რაფაელ ნადალს სისტემა არ მოსწონს

AutoSharing Option
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა კომენტარი გაუკეთა მოსალოდნელ ფაქტს, რომ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გავარდეს ATP-ის კლასიფიკაციის ტოპ-ხუთეულიდან.

"ნახევარი წელია ქულები არ ამიღია და წლიურ რეიტინგში ძალიან რთულია მწვერვალზე დარჩენა. დღევანდელი სარეიტინგო სისტემა ძალიან არ მომწონს", - განაცხადა ესპანელმა.

ნადალს ადრეც უთქვამს, რომ საჭიროა არსებობდეს კლასიფიკაცია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება არა ბოლო 12, არამედ 24 თვის შედეგები.

გარდა ამისა, რაფაელმა უპასუხა შეკითხვას - საჭიროა თუ არა "მასტერსის" სერიის ტურნირებზე ხუთსეტიანი ფინალების დაბრუნება.

"ჩემი აზრით, ეს არ ჩაჯდება საერთო ტენდენციაში. საჩოგბურთო ხელმძღვანელობას
ტემპი და სისწრაფე უყვარს. მათ სურთ, შეამცირონ მატჩების ხანგრძლივობა, ხელი შეუწყონ ისეთი კორტების დამკვიდრებას, რომლებზეც არა ფიქრი, არამედ ბურთის ძლიერად დარტყმაა საჭირო. ასე რომ, არ მგონია, "მასტერსებზე" დაბრუნდეს ხუთსეტიანი ფინალების ფორმატი. ეს კარგი დრო იყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ის წარსულს ჩაბარდა".

როლან გაროსის დანაკლისები
ცნობილი გახდა ორი ჩოგბურთელის ვინაობა, რომლებიც ვერ შეძლებენ "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირზე - როლან გაროსზე თამაშს. ერთ-ერთი გახლავთ ATP-ის რეტინგის 108-ე ნომერი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ლეიტონ ჰიუიტი. ავსტრალიელმა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა - მას სურს, უკეთ მოემზადოს უიმბლდონისთვის და დევისის თასზე ყაზახეთთან მატჩისთვის. წლევანდელ სეზონში 34 წლის ჰიუიტმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა ერთეულთა თანრიგში.

* * *
კიდევ ერთხელ გადადო WTA-ს ტურში დაბრუნება ბრიტანელმა ლორა რობსონმა. გასულ წელს ჩოგბურთელმა მაჯის ოპერაცია გადაიტანა და ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ გასულა კორტზე. ის ტურში დაბრუნებას სწორედ როლან გაროსზე გეგმავდა, მაგრამ გადაიფიქრა პარიზში ჩასვლა.

სავარაუდოდ, რობსონის დაბრუნება ბალახის ტურნირების სერიისას შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული