ესპანურ-შვეიცარიული ფინალის ახალი ვარიაცია
ფრაზა - "ესპანურ-შვეიცარიული ფინალი" ყოველთვის ასოცირდებოდა რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის დაპირისპირებასთან. ეს არც არის გასაკვირი, რადგან აქამდე, "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში შვეიცარიიდან როჯერ ფედერერის გარდა არავის უთამაშია. ახლა კი მისი ჩრდილიდან ამ ქვეყნის მეორე წარმომადგენელი
ავსტრალიაში გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი ვავრინკამ მეოთხედფინალში გააკეთა, როცა ნოვაკ ჯოკოვიჩთან ზედიზედ 14 მარცხის შემდეგ შეძლო სერბის ძლევა. ამის შემდეგ, ტომაშ ბერდიხთან ნახევარფინალში მის წარმატებაში ეჭვი არავის ეპარებოდა - შვეიცარიელმა ისე მოიგო მატჩი, რომ საკუთარი გეიმი ერთხელაც არ წაუგია.
რაც შეეხება ვავრინკას ურთიერთშეხვედრათა სტასტისტიკას რაფაელ ნადალთან, აქაც, სტანისლასი თითქოს უიმედო მდგომარეობაში იყო - 12-დან 12 წაგება ისე, რომ არც ერთი სეტი არ აუღია. მაგრამ, ამას უკვე აღარავინ აქცევდა ყურადღებას ვავრინკას ბრწყინვალე სპორტული ფორმის გამო. თან, მთელი ტურნირის განმავლობაში, ნადალს სისხლიანი კოჟრები აწუხებდა მარცხენა ხელისგულზე და ყოველ მატჩში უხდებოდა ექიმის გამოძახება. მაგრამ ნახევარფინალში როჯერ ფედერერის დამაჯერებელი ძლევით, თითქოს ესპანელის პრობლემები წარსულს ჩაბარდა.
მოულოდნელი სტარტი
გუშინდელი ფინალის სტარტი სიურპრიზი აღმოჩნდა. გასაგები იყო, რომ ვავრინკა ჯობდა თავის მეტოქეს აქტიურობით, მაგრამ არ შეიმჩნეოდა ნადალის უპირატესობა დარტყმების სიზუსტის მხრივ. ესპანელი დიდად არ რისკავდა, მაგრამ მაინც ბევრ შეცდომას უშვებდა. შვეიცარიელს შესანიშნავი განწყობა ჰქონდა. მან სწრაფად შეძლო ბრეიკით დაწინაურება და ბრეიკ-პოინტიც მოიპოვა 5:1-ზე, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა.
ხოლო, როცა ვავრინკა სეტზე ჩასაწოდებლად გავიდა, ნერვიულობას დიდი გაჭირვებით გაუმკლავდა. მან მეტოქეს ინიციატივა დაუთმო და რაფაელმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. აქ კი ესპანელს დაეკარგა თამაში. მან ცუდად დაარტყა მეორე მოწოდებაზე, შემდეგ სამჯერ ვერ დააბრუნა ბურთი კორტის მეორე მხარეს, სეტბოლზე კი ვავრინკამ ეისი შეასრულა.
ნადალის ზურგის ტრავმა
ამ განწყობით ვავრინკამ ბრწყინვალედ დაიწყო მეორე სეტი და "მშრალი" ანგარიშით აიღო ბრეიკი. ძალიან მალე ნადალმა ექიმი გამოიძახა და 1:2-ზე სამედიცინო ტაიმ-აუტზე გავიდა. სტანისლასი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ის წინასწარ არ გააფრთხილეს ამ ფაქტის შესახებ და მსაჯისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. შვეიცარიელი დიდი ხანი კამათობდა არბიტრთან, რითაც პუბლიკა უარყოფითად განაწყო საკუთარი თავის წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, ამ შესვენებამ სპორტულად ძალიან გააბრაზა ვავრინკა - კონცენტრაცია მას არ დაუკარგავს, ნადალი კი თითქმის ვერ გადაადგილდებოდა კორტზე, ძალიან რბილად აწვდიდა და აშკარად ძლიერ ტკივილს გრძნობდა. მეორე ბრეიკის შემდეგ, რაფას უკვე კორტზე აღმოუჩინეს დახმარება, რადგან მეორე ტაიმ-აუტის აღება არ შეიძლებოდა. ესპანელს ზურგის მასაჟს უკეთებდნენ, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰქონდა. ერთადერთი, რაც ნადალმა მოახერხა, საკუთარი მოწოდების გადარჩენა იყო სამი სეტბოლიდან.
მესამე სეტის დასაწყისიც კარგ არაფერს უქადდა რაფაელს - მან პირველივე გეიმში ორმაგი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს. მაგრამ სტანისლასმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა და, როგორც ჩანს, ამან მასზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა. თან, ტკივილგამაყუჩებლებმაც დაიწყეს მოქმედება და ნადალი კორტზე ამოძრავდა. ამან მას პირველი ბრეიკი და სამგეიმიანი უპირატესობა მოუტანა - 3:0. ამის შემდეგ, ვავრინკამ დაალაგა თამაში საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ დაკარგული ბრეიკი ვერ დაიბრუნა. მხოლოდ მაშინ, როცა რაფა სეტზე აწვდიდა, სტანისლასმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ შეცდომების გამო ვერ გაათანაბრა ანგარიში.
ვავრინკას ისტორიული ტრიუმფი
მეოთხე სეტის სტარტი მცირე ხნით გადაიდო, რადგან მელბურნში დაიწყო ფეიერვერკი ავსტრალიის დღის აღსანიშნავად. ვავრინკამ პარტია უფრო აქტიურად დაიწყო და ისევ მოიპოვა ორმაგი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ნადალმა გადაარჩინა გეიმი. ამას შვეიცარიელის განწყობაზე არ უმოქმედია. ის აგრძელებდა შეტევას და შემდეგი შანსი გამოიყენა. თუმცა ამას მოჰყვა ჩავარდნა საკუთარ მოწოდებაზე და ნადალმა დაიბრუნა საკუთარი გეიმი.
სტანისლასმა ამ შემთხვევაშიც შეინარჩუნა სიმშვიდე და ბრწყინვალედ ჩაატარა მომდევნო გეიმი, რითაც მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ამჯერად, ვავრინკას არანაირი მღელვარება არ ეტყობოდა. მან დამაჯერებლად გაითამაშა ოთხივე ბურთი და კარიერაში მთავარი მატჩი მოიგო. ასე რომ, რაფაელ ნადალმა ვერ შეძლო "დიდი სლემის" ტიტულებით პიტ სამპრასის დაწევა. ესპანელს "მეიჯორებზე" კვლავაც 13 გამარჯვება აქვს.
დღეიდან, ვავრინკა მსოფლიოს მესამე ჩოგანი იქნება. მან არ მისცა საშუალება ხუან მარტინ დელ პოტროს შესულიყო ATP-ის რეიტინგის ტოპ-სამეულში.
გარდა ამისა, სტანსილასი შევიდა იმ ჩოგბურთელთა რიცხვში, რომლებმაც მოიგეს "დიდი სლემის" ტურნირი ისე, რომ "მასტერსზე" არასოდეს გაუმარჯვიათ. ამ ერთგვარ კლუბში არიან ევგენი კაფელნიკოვი, გასტონ გაუდიო და უკვე ნახსენებს დელ პოტრო. თუმცა ასეთი თამაშით ვავრინკა მასტერსსაც აუცილებლად მოიგებს. რა თქმა უნდა, აქ არ შეიძლება არ ვახსენოთ შვედი მაგნუს ნორმანი, რომელიც შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული ავარჯიშებს შვეიცარიელს.
ფინალი
სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 6:3, 6:2, 3:6, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"