ავსტრალიის ღია პირველობა. III დღე: შარაპოვა დაიტანჯა და... მოიგო

AutoSharing Option
ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ დღის მატჩი გახდებოდა მსოფლიოს მეორე და 150-ე ნომრების დაპირისპირება. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ რუსი მარია შარაპოვა თანამემამულე ალექსანდრა პანოვასთან მატჩში ძალიან ახლოს იყო შინ გამგზავრებასთან.

ამ მატჩმა აჩვენა, რომ რეიტინგში პოზიცია ყველაფერს არ წყვეტს. პირველ სეტში პროგნოზირებადი შედეგი მივიღეთ - შარაპოვამ 6:1 გაანადგურა მეტოქე, მეორე პარტიიდან კი მას სირთულეები შეექმნა. პირველ რიგში, თითქმის არ მუშაობდა მარიას მარჯვნიდან დარტყმა და ამის მიუხედავად, მეორე ნომრის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. თუმცა შარაპოვამ ვერ შეძლო მეათე გეიმში ბრეიკ-პოინტის
გამოყენება, ვერ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

და სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა პირველი ეჭვი მარიას საბოლოო წარმატებაში. მან გადამწყვეტ სეტში ორი ბრეიკით გაუშვა წინ პანოვა. რაც მთავარია, 150-ე ჩოგანი ყველა კომპონენტში სჯობდა ფავორიტს.

მატჩის ბედი პანოვას ხელში იყო - ის 4:1-ზე აწვდიდა. სწორედ ამ დროს ძალთა ბალანსი კორტზე შეიცვალა. გაგვახსენდა შარშანდელი ტურნირი, როცა მარიას თითქმის ყველა შეხვედრის გადარჩენა უწევდა.

მეექვსე გეიმში ერთი საპასუხო ბრეიკის შესრულების შემდეგ შარაპოვამ იქვე მოიგო საკუთარი გეიმი, მაგრამ აქ მეტოქემაც აიღო ერთი გეიმი და მაქსიმალურად მიუახლოვდა საბოლოო წარმატებას. მატჩმა კულმინაციას მეათე გეიმში მიაღწია. პანოვას ორი მატჩბოლი ჰქონდა - საკუთარ კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვების მიღწევის ორი შანსი. სწორედ აქ იჩინა თავი კლასში სხვაობამ. თუ მანამდე ალექსანდრა კარგად აწვდიდა პირველ ბურთს, ახლა საერთოდ აღარ გამოსდიოდა მოწოდება.

შარაპოვამ კი რისკიანი დარტყმებით მოიგერია ორივე მატჩბოლი. პანოვა მზად არ აღმოჩნდა მატჩში ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადასადგმელად და საბოლოოდ მოიშალა, რითაც მეტოქეს საშუალება მისცა, თითქოს გარდაუვალი წაგება ბრწყინვალე გამარჯვებად ექცია.

შარაპოვას შემდეგი მეტოქე ყაზახი ზარინა დიასი იქნება, რომელიც ასევე ორსაათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ გაუსწორდა სლოვაკ ანა შმიედლოვას - 3:6, 6:2, 8:6.

ფავორიტების გასეირნება
ჯერჯერობით ძალიან დამაჯერებელ თამაშს აჩვენებს ენდი მარეი. ავსტრალიელ მარინკო მატოშევიჩთან მატჩის პირველ სეტში ბრიტანელმა 21 წუთში მოამთავრა საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო კორტზე ბრძოლა, რომელშიც მასპინძელ ჩოგბურთელს მაინც არ ჰქონდა შანსი - 6:1, 6:3, 6:2 მარეის სასარგებლოდ.

33 წლის იურგენ მელცერმა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია წინააღმდეგობა ტომაშ ბერდიხს, რის შემდეგაც ჩეხმა, უბრალოდ, მორიგი ხარისხიანი ვარჯიში ჩაატარა და მესამე წრეში შეაბიჯა.

საფრანგეთის ახალი იმედი
მარიონ ბარტოლი საფრანგეთის ბოლო ვარსკვლავი იყო, რომელმაც უიმბლდონი მოიგო, მაგრამ მალე დაასრულა კარიერა. გუშინ კი ფრანგულ ჩოგბურთში ახალი იმედი გამოჩნდა ნორჩი ოსეან დოდენის სახით. 18 წლის ჩოგბურთელი ამჟამად 183-ე ადგილზეა WTA-ს რეიტინგში, არადა, სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ის 689-ე ნომერი იყო.

მაგრამ საქმე მხოლოდ ციფრებში არ არის - დოდენი უჩვენებს თამაშს, რომლის წყალობითაც ის მალე უნდა გავიდეს ფრანგული ჩოგბურთის წამყვან პოზიციებზე.

მეორე წრეში ოსეანის მეტოქე იყო კაროლინა პლიშკოვა, რომელმაც წინა კვირას ბრისბენის ტურნირის ფინალში ითამაშა. ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ჩეხს ორი საათი მოუწია კორტზე ყოფნა და დიდი ძალისხმევის ფასად შეძლო ფრანგის წინააღმდეგობის დაძლევა. დოდენმა მესამე სეტის ბოლოს სამი მატჩბოლის მოგერიება შეძლო.

სენსაციები შემთხვევითობა არ ყოფილა
ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა "დიდი სლემის" ტურნირებში საწყის ეტაპებზე სენსაციების ავტორები ამ ერთი წარმატებით კმაყოფილდებიან და უკვე შემდეგ მატჩში უსახელოდ ტოვებენ ტურნირს.

ავსტრალიის ღიას პირველ რაუნდში განთესილი ჩოგბურთელების არაერთი სენსაციური გავარდნა ვნახეთ, მაგრამ ამ მოულოდნელი შედეგების ავტორები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ. ლუსი ჰრადეცკამ, კაროლინ გარსიამ, კარინა ვიტჰოფტმა, ირინა-კამელია ბეგუმ, იაროსლავა შვედოვამ მეორე რაუნდიც დაძლიეს და დაამტკიცეს, რომ მათი წარმატება შემთხვევითობა არ ყოფილა.

ფედერერის გარდასახვა
სიმონე ბოლელი არ ჩანდა როჯერ ფედერერისთვის სახიფათო მეტოქე, მაგრამ პირველმა სეტმა სულ სხვა სურათი აჩვენა. იტალიელი შვეიცარიელ ლეგენდას ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში აგდებდა.

როგორც ჩანს, ფედერერი გაკვირვებული დარჩა მეტოქის ასეთი "თავხედობით". სანამ ბოლელი ბრწყინავდა, როჯერი აშკარად წარუმატებელი იყო - იშვიათად ახვედრებდა პირველ ბურთს და ყოველთვის ბრეიკის მიჯნაზე იყო. საბოლოოდ, აპენინელმა აიღო მეტოქის მოწოდება და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იტალიელის მეტოქეს თითი სტკიოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, როჯერისთვის ფუტკარს უკბენია.

შვეიცარიელის თამაშში ცვლილება მეორე სეტიდან დაიწყო. პირველ რიგში, როჯერმა გამოასწორა პირველი მოწოდება და დარტყმების სიზუსტის პროცენტი გაზარდა. გარდა ამისა, უკეთ კითხულობდა მეტოქის თამაშს და მალე ეს ყველაფერი ბრეიკში გამოისახა. თანდათან თამაში ლოგიკურ კალაპოტში მოექცა და ბოლელის სენსაციის მინიმალური შანსიც აღარ დარჩა.

თაობების ბრძოლა
ავსტრალიური პუბლიკის დიდი ინტერესი გამოიწვია გამოცდილი სემ გროტისა და ახალგაზრდა ტანასი კოკინაკისის მატჩმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩოგბურთელებს ვარსკვლავების გვერდით ვერ დავაყენებთ.

წლევანდელი ტურნირი გროტისთვის უკვე წარმატებულია. მან პირველი მატჩი მოიგო საშინაო "მეიჯორზე", გუშინ კი ხუთსეტიანი მატჩი ჩაატარა და ბრძოლას გამოთიშა ნორჩი თანამემამულე. კოკინაკისი პირველ წრეში გულბისის დამარცხების შემდეგ მზად არ აღმოჩნდა მეორე ხუთსეტიანი შეხვედრისთვის.

გროტს ძალიან გამოადგა გამოცდილებაც და ფიზიკური ამტანობაც. ამ უპირატესობის ილუსტრაცია გახდა მეხუთე სეტი, რომელიც სემმა 6:1 მოიგო.

მწერების შეტევა
ადგილობრივი ფაუნის მსხვერპლი მხოლოდ როჯერ ფედერერი არ ყოფილა. შვეიცარიელის მატჩის მსვლელობისას გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაფაელ ნადალს კოღომ უკბინა. ესპანელის ბანაკში პანიკა არავის აუტეხავს, მაგრამ, როცა მსოფლიოს მესამე ჩოგანი კორტზე გავიდა, მის გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი მრავლად მიეცათ.

პირველი სეტის დამაჯერებლად მოგების შემდეგ ნადალი კორტზე დადგა და გადაადგილება უჭირდა. ბევრი ამ ცვლილებას სწორედ კოღოს ნაკბენს უკავშირებდა.

ასეა თუ ისე, რაფამ ბეწვის ხიდზე გაიარა. მეოთხე სეტიდან მოყოლებული, ის დაუჯერებელ გათამაშებებს იგებდა და სწორედ მაქსიმალური თავდადების წყალობით შეძლო მესამე რაუნდში გადასვლა.

მატჩის შემდეგ ნადალმა აღიარა - თავბრუსხვევის გამო კინაღამ მატჩი მივატოვეო.

კაცები
II წრე

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 7:6(0), 6:2, 6:2; ვიქტორ ტროიცკი (სერ)-ლეონარდო მაიერი (არგ, 26) 6:4, 4:6, 6:4, 6:0; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 22) 6:7(5), 6:4, 7:6(6), 7:6(5); სემ გროტი (ავსტრა)-ტანასი კოკინაკისი (ავსტრა) 3:6, 6:3, 7:5, 3:6, 6:1; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 14)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 6:2, 6:2, 7:6(3); რიშარ გასკე (საფ, 24)-ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა) 6:2, 6:3, 7:5; დუდი სელა (ისრ)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ, 28) 7:6(2), 5:7, 7:5, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:2, 3:6, 6:7(2), 6:3, 7:5; ენდი მარეი (ბრიტ, 6)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:1, 6:3, 6:2; ჟოაო სოუზა (პორ)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ, 32) 4:6, 7:6(4), 6:4, 1:0 უარი; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-დავიდ გოფენი (ბელ, 20) 6:1, 6:4, 4:6, 6:0; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 10)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:3, 6:7(10), 6:3, 6:3; მალეკ ჟაზირი (ტუნ)-ედუარდ როჟე ვასალენი (საფ) 1:6, 6:3, 6:4, 1:6, 6:3; ნიკ კირგიოსი (ავსტრა)-ივო კარლოვიჩი (ხორ, 23) 7:6(4), 6:4, 5:7, 6:4; ანდრეას სეპი (იტა)-ჟერემი შარდი (საფ, 29) 7:5, 3:6, 6:2, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-სიმონე ბოლელი (იტა) 3:6, 6:3, 6:2, 6:2.

ქალები
II წრე

ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 4:6, 6:3, 6:2; იულია გორგესი (გერ)-კლარა კუკალოვა (ჩეხ) 6:3, 4:6, 6:2; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 22)-ოსეან დოდენი (საფ) 7:5, 5:7, 6:4; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 10)-რობერტა ვინჩი (იტა) 6:2, 6:4; სარა ერანი (იტა, 14)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 7:6(3), 6:3; იანინკა ვიკმაიერი (ბელ)-ლარა არუაბარენა (ესპ) 6:4, 4:6, 6:4; ბეტანი მატეკი (აშშ)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 7:6(3), 7:6(6); სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:2, 6:2; ეჟენი ბუშარი (კან, 7)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:0, 6:3; კაროლინ გარსია (საფ)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 6:3, 6:4; კარინა ვიტჰოფტი (გერ)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:3, 6:0; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-კატერინა სინიაკოვა (ჩეხ) 7:5, 6:4; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:2, 7:6(6); შუაი პენგი (ჩინ, 21)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:1, 6:1; ზარინა დიასი (ყაზ, 31)-ანა შმიედლოვა (სლოვაკ) 3:6, 6:2, 8:6; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ალექსანდრა პანოვა (რუს) 6:1, 4:6, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული