ავსტრალიის ღია პირველობა: რაფაელ ნადალი განადგურებულია

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალი დაიწყო და ეს ეტაპი სრული კრახით დასრულდა ესპანელი რაფაელ ნადალისთვის.

ტომაშ ბერდიხს, 2006 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ 17 (!) მატჩი ჰქონდა წაგებული ნადალთან და ჩეხს გუშინ ეძლეოდა ამ სერიის შეწყვეტის კარგი შანსი. ტრავმების გამო რაფა ბოლომდე სრულფასოვნად არ დაბრუნებულა პროფესიულ ტურში, ბერდიხი კი ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა ავსტრალიის ღიას - ტომაშმა მეოთხედფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია, თანაც ყველა მატჩში იოლად უსწორდებოდა მეტოქეებს. ასე რომ, ნადალის მხარეს სტატისტიკა იყო, ბერდიხის მხარეს - სათამაშო ფორმა.

თამაშის დაწყებიდან ერთ საათში ნადალი
კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა - მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ორ სეტში მხოლოდ ორი გეიმის აღება შეძლო - 2:6, 0:6.

ესპანელმა მხოლოდ მესამე სეტში შეძლო გამოფხიზლება და ასე თუ ისე ბრძოლა მოახვია თავს მეტოქეს. ყოველ შემთხვევაში, შეცდომებს უკლო და ეს საკუთარი გეიმების შენარჩუნების საშუალებას აძლევდა. თუმცა ბერდიხის სათამაშო უპირატესობა მაინც თვალშისაცემი იყო. ჩეხს შეეძლო, ტაი-ბრეიკამდე არ მიეყვანა საქმე, როცა მე-12 გეიმში მიღებაზე ორი მატჩბოლი გამოიმუშავა, მაგრამ ნადალმა გადაარჩინა გეიმი და თამაში ტაი-ბრეიკზე გაგრძელდა.

აქაც ბერდიხი აკონტროლებდა სიტუაციას და მან მე-13 გეიმში 5:1 წაიყვანა ანგარიში. ნადალი არ დანებდა - ორი მინი-ბრეიკი შეასრულა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. 4:5-ზე ესპანელს ორი მოწოდება ჰქონდა და შეეძლო სეტბოლამდე მიეღწია, მაგრამ პირიქით მოხდა - ბერდიხმა მნიშვნელოვანი ქულა აიღო და 6:4-ზე ორმაგი მატჩბოლი მოიპოვა. ჩეხმა მეორე ცდაზე შეძლო შანსის გამოყენება და ზედიზედ მეორედ გავიდა ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში. შარშან, ამ ეტაპზე ტომაშმა მომავალ ჩემპიონთან, სტენ ვავრინკასთან წააგო.

ბერდიხმა ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა მეტოქეს: 10 ეისი ჰქონდა სამის წინააღმდეგ, არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია (ნადალი ექვსჯერ შეცდა), ათიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა (ნადალმა - ოთხიდან არცერთი) და 46 "ვინერსი" დააფიქსირა (ნადალს მხოლოდ 24 ჰქონდა). და კიდევ, რაფა საშინლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე - პირველზე ქულების 64 პროცენტი აიღო, მეორეზე - 29.

* * *
განსაკუთრებული ბრძოლა არც მეორე მეოთხედფინალში ყოფილა. ბრიტანელმა ენდი მარეიმ დაადასტურა, რომ ავსტრალიელი ჩოგბურთელების წინააღმდეგ თამაშის დიდი სპეციალისტია. ენდი კარიერაში მეთერთმეტედ ხვდებოდა ამ ქვეყნის წარმომადგენლებს და მეთერთმეტედ მოიგო.

მარეი ადგილობრივი პუბლიკის ბოლო იმედს, ნიკ კირგიოსს ხვდებოდა. ამ უკანასკნელმა წინა ეტაპებზე რამდენიმე რთული მატჩი ჩაატარა და ფიზიკურად ბოლომდე კარგად ვერ გამოიყურებოდა, თუმცა ახერხებდა აქტიურ თამაშს. კირგიოსმა შეხვედრა 38 "ვინერსით" დაასრულა, მაგრამ ასევე ბევრი უნებლიე შეცდომა ჰქონდა - 38. მარეის ეს მაჩვენებლები გაცილებით უკეთესი ჰქონდა - 48 "ვინერსი" და 28 უნებლიე შეცდომა.

რაც მთავარია, ბრიტანელი საკუთარ მოწოდებაზე ძალიან დამაჯერებელი იყო და ავსტრალიელს მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელთაგანაც კირგიოსმა ერთი გამოიყენა. ენდის კი ცხრა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

პირველ სეტში მარეიმ მეექვსე გეიმში გააკეთა ბრეიკი და 32 წუთში მოიგო პარტია. მეორე სეტში ჩოგბურთელებმა ბოლომდე შეინარჩუნეს საკუთარი მოწოდებები და დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელშიც კარგა ხანი მინიმალური უპირატესობა კირგიოსს ჰქონდა, მაგრამ მასპინძელმა შანსი ვერ გამოიყენა, 5:6-ზე კი, საკუთარი მოწოდებისას გადამწყვეტი ქულა აჩუქა ბრიტანელს.

მესამე სეტში, როცა მარეიმ მეექვსე გეიმში მორიგი ბრეიკი შეასრულა, თამაში ყველამ დასრულებულად ჩათვალა, მაგრამ უკვე მომდევნო გეიმში კირგიოსმა დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. გულშემატკივრებს იმედი მიეცათ, თუმცა ამაოდ. უკვე მომდევნო გეიმში ავსტრალიელმა საკუთარი მოწოდება წააგო და შემდეგ მარეიმ მატჩზე წარმატებით ჩააწოდა.

ახლა ბრიტანელს ურთულესი ნახევარფინალი ელოდება ბერდიხის წინააღმდეგ. ურთიერთშეხვედრებში ენდი 4:6-ს აგებს, თან ბოლო ორი მატჩი წააგო ჩეხთან.

კაცები
1/4-ფინალი
ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-რაფაელ ნადალი (ესპ, 3) 6:2, 6:0, 7:6(5); ენდი მარეი (ბრიტ, 6)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა) 6:3, 7:6(5), 6:3.

ქალები
1/4-ფინალი
ეკატერინა მაკაროვა (რუს, 10)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 3) 6:4, 6:0; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ეჟენი ბუშარი (კან, 7) 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული