როჯერ ფედერერი აშკარა ფავორიტი იყო მილოშ რაონიჩთან დაპირისპირებაში, ენდი მარეისა და კეი ნიშიკორის მატჩში კი ექსპერტები მაინც ბრიტანელის მხარეს იხრებოდნენ, რომელმაც დიდი ძალა დახარჯა ბოლო ტურნირებზე, ლონდონში თამაშის უფლება რომ მოეპოვებინა.
თან მარეი პირად შეხვედრებში 3:0-ს უგებდა ნიშიკორის, თანაც ისე, რომ სეტიც არ ჰქონდა წაგებული. პირველები კორტზე სწორედ ეს ჩოგბურთელები გავიდნენ. სტარტზე იაპონელი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და 2:2-ზე ენდის ბრეიკი
ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, თუმცა 5:4-ზე ნიშიკორიმ მეორე ბრეიკი გაიფორმა და სეტი 6:4 მოიგო.
მეორე სეტში მარეი საერთოდ დაიკარგა, აზიელს კი თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა. ნიშიკორიმ 3:0 წაიყვანა ანგარიში და ერთი ქულა აკლდა 4:0-მდე. ენდიმ გაჭირვებით აიღო საკუთარი მოწოდება, სულ მალე კი მოულოდნელად საპასუხო ბრეიკიც შეასრულა. თითქოს ამ პოზიტიურ ტალღაზე მარეი გადამწყვეტ სეტამდე მიიყვანდა მატჩს, მაგრამ კეი ასეთი სცენარის წინააღმდეგი იყო. იაპონელმა ისევ 5:4-ზე გააკეთა ბრეიკი და წლის შემაჯამებელ ტურნირზე დებიუტი მოგებით აღნიშნა - 6:4, 6:4.
* * *
მოგვიანებით, კორტზე გავიდნენ ფედერერი და რაონიჩი. ცოტა ხნის წინ კანადელმა პარიზის "მასტერსის" მეოთხედფინალში მოუგო შვეიცარიელს და არ მისცა მას საშუალება, მსოფლიოს რეიტინგში პირველობისთვის ებრძოლა. გუშინ როჯერმა სრულფასოვანი რევანში აიღო. პირველ პარტიაში ის სტარტზევე ბრეიკით დაწინაურდა და 25 წუთში მოამთავრა საქმე - 6:1.
მეორე პარტიაში თამაშის სურათი შეიცვალა. რაონიჩმა მოწოდება გამოასწორა და მიღებაზეც გაუჩნდა შანსები. ამ სეტში კანადელს ოთხი ბრეიკ-პოინტი დაუგროვდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. პარტიის კულმინაცია გახდა მომენტი 6:5-ზე, როცა მილოშმა შესანიშნავი დარტყმით სეტბოლი მიიღო. რთულ სიტუაციაში როჯერმა თავი ხელში აიყვანა და ბრწყინვალედ მოაწოდა. მალე კი ტაიბრეიკი დაინიშნა, რომელიც ფედერერმა 7:0 მოიგო. შვეიცარიელმა ზედიზედ 10 "ვინერსით" დაასრულა შეხვედრა - 6:1, 7:6(0).
* * *
გუშინ კი პირველი ტურის მატჩები გაიმართა A ჯგუფში. ნოვაკ ჯოკოვიჩისა და მარინ ჩილიჩის შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა, უფრო ადრე კი კორტზე გავიდნენ სტენ ვავრინკა და ტომაშ ბერდიხი.
შვეიცარიელმა სეზონის პირველ ნაწილში ავსტრალიის ღია და მონტე კარლოს "მასტერსი" მოიგო, მაგრამ ჩააგდო სეზონის მეორე ნახევარი. მაგრამ, როგორც ჩანს, წლის შემაჯამებელ ტურნირს ვავრინკა კარგად მომზადებული შეხვდა. ბერდიხთან მატჩის პერიპეტიების აღწერას აზრი არ აქვს, რადგან ანგარიში თავად მეტყველებს ყველაფერზე - 58 წუთში სტენმა 6:1, 6:1 გაიმარჯვა.
B ჯგუფი
კეი ნიშიკორი (იაპ, 4)-ენდი მარეი (ბრიტ, 5) 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-მილოშ რაონიჩი (კან, 7) 6:1, 7:6(0).
A ჯგუფი
სტენ ვავრინკა (შვეიც, 3)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:1, 6:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"