ავსტრალიის ღია პირველობა: ციფრები ტურნირის გახსნის წინ

AutoSharing Option
წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობა რიგით ორმოცდამეშვიდეა. ბოლო 28 გათამაშებას "მელბურნ პარკი" მასპინძლობს.

ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 40 მილიონი დოლარი. მამაკაცთა და ქალთა ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულები ერთნაირ თანხას მიიღებენ - 3.1 მილიონ დოლარს.

გასულ წელს, "დიდი სლემის" ჩემპიონატები ოთხმა სხვადასხვა ჩოგბურთელმა მოიგო, მათ შორის ორმა, პირველად გაიმარჯვა ასეთ დონეზე (სტენ ვავრინკა, მარინ ჩილიჩი). ბოლო ავსტრალიელი, რომელმაც საკუთარ კედლებში აიღო მთავარი პრიზი, მარკ ედმონდსონი იყო (1976), ხოლო პირველი ავსტრალიელი, რომელმაც პატ კეშის (1988) შემდეგ ითამაშა ფინალში, ლეიტონ ჰიუიტი (2005 წელს) გახლდათ.

რაფაელ ნადალი
- ესპანელი შეიძლება გახდეს პირველი ჩოგბურთელი "ღია ერაში" (და მესამე ისტორიაში), ვისაც "დიდი სლემის" ოთხი ტურნირი მინიმუმ ორ-ორჯერ ექნება მოგებული.

- გამარჯვების შემთხვევაში, ნადალი გახდება "დიდი სლემის" ტურნირების ყველაზე ასაკოვანი 15-გზის გამარჯვებული.

- რაფაელი შეიძლება გავიდეს "დიდი სლემის" 21-ე ფინალში. უფრო მეტი როჯერ ფედერერს ჰქონდა - 25-ჯერ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი
- ჯოკოვიჩი, რომელსაც ავსტრალიია ღია პირველობაზე 2008, 2011, 2012 და 2013 წლებში გაუმარჯვია, შეიძლება გახდეს ისტორიაში მეორე მოთამაშე, ვისაც ეს ტურნირი ხუთჯერ (ან მეტჯერ) ექნება მოგებული. იგივე შედეგისთვის იბრძოლებს როჯერ ფედერერი. ერთადერთი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელსაც ავსტრალიაში ოთხზე მეტჯერ გაუმარჯვია, როი ემერსონი გახლავთ.

- იმ შემთხვევაში, თუ სერბი ვერ მიაღწევს მეოთხე წრემდე (მერვედფინალამდე), ხოლო როჯერ ფედერერი მოიგებს ტიტულს, შვეიცარიელი 2 თებერვლიდან სათავეში ჩაუდგება ATP-ის რეიტინგს.

- 2011 წლიდან მოყოლებული, ნოვაკ ჯოკოვიჩს ჰარდზე მატჩების 90 პროცენტი აქვს მოგებული.

როჯერ ფედერერი
- შვეიცარიელს შეუძლია "დიდი სლემის" ტურნირებზე მე-18 გამარჯვება მოიპოვოს. ამ რაოდენობით ის გაუთანაბრდება სამ ქალ ჩოგბურთელს - კრის ევერტს, მარტინა ნავრატილოვასა და სერენა უილიამსს.

- ფედერერი შეიძლება გახდეს ავსტრალიის ღიას ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული (33 წლის და 177 დღის) კენ როუზოლის (1972, 37 წლის და 62 დღის) შემდეგ.

- გარდა ამისა, ფედერერს აქვს შანსი გახდეს მეხუთე ჩოგბურთელი, ვისაც 30 წლის ასაკის შემდეგ "დიდი სლემის" ორი ან მეტი ტურნირი ექნება მოგებული.

ენდი მარეი
- ბრიტანელი იმედოვნებს, რომ გახდება პირველი ჩოგბურთელი "ღია ერაში", ვინც ავსტრალიის ღიაზე გაიმარჯვებს სამი ფინალის (2010, 2011, 2013) წაგების შემდეგ.

- მოგების შემთხვევაში, მარეი ჰარდზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობის გაუთანაბრდება მეხუთე ადგილზე მყოფ ივან ლენდლს. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა როჯერ ფედერერი - 57 მოგება.

ლეიტონ ჰიუიტი
- ეს ტურნირი რიგით მე-19 იქნება ავსტრალიელისთვის. ამით ჰიუიტი ახალ რეკორდს დაამყარებს ავსტრალიის ღიაზე მონაწილეობის მხრივ.

- ჰიუიტი მეხუთე ადგილზეა "დიდი სლემის" ერთ ტურნირზე გამოსვლის რაოდენობით. მასზე წინ არიან: ჯიმი კონორსი (22, აშშ-ის ღია), ანდრე აგასი (21, აშშ-ის ღია), ჯიმი კონორსი (21, უიმბლდონი), ფაბრის სანტორო (20, როლან გაროსი).

- ავსტრალიელი, ისევე როგორც ფედერერი, "დიდი სლემის" 63-ე ტურნირზე ითამაშებს. მხოლოდ ფაბრის სანტოროს აქვს უფრო მაღალი მაჩვენებელი (70).
- ჰიუიტი ბოლო ავსტრალიელია, ვისაც "დიდი სლემის" ტურნირზე გაუმარჯვია (2002, უიმბლდონი).

სტენ ვავრინკა
- შვეიცარიელს მელბურნში ტიტულის დაცვა უწევს. ბოლოს "დიდი სლემის" ტურნირზე ჩემპიონობა რაფაელ ნადალმა დაიცვა (2014, როლან გაროსი).

- მელბურნში წარმატების შემთხვევაში, ვავრინკა გაუთანაბრდება მოქმედი ჩოგბურთელების ჯგუფს (ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი, მარეი და ჰიუიტი), რომლებსაც "დიდი სლემის" ტურნირი მინიმუმ ორჯერ აქვთ მოგებული.

სერენა უილიამსი
- უმცროსი უილიამსი შეიძლება გახდეს ავსტრალიის ღია პირველობის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული "ღია ერაში". ფინალის დღეს მისი ასაკი იქნება 33 წელი და 127 დღე. 30 წელს გადაცილებულ მხოლოდ ორ ჩოგბურთელს აქვს მოგებული ეს ტურნირი - მარგარეტ კორტს (1973, 30 წლის და 169 დღის) და ნა ლის (2014, 31 წლის და 333 დღის).

- ასევე უილიამსს შეუძლია მეექვსედ მოიგოს ავსტრალიის ღია. ამდენივე ტიტული აქვს მას აშშ-ის ღიაზე.
- სერენამ 61 მატჩი აქვს მოგებული ავსტრალიის ღიაზე - ყველაზე მეტი "ღია ერაში". მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მეორეზეა მარია შარაპოვა - 42 მოგება და მას აქვს შანსი გაუსწროს შტეფი გრაფს (47), მარტინა ნავრატილოვას (46), კიმ კლაისტერსსა (43) და მონიკა სელეშს (43).

- ამერიკელს აქვს შანსი ზედიზედ მეცხრე წელი ითამაშოს "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში. მხოლოდ სამ ჩოგბურთელს აქვს უფრო გრძელი სერია: კრის ევერტს (14, 1973-86), მარტინა ნავრატილოვას (11, 1981-91) და შტეფი გრაფს (10, 1987, 96).

- ავსტრალიაში გამარჯვება სერენას მე-19 ტიტულს მოუტანს. ამით ის გაუსწრებს კრის ევერტსა და მარტინა ნავრატილოვას და მეორე ადგილზე გადავა. პირველია შტეფი გრაფი 22 ტიტულით.

მარია შარაპოვა
- რუსი ჩოგბურთელისთვის "მელბურნ პარკზე" მოგება მეექვსე ტრიუმფი იქნება "დიდი სლემის" ტურნირებზე. მოქმედ ჩოგბურთელებს შორის უფრო მეტი გამარჯვება მხოლოდ დებ უილიამსებს აქვთ: ვინუსს (7) და სერენას (18).

- საინტერესოა, რომ "დიდი სლემზე" წინა ხუთი გამარჯვება მარიამ ლუწ წლებში მოიპოვა: უიმბლდონი-2004, აშშ-ის ღია-2006, ავსტრალიის ღია-2008, როლან გაროსი-2012, როლან გაროსი-2014.

- წლევანდელ სეზონში მარიამ მოიგო ბრისბენის ტურნირი. შარაპოვა ბოლო 13 წელია მინიმუმ ერთ ტურნირს იგებს WTA-ის ტურში. "ღია ერაში" უფრო შთამბეჭდავი სტატისტიკა სამ ჩოგბურთელს აქვს: მარტინა ნავრატილოვას (21 წელი ზედიზედ), კრის ევერტს (18) და შტეფი გრაფს (14).

სიმონა ჰალეპი
- წელს, ავსტრალიის ღიასთვის მზადების ციკლში, რუმინელმა მოიგო ტურნირი შენჟენში. 2013 და 2014 წლებში ამ ტურნირზე ჩინელი ნა ლი იმარჯვებდა. შარშანწინ მან ავსტრალიის ღიაზე ფინალამდე მიაღწია, შარშან კი მელბურნში ტიტული მოიგო.

- ჰალეპი, რომელიც WTA-ის რეიტინგში მესამეა, შარშან ერთადერთი იყო (ეჟენი ბუშართან ერთად), რომელმაც "დიდი სლემის" სამი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშა, მათ შორის, ავსტრალიის ღიაზე. როლან გაროსზე სიმონა ფინალში გავიდა, უიმბლდონზე - ნახევარფინალში.

ეჟენი ბუშარი
- ისევე, როგორც ჰალეპმა, კანადელმა შარშან პირველად ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში (წააგო უიმბლდონის გადამწყვეტი მატჩი პეტრა კვიტოვასთან). გარდა ამისა, ნახევარფინალამდე მიაღწია ავსტრალიის ღიაზე და როლან გაროსზე.

- ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადებისას, ბუშარმა ჰოპმანის თასზე ითამაშა და იქ კარიერაში პირველად მოუგო სერენა უილიამსს - 6:2, 6:1.

ანა ივანოვიჩი
- სერბმა 2014 წელს WTA-ის ტურნირებში ექვსჯერ ითამაშა ფინალში. აქედან ანამ ოთხი მოიგო, მათ შორის სამი - ჰარდზე. 2015 წელს ანას უკვე ჰქონდა ერთი ფინალი - ბრისბენში, სადაც მარია შარაპოვასთან წააგო - 7:6, 3:6, 3:6.

- ივანოვიჩს ერთადერთი მოგება "დიდი სლემის" ტურნირზე 2008 წელს ჰქონდა (როლან გაროსი). მას შეუძლია გახდეს ერთადერთი ჩოგბურთელი მამაკაცებსა და ქალებს შორის, ვინც მეორე "სლემს" შვიდწლიანი შესვენების შემდეგ აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი ანამ უკვე "აიღო" - ოღონდ სახლში დასაბრუნებელი ბილეთი!
brola
17:21 19-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული