მარგალიტა ჩახნაშვილი: ჩვენი მიზანი პირველ ზონაში ადგილის შენარჩუნებაა

AutoSharing Option
წლეულს, 4-7 თებერვალს ბუდაპეშტი ფედერაციის თასის გათამაშების პირველი ევროაფრიკული ზონის შეჯიბრებას უმასპინძლებს. უნგრეთის დედაქალაქში 15 ქვეყნის ქალთა ნაკრები გუნდები მოიყრიან თავს, რომლებიც წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ.

პირველ ადგილებზე გასულნი პლეი ოფში ერთმანეთს შეხვდებიან მეორე მსოფლიო ჯგუფის ორი საგზურისთვის, ხოლო მეოთხეადგილოსნები პირველ ზონაში დასარჩენად იბრძოლებენ.

უკვე გაუწყეთ, რომ საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ბელორუსის, პორტუგალიისა და ბულგარეთის წარმომადგენლებს გაუწევს მეტოქეობას. გაგაცნობთ ჩვენს ჯგუფში მოასპარეზე გუნდების შემადგენლობას:

ბელორუსი: ვიქტორია აზარენკა, ალექსანდრა სასნოვიჩი, ოლგა გოვორცოვა, ირინა შიმანოვიჩი, კაპიტანი - ტატიანა ფუჩეკი.

ბულგარეთი: ცვეტანა პირონკოვა,
ელიზა კოსტოვა, დია ეფტიმოვა, ვიქტორია ტომოვა, კაპიტანი - დორა რანგელოვა.

პორტუგალია: მიჩელ ლარჩერ დე ბრიტო, მარია ჟოაო კოელერი, ბარბარა ლუზი, ინეს მურტა, კაპიტანი - ანდრე ლოპესი.

საქართველო: სოფიო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, მარიამ ბოლქვაძე. კაპიტანი - მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი.

შარშან ჩვენმა ნაკრებმა (შაფათავა, გორგოძე, კალაშნიკოვა, სოფიო ქვაცაბაია, ჩახნაშვილი) მეორე ევროაფრიკულ ზონაში ზედიზედ სძლია ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ფინეთის გუნდებს და პირველ ზონაში აღზევდა.

წლევანდელი ტურნირისა და საქართველოს ნაკრების სამომავლო ამოცანებზე გუშინ გუნდის კაპიტან მარგალიტა ჩახნაშვილ-რანცინგერს ვესაუბრეთ.

- საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. ეს არც არის გასაკვირი, რადგან პირველ ევროაფრიკულ ზონაში სუსტი გუნდები ვერ აღზევდებიან, თუმცა მძლეთამძლეც ყოველთვის მოიძებნება. ჩვენთან ლიდერია ბელორუსის ნაკრები ვიქტორია აზარენკას მეთაურობით, დანარჩენები, ფაქტობრივად, თანაბარი ძალისანი არიან.

ჩვენი ნაკრების შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, მოგების საკმაოდ დიდი შანსები გვაქვს ბულგარეთსა და პორტუგალიასთან. უძლეველნი არც ბელორუსები არიან, თუმცა ეს უფრო რთული საქმეა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჩვენი გოგონები 4 თებერვლისთვის როგორ სპორტულ ფორმაში იქნებიან.

ოქსანა კალაშნიკოვა თბილისში მოემზადება ტურნირისთვის, დანარჩენები კი ამ კვირის საერთაშორისო შეჯიბრებების შემდეგ, 2 თებერვალს პირდაპირ ბუდაპეშტში შეიკრიბებიან. მოგეხსენებათ, ეკატერინე გორგოძე ანტალიაში თამაშობს, მარიამ ბოლქვაძე - ტუნისში, სოფიო შაფათავა კი - ამერიკაში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა შაფათავამ შარშან ფედერაციის თასზე ოთხი შეხვედრა ერთეულებში და ამდენივე წყვილებში მოიგო.

ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ასპარეზობის ორგანიზატორებს - ფედერაციის თასის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა, რომ სოფიომ შემჭიდროებულ ვადებში რვა ორთაბრძოლა მოიგო და საქართველოს ნაკრებს მე-2 ჯგუფიდან პირველ ზონაში აღზევებაში დაეხმარა.

ჩვენი ლიდერი უძვირფასესი მოთამაშის ნომინაციაში უეჟენი ბუშარის (კანადა), პეტრა კვიტოვას (ჩეხეთი), კიკი ბერტენსისა (ჰოლანდია) და აგნიეშკა რადვანსკას (პოლონეთი) გვერდით მოიხსენიეს. მჯერა, რომ ჩვენი ლიდერი წლეულსაც გამოიჩენს თავს. ბუდაპეშტში მას ყველა გუნდის პირველ ნომერთან ტოლ-სწორად შეუძლია ბრძოლა.

- შარშანდელთან შედარებით, გუნდში ცვლილებაა...
- დიახ, სოფიო ქვაცაბაიას ნაცვლად ნაკრებში ახალგაზრდა მარიამ ბოლქვაძე შევიყვანეთ. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ სოფიოს არ ვენდობით. პირიქით, ის მუყაითი ჩოგბურთელია, მონდომებული და წარმატებული.

დასტურად წინა კვირას ანტალიაში დამთავრებული 10.000-იანი ტურნირიც გამოდგება, სადაც ქვაცაბაიამ ხუთივე მეტოქე დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა, წყვილებში კი ეკატერინე გორგოძესთან ერთად მეორე იყო. ვულოცავთ ამ წარმატებას. ბოლქვაძე ნიჭიერი ჩოგბურთელია, ბოლო დროს ისიც კარგად თამაშობს.

მართალია, ჯერ გამოცდილება აკლია, მაგრამ აუცილებელია, ნელ-ნელა შევაჩვიოთ ნაკრებს. ყველა გუნდს ჰყავს ერთი ახალგაზრდა მოთამაშე, მაგალითად, ბელორუსი შიმანოვიჩი 17 წლისაა. ამგვარი ცვლილებები მტკივნეული არ უნდა იყოს, რადგან ამით ნაკრებისკენ კარს არავის ვუღობავთ.

- ბუდაპეშტში რა მიზნებს ისახავთ?
- შეჯიბრებაზე ყველა გუნდი მოსაგებად მიდის. ცხადია, არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. მეორე მსოფლიო ჯგუფში თუ მოვხვდებით, ამას რა ჯობია, მაგრამ ამ ეტაპზე რთული შესასრულებელი ამოცანაა. ამიტომ უფრო მოკრძალებული - პირველ ზონაში ადგილის შენარჩუნებაა. წესით, ეს არ უნდა გაგვიჭირდეს.

- ერთეულებში, ალბათ, შაფათავა და გორგოძე, წყვილებში კი შაფათავა-კალაშნიკოვას დუეტი ითამაშებს..
- წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ამ კვირასაც დავაკვირდები გოგონების მომზადების დონეს. 2 თებერვალს ბუდაპეშტში რომ შევიკრიბებით, ყველაფერს იქ გადავწყვეტთ. 4 თებერვალს ბელორუსებს დავუპირისპირდებით, 5 და 6 თებერვალს კი, შესაბამისად, პორტუგალიასა და ბულგარეთთან გავარკვევთ ურთიერთობას.

ჯგუფში დასარჩენად, როგორც გითხარით, რეალური შანსი გვაქვს და ამას გამოვიყენებთ. ერთ მუჭად შეკრული გუნდი გვყავს და, რაც მთავარია, ჩოგბურთის ფედერაცია გვიდგას გვერდით, რისთვისაც ბატონ ალექსანდრე მეტრეველსა და ქალბატონ ლალი ზერეკიძეს მადლობა მინდა ვუთხრა.

- ბოლო დროს იშვიათად ჩნდებით კორტებზე. როგორც მითხრეს, უფრო მწვრთნელობისკენ იხრებაო. მართალია?
- შვიდი წლის განმავლობაში ჩემი მწვრთნელი გახლდათ იტალიელი რაულ რანცინგერი. მისი ხელმძღვანელობით მივაღწიე 130-ე ადგილს. ამ საქმიან ურთიერთობაში, თურმე, სიყვარულიც შემოგვპარვია და ერთი წლის წინათ დავქორწინდით.

რაული კათოლიკე იყო, შარშან ოქტომბერში თბილისში მოინათლა - მართლმადიდებელი გახდა და წმიდა მარინეს ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი. გენუასთან ახლოს ვცხოვრობთ, სადაც ჩემს მეუღლეს ჩოგბურთის აკადემია აქვს. დიდი კლუბის შექმნა გვინდა და, შესაძლოა, სხვაგან გადავიდეთ საცხოვრებლად. ამიტომ შარშანდლიდან ნელ-ნელა ვეჩვევი სამწვრთნელო საქმიანობას.

თუმცა ჯერჯერობით კლუბებთან ისევ მაქვს კონტრაქტი. ამდენად, რეიტინგისა და ფორმის შენარჩუნება აუცილებელია. ყველაფერი ეს მომავლის საქმეა. ამჯერად კი ჩემი საზრუნავია, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბუდაპეშტში წარმატებით ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული