რაც შეეხება კუზნეცოვას, ის ბოლოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალში 2009 წელს იყო. რუსმა მადრიდშიც პირველი სამი შეხვედრა ურთულეს ბრძოლებში მოიგო, სამაგიეროდ, ნახევარფინალში ძალიან იოლად გაუსწორდა თანამემამულე მარია შარაპოვას.
ნამდვილი გმირობა ჩაიდინა ნახევარფინალში კვიტოვამ - მან წელს პირველი მარცხი აგემა სერენა უილიამსს.
ამ მატჩის შემდეგ შეწყდა სერენას სამი ბრწყინვალე სერია: ზედიზედ 50 მოგება უმაღლესი კატეგორიის (Premier Mandatory) ტურნირებზე, ზედიზედ 27 მოგება ტურში და 19 მოგება მადრიდში.
* * *
ფინალში დაძაბულ ბრძოლას ელოდნენ. კვიტოვასა და კუზნეცოვას წინა ოთხი შეხვედრიდან სამში სამსეტიანი დაძაბული ბრძოლა იყო. ერთადერთი შეხვედრა გრუნტზე გასულ წელს როლან გაროსზე შედგა და რუსმა ბოლო სეტში 9:7 მოიგო. მაგრამ, ამჯერად, ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. ცხადი იყო: თუ კვიტოვა ისეთ თამაშს აჩვენებდა, რაც უილიამსის წინააღმდეგ ჰქონდა, კუზნეცოვა უშანსოდ დარჩებოდა. ასეც მოხდა
ჩეხმა თავიდანვე მიხედა საქმეს და ზედიზედ შვიდი ქულა აიღო. რუსმა 0:40-დან გადაარჩინა საკუთარი მოწოდება, მაგრამ ამით მისი გმირობები პირველ პარტიაში დასრულდა. კვიტოვა ჯაბნიდა მეტოქეს სისწრაფესა და დარტყმების ძალაში. "ვინერსებში" სხვაობა გამაოგნებელი იყო - 14:1 ჩეხის სასარგებლოდ.
მეორე სეტში კუზნეცოვა ოდნავ უკეთ მოქმედებდა, უფრო მეტს უტევდა, მაგრამ ფინალის ბედის თავის სასარგებლოდ გარდატეხა ვერ შეძლო. პეტრა უმაღლეს დონეზე მოქმედებდა და დაიმსახურა გამარჯვება - 6:1, 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"