ქართველი ჩოგბურთელების საშეჯიბრებო მარშრუტები

AutoSharing Option
ნაახალწლევს ქართველმა ჩოგბურთელებმა თითო-ოროლა ტურნირში მოსინჯეს ძალები (წინა კვირას არ ვგულისხმობთ), თუმცა დიდი შედეგები არ ჰქონიათ. ამიტომ საერთაშორისო ასოციაციების განახლებულ რეიტინგებში ჩვენებურებს, ფაქტობრივად, ცვლილებები არ განუცდიათ.

ქალები. 218 (218). სოფიო შაფათავა (228), 327 (327). ეკატერინე გორგოძე (106), 424 (424). სოფიო ქვაცაბაია (68), 530 (530). ოქსანა კალაშნიკოვა (45), 698 (697). მარიამ ბოლქვაძე (24), 879 (879). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (13), 1111 (1109). თამარ კუტუბიძე (5), 1205 (1202). თამარ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 71 (70). კალაშნიკოვა (1125), 190 (188). შაფათავა (315), 275 (274). გორგოძე (195),
388 (388). ქვაცაბაია (112), 938 (937). ბოლქვაძე (16), 1153 (1152). ჭალაგანიძე (7).

ვაჟები. 157 (157). ნიკოლოზ ბასილაშვილი (325), 545 (542). ალექსანდრე მეტრეველი (59), 866 (866). გიორგი ცივაძე (18), 1221 (1222). გიორგი ჯავახიშვილი (6), 1422 (1418). ალექსანდრე ბაკში (3), 1725 (1725). ირაკლი მეტრეველი (1).

მომდევნო კვირას ქართველ ჩოგბურთელთაგან წინსვლა ექნება სოფიო ქვაცაბაიას, რომელმაც გასულ უქმეებზე ანტალიაში ერთეულთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო წყვილებში გორგოძესთან ერთად მეორე იყო. სოფიო ამ კვირასაც ანტალიაშია და ახალ 10.000-იან ტურნირში მონაწილეობს.

27 იანვარს მე-6 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა კვალიფიკაციიდან აღზევებული ჩინელი - იია ჩაო დაამარცხა - 6:4, 6:3 და მეორე წრეში იტალიელი ვერენა ჰოფერის მძლეველ ნიკა კუხარჩუკს (რუსეთი) დაუპირისპირდება. ამ ტურნირში ასპარეზობის რეიტინგფავორიტია ეკატერინე გორგოძე, რომელიც სტარტზე ასევე ჩინელ ჩოგბურთელს - იან ჟანს გამოცდის.

წყვილებში პირველ ნომრად განთესილი გორგოძე და ქვაცაბაია ტურნირზე "ველური ბარათით" მიწვეულ გერმანელებს - მიხელა ერკენსსა და ჰანა ლანდენერს გაუწევენ მეტოქეობას.

ტუნისში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე თამარ ჭალაგანიძე პირველსავე შეხვედრაში მირაბელ ნჯოზესთან დამარცხდა - 0:6, 0:6. ძირითად ბადეშია მარიამ ბოლქვაძე - იგი სტარტზე ასპარეზობის მერვე ნომერ ბელგიელ მარი ბენუასთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში ბოლქვაძე და უნგრელი საბინა შლავიკოვიჩი მირაბელ ნჯოზეს (დიდი ბრიტანეთი) და მარია ზოტოვას (რუსეთი) ეთამაშებიან. ესპანელ ქრისტინა სანჩეს-კუინტარანთან შეამხანაგებულ ჭალაგანიძეს კი მძიმე ბრძოლა ელის რეიტინგფავორიტებთან - იზაბელა შინიკოვასა (ბულგარეთი) და ჩანთალ სკამლოვასთან (სლოვაკეთი).

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა ფლორიდაში დარჩა და სანრაისის 25.000-იან ტურნირში ჩაებმება.

სტარტზე მისი მეტოქეა ბეატრიზ ჰადად მაია (ბრაზილია). ამავე ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი ამერიკაში გადაბარგებული ანა ტატიშვილი, რომელიც პირველ წრეში გზიდან ესპანელი ბეატრიზ გარსია-ვადაგანის ჩამოშორებას შეეცდება. სოფიო და ანა სამ-სამი რაუნდის წარმატებით გავლას თუ მოახერხებენ, ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.

წყვილებში შაფათავა ბრიტანელ ემილი ვებლი-სმიტთან ერთად მე-4 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ამერიკელებთან - ბრიტნი დუბინსსა და კაილა რიზოლოსთან ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული