მაიამის "მასტერსი": სერენა 700-მდე ავიდა

AutoSharing Option
მაიამის ტურნირის ორგანიზატორებს მეორედ მოუწიათ კორტზე ტორტის გამოტანა. პირველად ეს ენდი მარეის მე-500 გამარჯვების აღსანიშნავად მოხდა, ამჯერად კი სერენა უილიამსს ჰქონდა მისალოცად საქმე - მან კარიერაში მე-700 გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს გერმანელი საბინ ლისიცკი უპირისპირდებოდა. ამერიკელი მაიამიში ვერ აჩვენებს ოპტიმალურ ფორმას, ლისიცკი კი პირიქით, ასეთ კარგ ფორმაში დიდი ხანია არ ყოფილა. შესაბამისად, ყველა სერიოზულ ბრძოლას ელოდა და ეს მოლოდინი გამართლდა.

პირველი სეტი ამერიკელმა ტაი-ბრეიკზე მოიგო და მეორე სეტი ბრეიკის აღებით დაიწყო. და სწორედ აქ მოხდა უცნაური რამ - ლისიცკიმ
ზედიზედ 6(!) გეიმი აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ ეს გარღვევა არ აღმოჩნდა საკმარისი მსოფლიოს პირველი ნომრის დასამარცხებლად. სერენამ მესამე სეტის პირველი გეიმი 15:30-დან გადაარჩინა და შემდეგ ინიციატივა დაიბრუნა, რაც 3:0-ში გამოიხატა.

გერმანელის დიდი მცდელობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო უილიამსის დაწევა და ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ სერენამ ნახევარფინალში გასვლა იზეიმა - 7:6(4), 1:6, 6:3. აღსანიშნავია, რომ ლისიცკის ერთით მეტი ბრეიკი ჰქონდა (შვიდი ექვსის წინააღმდეგ). გარდა ამისა, უილიამსმა 51 უნებლიე შეცდომით დაასრულა შეხვედრა.

როგორც გითხარით, ეს იყო სერენას კარიერაში მე-700 გამარჯვება. ამერიკელზე წინ მხოლოდ შვიდი ჩოგბურთელია: მარინა ნავრატილოვა (1442), კრის ევერტი (1309), შტეფი გრაფი (902), ვირჯინია უეიდი (839), არანჩა სანჩეს-ვიკარიო (759), ლინდსი დევენპორტი (753) და კონჩიტა მარტინესი (739).

* * *
ისიც ვთქვათ, რომ ეს იყო სერენა უილიამსის ზედიზედ მე-19 გამარჯვება პროფესიულ ტურში. მისი ბოლო მარცხი შარშანდელი ოქტომბრით თარიღდება, როცა ამერიკელმა წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე წააგო სიმონა ჰალეპთან. სერენამ იმავე ჩემპიონატის ფინალში რევანში აუღო რუმინელს და ახლაც ექნება მსგავსი შესაძლებლობა, რადგან მაიამის ნახევარფინალში სწორედ ჰალეპი გახდა ამერიკელის მეტოქე.

სიმონას მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ამერიკელი სლოუნ სტივენსი იყო. რუმინელმა ფანტასტიკური სტარტი აიღო და დაახლოებით 40 წუთში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 6:1, 3:0.

მაგრამ მასპინძელმა იოლად არ დაანება მეტოქეს ნახევარფინალის საგზური - მომდევნო ექვსი გეიმიდან ხუთი თავის სასარგებლოდ დაასრულა და 5:4 დაწინაურდა. თუმცა ეს სლოუნის ბოლო გაბრძოლება აღმოჩნდა. ჰალეპმა ინიციატივა დაიბრუნა და ზედიზედ სამი გეიმის აღებით იზეიმა გამარჯვება - 6:1, 7:5.

სხვათა შორის, სერენა უილიამსი და სიმონა ჰალეპი ორი კვირის წინ, ინდიან უელსის ტურნირის ნახევარფინალშიც უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამერიკელმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და უბრძოლველად გაუშვა რუმინელი ფინალში.

ქალები
1/4-ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:1, 7:5; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-საბინ ლისიცკი (გერ, 27) 7:6(4), 1:6, 6:3.

1/2-ფინალი
ს. უილიამსი (1)-ჰალეპი (3); სუარეს ნავარო (12)-პეტკოვიჩი (9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული