წლის შემაჯამებელი ტურნირი: ფერერმა ფედერერი გაიყვანა

AutoSharing Option
გუშინ, წლის შემაჯამებელ ტურნირზე B ჯგუფში მესამე ტურის მატჩები იმართებოდა, თუმცა ჯერ A ჯგუფის მეორე ტურის მეორე შეხვედრაზე ვთქვათ.

ეს იყო ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სტენ ვავრინკას შორის. მაყურებელი ამ მატჩისგან სრულიად სამართლიანად ელოდა შოუს, რადგან ამ მეტოქეთა მატჩები ხშირად სანახაობრივი გამოდის.

საკმარისია გავიხსენოთ ავსტრალიის ღიას წინა ორი გათამაშება: 2013 წელს ნოვაკმა 12:10 მოიგო მეხუთე სეტი, წელს კი სტენმა იმარჯვა 9:7 ასევე გადამწყვეტ პარტიაში. სტატისტიკის მიხედვით, სერბი გაცილებით ძლიერია - ურთიერთშეხვედრებში ის 15:3
-ს იგებს.

მაგრამ მაყურებლებს იმედი გაუცრუვდათ - ზედიზედ მერვე მატჩში ამ ტურნირზე ყველაფერი ორ სეტში გადაწყდა. მართალია, ვავრინკამ უკეთ დაიწყო და ბრეიკით წაიყვანა ანგარიში, მაგრამ ჯოკოვიჩმა მომდევნო ხუთ გეიმში მხოლოდ სამი ქულა დათმო და 5:2 დაწინაურდა. შვეიცარიელმა თამაშში დაბრუნება ვეღარ შეძლო, მეორე სეტში მხოლოდ შვიდი ქულა აიღო და საათსა და 5 წუთში განადგურდა - 3:6, 0:6.

ზედიზედ მეორე მოგების მიუხედავად, ჯოკოვიჩმა ჯერ ვერ გაინაღდა ნახევარფინალი. მას მესამე ტურში სეტის მოგება სჭირდება ტომაშ ბერდიხთან. ხოლო თუ სერბი ამ მატჩს მოიგებს, წლის შედეგების მიხედვით გარანტირებული ექნება რეიტინგში პირველი ადგილი.

* * *
ახლა კი გადავიდეთ B ჯგუფზე. მესამე ტურის პირველ მატჩში კეი ნიშიკორი დავიდ ფერერს ხვდებოდა. ესპანელი, წესით, კორტზე არ უნდა გასულიყო, მაგრამ გუშინ კანადელმა მილოშ რაონიჩმა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო ტურნირის დატოვება გადაწყვიტა და ის სათადარიგო ფერერმა შეცვალა.

რაონიჩს წინა ორი მატჩი წაგებული ჰქონდა და ნახევარფინალში ვერ გადიოდა. ამიტომაც ფერერისთვის ნიშიკორისთან მატჩი ფორმალობას წარმოადგენდა.

იაპონელს ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდა მოგებული ფერერისთვის, თანაც სამივე სამ სეტში და არც გუშინდელ მატჩში შეცვლილა სცენარი. პირველი სეტი ესპანელს დარჩა - 6:4, მეორეში კი ნიშიკორი თავიდანვე დაწინაურდა ბრეიკით და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა - 6:4. დაინიშნა მესამე სეტი. აზიელმა წელს 22-ჯერ ითამაშა გადამწყვეტი პარტია და 20 მოიგო. მან ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და გაანადგურა მეტოქე - 6:1.

სხვათა შორის, ფერერის პირველ სეტში მოგება იმას ნიშნავდა, რომ როჯერ ფედერერმა ნახევარფინალში თამაში გაინაღდა. ამიტომაც შვეიცარიელისთვის ფორმალობად გადაიქცა ენდი მარეისთან შეხვედრა, რომელიც გვიან გაიმართა. ბრიტანელს ორ სეტში გამარჯვება სჭირდებოდა როჯერის წინააღმდეგ. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ნახევარფინალში ნიშიკორი გადავიდოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული