მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საწყისი ცხრა გეიმი აუღო ანდრეი კუზნეცოვს, მესამე სეტში კი თავს უფლება მისცა, ერთი ბრეიკი მიეცა მეტოქისთვის, მაგრამ 0:2-დან ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 84 წუთში გაიფორმა მესამე წრის საგზური. ჯოკოვიჩმა 13 ბრეიკ-პოინტიდან შვიდის გამოყენება შეძლო.
სერბის შემდეგი მეტოქეა ესპანელი ფერნანდო ვერდასკო, რომელმაც 15 ეისის დახმარებით სამ სეტში მოუგო იაპონელ გო სოედას.
სერიოზული ბრძოლა მოუწია მოქმედ ჩემპიონ სტენ ვავრინკას რუმინელ მარიუშ კოპილთან მატჩში. მეტოქეებმა თითქმის ერთნაირი რაოდენობის ქულები აიღეს: ვავრინკამ 108 და კოპილმა - 104. რუმინელი შესანიშნავად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და ერთხელ მის მიერ გაშვებული ბურთის სიჩქარემ საათში 242 კილომეტრი შეადგინა, რაც ტურნირის რეკორდია.
ვავრინკას ტაი-ბრეიკებზე წარმატებულმა თამაშმა უშველა, ბოლო სეტში კი 5:3-ზე შეასრულა გადამწყვეტი ბრეიკი და 2 საათსა და 16 წუთში გაიმარჯვა. ახლა კი მესამე წრეში 33 წლის ფინელ იარკო ნიემინენს შეხვდება.
* * *
12-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს კანადელ მილოშ რაონიჩს ამერიკელ მეტოქეებთან. ეს სერია 2003 წლის აგვისტოში დაიწყო და გუშინ გაგრძელდა. ტურნირის მერვე ნომერმა 17 ეისი ჩააწოდა დონალდ იანგის წინააღმდეგ და 6:4, 7:6, 6:3 გაიმარჯვა. რაონიჩმა საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ 12 ქულა დათმო და ჯერჯერობით ამ ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
კანადელის შემდეგი მეტოქე იქნება გერმანელი ბენჯამინ ბეკერი, რომელმაც ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან ერთად დღის ყველაზე დრამატული და საინტერესო შეხვედრა შემოგვთავაზა. ბეკერი განადგურდა პირველ ორ სეტში, მაგრამ კარგად ისარგებლა მასპინძლის 45 უნებლიე შეცდომით და ხუთ სეტში კარიერაში პირველად დაამარცხა ვეტერანი ავსტრალიელი, რომელიც ზედიზედ მე-19 "დიდი სლემის" ტურნირს თამაშობდა.
* * *
გარკვეული პრობლემები შეუქმნა ხორვატმა ივან დოდიგმა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, კეი ნიშიკორის. იაპონელმა ცუდად დაიწყო და პირველი სამი საკუთარი გეიმიდან ორი წააგო, რამაც პირველ სეტში მარცხი გამოიწვია. მეორე პარტიაში თამაში გათანაბრდა, თუმცა კარგა ხანი იაპონელის უპირატესობაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. ნიშიკორის უშველა სეტის ბოლოს შესრულებულმა ბრეიკმა, მესამე სეტის სტარტზე კი კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება.
მეოთხე სეტში კეის კიდევ ერთი კრიტიკული მომენტი ჰქონდა, როცა ბრეიკით ჩამორჩა და 5:4-ზე დოდიგი სეტზე აწვდიდა, მაგრამ აზიელმა საფრთხე მოიგერია და ტაი-ბრეიკი "მშრალი" ანგარიშით მოიგო.
* * *
ქალთა ბადეში გუშინ ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო - მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრების, ვიქტორია აზარენკასა და კაროლინ ვოზნიაცკის დუელი. დანიელმა ძალიან კარგად ჩაატარა გასული სეზონი - არაერთი ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა, მაგალითად, ითამაშა აშშ-ის ღიას ფინალში. აზარენკას, პირიქით, მხოლოდ პრობლემები ჰქონდა და წლის ბოლოს TOP30-დან გავარდა. ავსტრალიის ღიამდე ბელორუსს მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა ჩატარებული - ბრისბენში წააგო პირველი წრის მატჩი კაროლინა პლიშკოვასთან.
მაგრამ, როგორც ჩანს, აზარენკა იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. პირველ წრეში სლოუნ სტივენსს ორ სეტში მოუგო, გუშინ კი, მოულოდნელად, ძალიან იოლად დაამარცხა ვოზნიაცკი. ბელორუსმა თავიდანვე გამოაჩინა სერიოზული განწყობა, როცა 3:0 დაწინაურდა და თამაშის სადავეები ხელიდან ბოლომდე აღარ გაუშვა. ვიქტორიამ ავსტრალიის ღიაზე ბოლო 20 მატჩიდან 19 მოიგო. აქ მან 2012 და 2013 წლებში აიღო ტიტულები, შარშან კი მეოთხედფინალში ითამაშა.
ჯერ შორს არის ოპტიმალური ფორმისგან სერენა უილიამსი, რაც კარგად გამოჩნდა რუს ვერა ზვონარევასთან მატჩში. ეს უკანასკნელი 203-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა რეიტინგში და ამის მიუხედავად, ძალიან ახლოს იყო პირველი სეტის მოგებასთან. რუსი 5:3-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, მიღებაზე სამი სეტბოლიც მიიღო, მაგრამ უილიამსმა ამ მნიშვნელოვან მომენტში შეცვალა თამაშის სურათი და ისე გამოვიდა, რომ 3:5-დან მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ზედიზედ ცხრა გეიმი აიღო - 7:5, 6:0.
კაცები
II წრე
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 6:0, 6:1, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 31)-გო სოედა (იაპ) 6:3, 6:2, 7:6(3); ჯონ ისნერი (აშშ, 19)-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 6:4, 7:6(4), 4:6, 6:4; ჟილ მიულერი (ლუქ)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 13) 7:6(5), 1:6, 7:5, 6:1; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 12)-ადრიან მანარინო (საფ) 4:6, 4:6, 7:6(3), 4:0 უარი; იერჟი იანოვიჩი (პოლ)-გაელ მონფილსი (საფ, 17) 6:4, 1:6, 6:7(3), 6:3, 6:3; ბენჯამინ ბეკერი (გერ)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 2:6, 1:6, 6:3, 6:4, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 8)-დონალდ იანგი (აშშ) 6:4, 7:6(3), 6:3; სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-მარიუშ კოპილი (რუმ) 7:6(4), 7:6(4), 6:3; იარკო ნიემინენი (ფინ)-მატიას ბახინგერი (გერ) 7:6(4), 7:5, 7:5; ვასეკ პოსპიშილი (კან)-პაოლო ლორენცი (იტა) 6:7(3), 7:6(4), 6:3, 6:4; გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ)-ალეხანდრო გონსალესი (კოლ) 6:1, 6:3, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 9)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 5:7, 6:3, 6:4, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 18)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 7:6(5), 6:2, 6:4; სტივ ჯონსონი (აშშ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ, 30) 6:3, 6:4, 6:2; კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-ივან დოდიგი (ხორ) 4:6, 7:5, 6:2, 7:6(0).
ქალები
II წრე
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვერა ზვონარევა (რუს) 7:5, 6:0; ელინა სვიტოლინა (უკრ, 26)-ნიკოლ გიბსი (აშშ) 7:6(3), 7:6(6); გარბინ მუგურუსა (ესპ, 24)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:1, 1:6, 6:0; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც)-ანა ტატიშვილი (აშშ) 6:7(5), 6:3, 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 11)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:2, 6:0; ალიზ კორნე (საფ, 19)-დენისა ალერტოვა (ჩეხ) 6:4, 6:7(2), 6:2; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ, 25)-კაი-ჩენ ჩანგი (ტაივ) 6:4, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 8) 6:4, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-მონა ბარტელი (გერ) 6:2, 6:4; მედისონ კისი (აშშ)-კეისი დელაკუა (ავსტრა, 29) 2:6, 6:1, 6:1; კოკო ვანდევეგე (აშშ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 20) 6:4, 6:4; მედისონ ბრენგლი (აშშ)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:1, 6:3; კამილა ჯორჯი (იტა)-ტერეზა შმიტკოვა (ჩეხ) 6:1, 6:4; ვინუს უილიამსი (აშშ, 18)-ლორენ დევისი (აშშ) 6:2, 6:3; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 30)-აილა ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 6:1, 7:6(1); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 6)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:0, 6:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"