გასული წლის 10 მოვლენა მსოფლიო ჩოგბურთში

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა ESPN-ის მიმომხილველმა კამაკში ტანდონმა 2014 წლის საჩოგბურთო სეზონი შეაჯამა და 10 მთავარი მოვლენა გამოარჩია...

1. დიდი ოთხეულის დონიმინირების შემცირება

"დიდმა ოთხეულმა" წელს "დიდი სლემის" ოთხი ტურნირიდან მხოლოდ ორი მოიგო, მაგრამ არ შეიძლება მათი ოსტატობის დაქვეითებაზე ლაპარაკი. ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი და ენდი მარეი კვლავაც იყვნენ "სლემის" რვა ნახევარფინალიდან ექვსში; აგრეთვე, "მასტერსის" სერიის ცხრა ტიტულიდან შვიდი მოიგეს.

მაგრამ თითოეულმა მათგანმა ვერ მიაღწია იმ მაჩვენებლებს, რომლებსაც გულშემატკივარი მიაჩვია. მარეის შედეგებზე გავლენა იქონია ზურგზე გადატანილმა ოპერაციამ. რაფაელს ასევე ჰქონდა პრობლემები ჯანმრთელობასთან
დაკავშირებით. როჯერ ფედერერი სტაბილურად თამაშობდა, მაგრამ ასევე სტაბილურად არ ჰყოფნიდა სულ ცოტა გადამწყვეტ მატჩებში. ჯოკოვიჩსაც საკმარისად ჰქონდა აღმაფრენისა და ჩავარდნის პერიოდები. ბევრი რამ მის ცხოვრებაში კორტის მიღმაც ხდებოდა. ყველა ამ ფაქტორმა გზა გაუხსნა ტიტულებისკენ სხვა მოთამაშეებს და გასული სეზონი ბოლო წლებში ერთ-ერთი საინტერესო და მოულოდნელი გახდა.

2. სერენა უილიამსი ნავრატილოვასა და ევერტის გვერდით
ამერიკელმა ცუდად ითამაშა "დიდი სლემის" პირველ სამ ტურნირზე, მაგრამ აშშ-ის ღიაზე შეძლო მე-18 ტიტულის მოგება და გაუთანაბრდა მარტინა ნავრატილოვასა და კრის ევერტს. წინ მხოლოდ შტეფი გრაფი და მარგარეტ კორტი არიან, რომლის აქტივშია 24 ტიტული "ღია ერაზე" მოპოვებულის ჩათვლით.

3. ნადალმა დიდ სლემზე მე-14 ტიტული მოიგო
მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემისა, რაფაელი ისევ გახდა როლან გაროსის ჩემპიონი. ახლა მის აქტივში "დიდ სლემზე" 14 გამარჯვებაა. ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილს იყოფს ამერიკელ პიტ სამპრასთან.

4. ტრავმების დიდი რაოდენობა

ტრავმები უკვე დიდი ხანია გახდა პროფესიული სპორტის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ წელს დაზიანებების რაოდენობამ ყველაზე ცუდ მოლოდინს გადააჭარბა. ყველაფერი დაიწყო ავსტრალიის ღიაზე რაფაელ ნადალის დაზიანებიდან და დასრულდა როჯერ ფედერერის უარით წლის შემაჯამებელ ტურნირზე. მთელი სეზონის განმავლობაში მოთამაშეებს ტრავმები არ ასვენებდათ. ნადალი ასევე მოიხსნა აშშ-ის ღია პირველობიდან მაჯის დაზიანების გამო.

კეი ნიშიკორიმ ბარძაყისა და ზურგის ტრავმების გამო უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე მაიამისა და მადრიდის ტურნირებზე. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა აშშ-ის ღიას ფინალში გასვლა, თუმცა იქ სრული ძალით ვერ ითამაშა მორიგი დაზიანების გამო. თითქმის მთელი წელი ფეხი აწუხებდა ვიქტორია აზარენკას. პრაქტიკულად, მთლიანად გამოტოვა სეზონი ხუან მარტინ დელ პოტრომ.

ასევე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ სერენა უილიამსს, ანა ივანოვიჩსა და სლოუნ სტივენსს.

ბევრ მოთამაშეს მოუწია მატჩების მსვლელობისას მოხსნა: დავიდ ფერერი, გაელ მონფილსი, რიშარ გასკე და სხვები.

5. ახალგაზრდა მოთამაშეების პროგრესი

მართალია, მათ ვერ შეძლეს "დიდი ოთხეულის" ბოლომდე შევიწროება, მაგრამ კეი ნიშიკორი, მარინ ჩილიჩი, მილოშ რაონიჩი, გრიგორ დიმიტროვი და ერნესტ გულბისი შევიდნენ იმ კარში, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით სტენ ვავრინკამ გააღო. ყველა მათგანმა შეძლო ტოპ-ათეულში შესვლა და იქ რამდენიმე ვეტერანის ადგილის დაკავება.

6. ქამბექები ქალთა ტურში

ქალთა ჩოგბურთის ახალი სახელები - სიმონა ჰალეპი და ეჟენი ბუშარი გასულ სეზონში შესანიშნავად გამოვიდნენ, მაგრამ განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ჩოგბურთელები, რომლებიც თანდათან ბრუნდებიან მსოფლიო ჩოგბურთის ელიტაში. წელს ანა ივანოვიჩმა და კაროლინ ვოზნიაცკიმ ძალიან კარგად ითამაშეს და დაბრუნდნენ მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეულში. პეტრა კვიტოვამ მოიგო მეორე უიმბლდონი, დომინიკა ციბულკოვამ პირველად ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში, ვინუს უილიამსმა კი გამონახა ძალები და შეაღწია პირველ ოცეულში.

მაგრამ ამ ჩამონათვალის მიუხედავად, WTA-ში "წლის დაბრუნების" ნომინაცია მოიგო მირიანა ლუჩიჩმა, რომელმაც კვებეკში პირველი ტიტული მოიგო 16-წლიანი პაუზის შემდეგ.

7. კანადელი ჩოგბურთელების პროგრესი

ბოლო წლებში კანადელი ჩოგბურთელები სწრაფი ტემპით პროგრესირებდნენ, მაგრამ ეს სეზონი ამ ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ნამდვილი გარღვევა გახდა. წელს მილოშ რაონიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალამდე მიაღწია, ეჟენი ბუშარმა იქვე ფინალში ითამაშა, ვასეკ პოსპიშილმა კი, საერთოდ, ტიტული მოიგო წყვილთა თანრიგში.

ბუშარმა, ასევე, "სლემის" ორ ნახევარფინალში გააღწია, იმ დროს, როცა რაონიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე გააღწია. არ დავივიწყოთ მსოფლიოში წყვილთა თანრიგის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე დანიელ ნესტორი. თუ გავითვალისწინებთ კანადური ჩოგბურთის ამჟამინდელი ვარსკვლავების ასაკს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ კანადამ ტურში დიდი ხნით მოიპოვა წარმომადგენლობა.

8. საჩოგბურთო ბუმი აზიაში

"დიდი სლემის" ტურნირები ავსტრალიაში ნა ლის მოგებით დაიწყო. მალე ის გახდა პირველი წარმომადგენელი აზიიდან, ვინც მეორე ადგილი მოიპოვა მსოფლიოს კლასიფიკაციაში. აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, რომელშიც კეი ნიშიკორიმ ფინალში ითამაშა და რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადავიდა, ლიმ აქტიური კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ძლიერი აზიელი მოთამაშეების რიცხვი ყოველ წელს მატულობს. ასევე, ვამჩნევთ აზიის ტერიტორიაზე გამართული მსხვილი პროფესიული ტურნირების რაოდენობის ზრდას.

9. იუნიორების სწრაფი პროგრესი

ბოლო წლებში მამაკაცთა რეიტინგის TOP100-ში, პრაქტიკულად, არ იყვნენ იუნიორები, ქალთა კლასიფიკაციაში კი მათი რაოდენობა მინიმალური იყო. მაგრამ 2014 წლის სეზონში ახალგაზრდა მოთამაშეებმა ხმაურიანი გამოსვლა აჩვენეს. ნიკ კირგიოსს ჰქონდა შესანიშნავი წელი და მან უიმბლდონზე რაფაელ ნადალის დამარცხება შეძლო. 19 წლის ავსტრალიელს შეუერთდნენ ალექსანდრ ზვერევი და ბორნა ჩორიჩი, რომლებიც ასევე მოხვდნენ რეიტინგის ტოპ-ასეულში. ამავდროულად, მედისონ კისმა პირველი ტურნირი მოიგო WTA-ს ტურში. ის ქალთა კლასიფიკაციის ტოპ-ასეულის ოთხი იუნიორი წევრიდან ერთ-ერთი გახლავთ.

10. შვეიცარიამ დევისის თასი მოიგო

როჯერ ფედერერისა და სტენ ვავრინკას დახმარებით, რომელიც 2014 წელს ტოპ-მოთამაშე გახდა, შვეიცარიის ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან. ეს იყო სეზონში ფედერერის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რადგან ლეგენდას ერთხელაც არ ჰქონდა მოგებული დევისის თასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული