ჯოკოვიჩი და ფედერერი ერთმანეთის წინააღმდეგ ნახევარფინალამდე უპრობლემოდ მივიდნენ. სერბს არც ერთი სეტი არ წაუგია, თან მეოთხედფინალში მიხაილ იუჟნის ტრავმის გამო დაისვენა, შვეიცარიელს კი ერთი სეტი აართვა რადეკ შტეპანეკმა.
ფავორიტების ნახევარფინალს ერთი მთავარი ინტრიგა ახლდა თან - გამარჯვების
პირველ სეტში ფედერერმა გახურება ვერ მოასწრო, რომ ჯოკოვიჩმა 3:0 წაიყვანა ანგარიში. პარტიის მსვლელობისას, როჯერმა მოუმატა, მაგრამ ნოვაკმა შეძლო უპირატესობის შენარჩუნება. მეორე პარტიაში სერბი იოლად იღებდა თავის მოწოდებას და მეტოქის შეცდომას ელოდებოდა. მეხუთე გეიმში ფედერერმა კინაღამ დათმო საკუთარი გეიმი, მაგრამ მაინც შეინარჩუნა მოწოდება. შემდეგი გეიმი კი წვიმის გამო შეწყდა და ათწუთიანი პაუზა წარმოიშვა. ამან უკეთ ფედერერზე იმოქმედა, რომელმაც ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კი ბრწყინვალე სტილში ითამაშა ორ საკუთარ გეიმში.
მესამე სეტი როჯერის ბენეფისად გადაიქცა. შეუდარებელი შვეიცარიელი, როგორც თავის საუკეთესო წლებში, ურთულეს ბურთებს იღებდა და ნებისმიერი სიტუაციიდან ასრულებდა შემოვლით დარტყმებს. დიდი ხანია ფედერერს ასეთი თამაში არ უჩვენებია. როჯერის ასეთი მოქმედების ფონზე, ჯოკოვიჩი დაიბნა და საკუთარ თამაშზე კონტროლი დაკარგა. მეხუთე გეიმში შვეიცარიელმა მეორე ბრეიკი გააკეთა და გამარჯვებულის შესახებ ყველა კითხვა მოხსნა - 3:6, 6:3, 6:2.
* * *
გადამწყვეტ მატჩში ფედერერს ჩეხი ტომაშ ბერდიხი ელოდა, რომელიც ზედიზედ მეორე ფინალში თამაშობდა (თებერვლის შუაში, ტომაშმა როტერდამის ტურნირზე გაიმარჯვა და ზედიზედ ცხრამატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა). გადამწყვეტ მატჩშიც მაყურებელმა თავბურადამხვევი სიუჟეტი იხილა. პირველ პარტიაში თავიდან ბრეიკით ფედერერი დაწინაურდა, მაგრამ მომდევნო გეიმში ბერდიხმა თანაფარდობა აღადგინა. ჩეხი ამაზე არ გაჩერდა - ის კარგად პასუხობდა მეტოქის მეორე მოწოდებას და მეორე ბრეიკი გააკეთა, შემდეგ სეტზეც წარმატებით ჩაატარა.
მეორე სეტში როჯერი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მეხუთე გეიმის შემდეგ, შვეიცარიელი ბრეიკით აგებდა - 2:3. მაგრამ, მისდა საბედნიეროდ, ბერდიხი ნერვებს ვერ გაუმკლავდა და ორი უხეში შეცდომით დათმო მორიგი გეიმი. თითქოს საქმე ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ ჩეხმა საშინლად ითამაშა 4:5-ზე. როჯერმა "მშრალი" ანგარიშით აიღო ბრეიკი და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.
ისევე, როგორც ნახევარფინალში, აქაც გადამწყვეტ სეტში ბოლო ქულამდე ბრძოლა არ ყოფილა. ბერდიხს თავიდანვე შეექმნა პრობლემები და ფედერერმა მეხუთე ცდიდან შეძლო მეტოქის გეიმის აღება. ამის შემდეგ საჭირო იყო საკუთარი მოწოდების შენარჩუნება, რაც როჯერმა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ბერდიხს ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მაგრამ ფედერერისთვის ყველაფერი წარმატებით დასრულდა - 3:6, 6:4, 6:3.
შვეიცარიელმა კარიერაში 78-ე ტიტული მოიგო, ამასთან, ის ზედიზედ 14 წელიწადია სეზონში მინიმუმ ერთი ტიტულის აღებას ახერხებს. "ღია ერაში" უფრო მეტი ტურნირი მოგებული აქვთ ივან ლენდლსა (94) და ჯიმი კონორსს (109). კიდევ ერთი ლეგენდა - ჯონ მაკინროი ფედერერმა სწორედ დუბაის ტურნირის შემდეგ ჩამოიცილა.
დუბაი (საემიროები)
ფინალი
როჯერ ფედერერი (შვეიც, 4)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 3) 3:6, 6:4, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"