ავსტრალიის ღია პირველობა: ყველა მეოთხედფინალში, ფედერერის გარდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე სრულად დაკომპლექტდა მეოთხედფინალური ეტაპი. გუშინ გაიმართა დარჩენილი მერვედფინალები და საქმეში ვიხილეთ მამაკაცთა და ქალთა რეიტინგების ლიდერები.

ჯერჯერობით სეტის წაუგებლად მიიწევს წინ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მერვედფინალში მისი მეტოქე იყო ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი.

"დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ 23-ე მეოთხედფინალში გასასვლელად ჯოკოვიჩს ორი საათი და რვა წუთი დასჭირდა. მოწოდების ოსტატმა მიულერმა პირველ სეტში მხოლოდ ორი ეისი შეასრულა და ვერც ერთხელ ვერ მიაღწია ბრეიკ-პოინტამდე, ნოვაკმა კი 4:3-ზე აიღო მეტოქის მოწოდება და მალე პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში ჯოკოვიჩს სამი
ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, რის შემდეგაც 6:5-ზე მატჩში მეორე ბრეიკი შეასრულა და პარტია 7:5 მოიგო. მესამე სეტში სერბს კრიტიკული მომენტი მეშვიდე გეიმში ჰქონდა, როცა მიულერმა სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეს საფრთხეც მოიგერია და მე-11 გეიმში გაკეთებული ბრეიკით მოამთავრა საქმე.

ჯოკოვიჩის მეტოქე მეოთხედფინალში კანადელი მილოშ რაონიჩისა და ესპანელი ფელისიანო ლოპესის მატჩში ირკვეოდა. შარშან, ტორონტოს "მასტერსზე" ლოპესმა დაამარცხა ახალგაზრდა კანადელი, ახლა კი მილოშმა რევანში აიღო, ოღონდ ამისთვის ხუთი სეტის ჩატარება დასჭირდა.

არადა, რაონიჩს შეეძლო საქმე აქამდე არ მიეყვანა. 6:4, 4:6, 6:3 დაწინაურების შემდეგ, ჩრდილოამერიკელმა მეოთხე სეტის ტაიბრეიკზე ორი მატჩბოლი მიიღო - 6:5-ზე მეტოქის მოწოდებისას და 7:6-ზე საკუთარი მოწოდების დროს. გასულ კვირას, ამერიკელ დენის კუდლასთან ლოპესმა სამი მატჩბოლი მოიგერია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ესპანელმა ამჯერადაც გამოავლინა მებრძოლი ხასიათი და არა მხოლოდ მოიგერია ორივე საფრთხე, არამედ ტაი-ბრეიკი მოიგო და მატჩის მეხუთე სეტში გადაიყვანა.

გადამწყვეტ პარტიაში ლოპესს დაღლა დაეტყო. ესპანელი წყვილთა ტურნირზეც აგრძელებს ბრძოლას და, როგორც ჩანს, ამან იმოქმედა საბოლოო შედეგზე. 3:4-ზე და რაონიჩის ბრეიკ-პოინტზე ფელისიანომ ორმაგი შეცდომა დაუშვა და ეს საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. მეცხრე გეიმში რაონიჩმა სამი მატჩბოლი მიიღო და ამჯერად, შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

მილოში გახდა პირველი კანადელი, ვინც ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში ითამაშებს. სტატისტიკის მიხედვით, რაონიჩი უშანსოდაა ჯოკოვიჩთან - სერბს ოთხიდან ოთხი მატჩი აქვს მოგებული მომავალი მეტოქისთვის, თანაც ისე, რომ ჯამში მხოლოდ ერთი სეტი დათმო.

* * *
ბოლო მეოთხედფინალური წყვილი შეადგინეს იაპონელმა კეი ნიშიკორიმ და მოქმედმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ.

ნიშიკორის იოლი გასეირნება გამოუვიდა ესპანელი დავიდ ფერერის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ძალიან პასიური იყო და მხოლოდ 14 "ვინერსი" დააგროვა, რასაც 44 უნებლიე შეცდომა დაემატა. ეს სტატისტიკა გასაკვირი იყო, რადგან ესპანელი წაუგებელი გახლდათ ახალ სეზონში - მან ავსტრალიამდე დოჰას ტურნირი მოიგო (ფინალში ტომაშ ბერდიხს სძლია) და გუშინდელ მატჩამდე რვიდან რვა მოგება ჰქონდა.

ნიშიკორის კი შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა - 17 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და აქედან ექვსი გამოიყენა, აგრეთვე პირველი მოწოდებისას ქულების 72 პროცენტი აიღო.

ფერერმა ვერ შეძლო ზედიზედ მეხუთედ ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში გასვლა, ნიშიკორიმ კი შარშანდელი შედეგი გაიმეორა და თუ მომდევნო მატჩშიც მოიგებს, პირველი იაპონელი გახდება, ვინც ამ ტურნირის ნახევარფინალში მოსინჯავს ძალებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნიშიკორი შარშან ისტორიაში შევიდა, როცა პირველი აზიელი გახდა ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის ფინალამდე მიაღწია. ეს მოხდა აშშ-ის ღია პირველობაზე და მაშინ კეიმ მეოთხედფინალში სტენ ვავრინკა დაამარცხა. ახლაც ეს ჩოგბურთელები ამავე ეტაპზე შეხვედებიან ერთმანეთს.

შვეიცარიელმა მელბურნში ტიტულის დაცვა ესპანელ გილერმო გარსია-ლოპესთან მატჩში გააგრძელა.

სტენს საკმაოდ რთული ბრძოლის გადატანა მოუწია ესპანელთან. შვეიცარიელი არც ისე დამაჯერებელი იყო საკუთარ მოწოდებაზე, განსაკუთრებით პირველ სეტში, როცა ორი ბრეიკის საშუალება მისცა გარსია-ლოპესს. ამ უკანასკნელმა 5:4-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ ვავრინკამ დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც დიდი უპირატესობა ჰქონდა - 7:2.

მეორე სეტში ვავრინკამ გამოასწორა მოწოდებაზე თამაში და ერთადერთი ბრეიკით 33 წუთში მოიგო - 6:4. და როცა შვეიცარიელი მესამე სეტში ნაადრევი ბრეიკით დაწინაურდა, ყველას ეგონა, რომ ჩემპიონი სამ სეტში დაასრულებდა საქმეს, მაგრამ გარსია-ლოპესმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, მეათე გეიმში კი მეტოქის მოწოდებაზე ერთი სეტბოლი ეყო პარტიის მოსაგებად.

ამ მატჩშიც დიდი იყო მეხუთე სეტის შანსი. მეოთხე პარტიაში ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს ბოლომდე ინარჩუნებდნენ და მეორედ შეხვედრაში ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო. გარსია-ლოპესი 5:0 გაიჭრა წინ და ხუთი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ მაინც წააგო სეტი და მასთან ერთად მატჩი.

საინტერესოა, როჯერ ფედერერის ჩავარდნა რომ არა, მამაკაცთა ბადის მეოთხედფინალში პირველ რვა ნომრად განთესილ ყველა მოთამაშეს ვიხილავდით, მაგრამ შვეიცარიელის ადგილას ნიკ კირგიოსს ვხედავთ.

კაცები
1/8 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:4, 7:5, 7:5; მილოშ რაონიჩი (კან, 8)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 12) 6:4, 4:6, 6:3, 6:7(8), 6:3; სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ) 7:6(2), 6:4, 4:6, 7:6(8); კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-დავიდ ფერერი (ესპ, 9) 6:3, 6:3, 6:3.

1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 8); სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-კეი ნიშიკორი (იაპ, 5); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-რაფაელ ნადალი (ესპ, 3); ენდი მარეი (ბრიტ, 6)-ნიკ კირგიოსი (ავსტრია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული