიერ შემთხვევაში, პოლონელი შორს იყო ოპტიმალური კონდიციებისგან და ასეთი სტაბილური მეტოქის წინააღმდეგ შანსი არ ჰქონია. სლოვაკმა მატჩი 6:1, 6:2 მოიგო და პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში.

1/2-ფინალი
ნა ლი (ჩინ, 4)-ეჟენი ბუშარი (კან, 30) 6:2, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 20)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5) 6:1, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული