ერთეულთა თანრიგში ქართველთაგან კვლავ საუკეთესოა ანა ტატიშვილი, რომელიც 554 ქულით 115-ე ადგილზეა.
დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 207 (209). სოფიო შაფათავა - 288; 316 (317). ოქსანა კალაშნიკოვა - 150; 407 (414). ეკატერინე გორგოძე - 99; 451 (453). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი - 81; 833 (832). სოფიო ქვაცაბაია - 20; 1184 (1184). მარიამ ბოლქვაძე - 5; 1233 (1234). თამარ ჭალაგანიძე - 3;
წყვილთა რეიტინგში ისევ 53-ე საფეხურზეა კალაშნიკოვა, რომელსაც 1632 ქულა აქვს. 82
ქართველ ჩოგბურთელთა უმრავლესობა ამ კვირას უცხოეთის კორტებზე გაატარებს. ანა ტატიშვილი მიდლენდის (აშშ) 100.000-იან ტურნირზე მოსინჯავს ძალებს. სტარტზე ჩვენებურის მეტოქე მხოლოდ კვალიფიკაციის დამთავრების შემდეგ გაირკვევა. ტურნირის რეიტინგ-ფავორიტი კი პოლონელი ურსულა რადვანსკაა, რომელსაც კლასიფიკაციაში 45-ე საფეხური უკავია.
ოკეანის გაღმა იმყოფება თამარ ჭალაგანიძე, რომელიც კალიფორნიულ რანჩო სანტა ფეს 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაერთო და სასტარტო შეხვედრა ამერიკელ რეიჩელ რიდის 6:2, 6:3 მოუგო. მეორე წრეში ანდრეა დუვას (აშშ) მძლეველ (6:0, 6:1) მასპინძელს, ჯესიკა ფაილას გაუწევს მეტოქეობას.
გრენობლის 25.000-იანი ტურნირის წყვილებში გამარჯვებულმა სოფიო შაფათავამ საფრანგეთიდან ბალტიისპირეთში გადაინაცვლა და ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 15.000-იანი ტურნირის მთავარი პრიზებისთვის იბრძოლებს. თბილისელი ჩოგბურთელი მესამე ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ლატვიელ ელენა ოსტაპენკოს შეხვდება.
ტურნირის რეიტინგ-ფავორიტია 24 წლის შვეიცარიელი ტიმეა ბაკშინჟსკი, რომელიც ამჟამად რეიტინგით 285-ეა, მაგრამ 2010 წელს 51-ეც ყოფილა. წყვილებში შაფათავა სლოვენიელ მაშა ზეკ-პესკირიჩთან ერთად პირველი ნომერია და სტარტზე მასპინძლებს - ელიზა მაი კოონიკსა და იანა კუზოვკოვას გამოცდის.
ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო დიდი და პრესტიჟული საერთაშორისო საჩოგბურთო შეჯიბრება Qatar Total Open 2014 (საპრიზო ფონდი 2 440 070 დოლარი).
ტურნირის წყვილთა პაექრობაში ჩაებმება ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ფრანგ კაროლინ გარსიასთან არის შეამხანაგებული. ისინი პირველ წრეში გერმანელ კრისტინა ბარუას და ფრანგ ლაურა ტორპეს შეხვდებიან. გამარჯვებულებს 105 სარეიტინგო ქულა და მე-2 წრეში კვეტა პეჩკეს (ჩეხეთი) და კატარინა სრებოტნიკის (სლოვენია) წყვილი ელით.
ანტალიის ახალ 10.000-იან ტურნირში იასპარეზებენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. გორგოძე მე-3 ნომერია და სტარტზე შილა არგიელანს (უნგრეთი) ხვდება, ქვაცაბაია კი ნაცუმი ჩიმურას (იაპონია). წყვილებში ეკატერინე და პია კონიგი (ავსტრია) ჩინელებს - ბოიან ვენისა და ჟაოჰუან იანის გაუწევენ მეტოქეობას, ხოლო სოფიო მასპინძელ ესენ კოკჩესთან ერთად კიმ იანა ჰაუსლერისა (შვეიცარია) და ტინა შეიტლის (ავსტრია) დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"