რა თქმა უნდა, ATP-ის ტურში მთავარი მოლოდინი რიო-დე-ჟანეიროს ტურნირს უკავშირდებოდა, კერძოდ კი, რაფაელ ნადალს, მაგრამ გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ ესპანელმა ფინალამდე ვერ მიაღწია, რადგან ნახევარფინალურ ეტაპზე იტალიელი ფაბიო ფონინის მსხვერპლი გახდა.
აპენინელმა შეწყვიტა TOP5-ის წევრებთან ზედიზედ 23-მატჩიანი წაგებათა სერია და იმედი ჰქონდათ, რომ ის ფინალში სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა კიდევ ერთ ესპანელს, დავიდ ფერერს. ამ უკანასკნელს ფონინისთვის შვიდიდან შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული და ეს
ფინალში ორი სეტი თითქმის ერთნაირი სცენარით წარიმართა - ფერერი ადრეულ ბრეიკს ასრულებდა და 3:1 გადიოდა წინ, რასაც მეორე ბრეიკი მოჰყვებოდა. პირველი სეტი ესპანელმა 6:2 მოიგო, მეორეში კი 1:5-ზე ფონინიმ გაიბრძოლა, ერთი საპასუხო ბრეიკი შეასრულა და სხვაობა შეამცირა - 3:5, მაგრამ იქვე დავიდმა მატჩზე წარმატებით ჩააწოდა და კარიერაში 23-ე ტურნირი მოიგო.
* * *
წარმატებული წელი აქვს ჟილ სიმონს. ავსტრალიის ღია პირველობაზე ფრანგი დაგვამახსოვრდა მარათონული ორთაბრძოლით დავიდ ფერერთან, შემდეგ როტერდამში ენდი მარეი დაამარცხა, ახლა კი ტიტულის ჯერიც მოვიდა. თუმცა იმისთვის, რომ მარსელში მეორედ მოეპოვებინა მთავარი პრიზი, სიმონს ჯამში კორტზე 8 საათისა და 53 წუთის გატარება მოუწია.
მარსელის ფინალი შესანიშნავი გამოვიდა. სიმონისა და მონფილსის დაპირისპირება მხოლოდ გადამწყვეტ ტაი-ბრეიკზე დასრულდა. გაელი უფრო მეტს ცდებოდა და მატჩის ბოლოს აღარც თავისი საფირმო დარტყმები გამოსდიოდა. სულ თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთ მთავარ შოუმენს 54 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა. სიმონს კარიერაში უკვე 12 ტიტული დაუგროვდა. "ღია ერაში" ფრანგებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იანიკ ნოას აქვს - 23 ტიტული.
* * *
ივო კარლოვიჩი ჯერჯერობით არ აპირებს პენსიაში გასვლას. ერთი კვირის შემდეგ ხორვატი 36 წლის გახდება, მაგრამ ჯერჯერობით შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. მართალია, დელრეი ბიჩის ტურნირის შემადგენლობა მოკრძალებული იყო, მაგრამ ივოს თამაშმა ბევრში გაკვირვება გამოიწვია. თავის საფირმო ეისებს კარლოვიჩმა მრავალფეროვანი თამაში დაუმატა უკანა ხაზზე და თან სტაბილურობაც შეიძინა.
ამერიკული ტურნირის ფინალში ხორვატმა დაამსხვრია მასპინძელი დონალდ იანგის ოცნებები კარიერაში პირველ ტიტულზე - 6:3, 6:3. კარლოვიჩი ATP-ის ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა 1989 წლის შემდეგ. მაშინ ისრაელში 37 წლის ასაკში გაიმარჯვა ჯიმი კონორსმა.
* * *
ქალების ერთი ტურნირის (დუბაი) ფინალის შესახებ გუშინდელ ნომეში მოგიყევით - რუმინელმა სიმონა ჰალეპმა დაამარცხა ჩეხი კაროლინ პლიშკოვა და დაიბრუნა კლასიფიკაციაში მესამე ადგილი.
გარდა ამისა, რიო-დე-ჟანეირო ქალთა ტურნირსაც მასპინძლობდა, სადაც, განსხვავებით მამაკაცებისგან, გამორჩეულად ძლიერი ჩოგბურთელები არ ჩასულან. განთესვის პირველი ნომერი იოლად გაამართლა სარა ერანიმ. იტალიელმა მხოლოდ მეოთხედფინალში დათმო ერთი სეტი ყველასთვის უცნობ ბრაზილიელ ბეატრის ჰადად-მაიასთან. ფინალში კი სარა სლოვაკ ანა შვიდლოვას გაუსწორდა - 7:6(2), 6:1.
ერანისთვის ეს წარმატება მნიშვნელოვანი იყო, რადგან 2013 წლის შემდეგ არ გაემარჯვა WTA-ში ერთეულთა თანრიგში.
ATP
რიო-დე-ჟანეირო (ბრაზილია)
ფინალი
დავიდ ფერერი (ესპ, 2)-ფაბიო ფონინი (იტა, 4) 6:2, 6:3.
მარსელი (საფრანგეთი)
ფინალი
ჟილ სიმონი (საფ, 5)-გაელ მონფილსი (საფ, 7) 6:4, 1:6, 7:6(4).
დელრეი ბიჩი (აშშ)
ფინალი
ივო კარლოვიჩი (ხორ, 4)-დონალდ იანგი (აშშ) 6:3, 6:3.
WTA
რიო-დე-ჟანეირო (ბრაზილია)
ფინალი
სარა ერანი (იტა, 1)-ანა შმიედლოვა (სლოვაკ) 7:6(2), 6:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"