რომის მასტერსი: უსენსაციო დღე რომში

AutoSharing Option
რომის "მასტერსი" მეორე წრის მატჩებით გაგრძელდა და ჯოკოვიჩის შემდეგ, რომელმაც ორი დღის წინ მოიპოვა მერვედფინალის საგზური, გუშინ საქმეში კიდევ რამდენიმე ფავორიტი ვიხილეთ.

ისევ დიდ ინტერესს იწვევს რაფაელ ნადალის გამოსვლა, რომელიც აღარ მიიჩნევა მოახლოებული როლან გაროსის უპირველეს ფავორიტად. ესპანელმა ამ სეზონში გრუნტზე უკვე ოთხი შეხვედრა წააგო, რაც 2003 წლის შემდეგ არ მომხდარა, როცა რაფას დებიუტი ჰქონდა პროფესიულ ტურში.

რომის "მასტერსი" ნადალის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია - წინა ათი შემთხვევიდან ცხრაჯერ ითამაშა ფინალში. გუშინ მეათე ფინალისკენ პირველი ნაბიჯი ესპანელმა დამაჯერებლად გადადგა, როცა 74
წუთში გაანადგურა თურქი მარსელ ილჰანი - 6:2, 6:0. მეოთხე ნომრად განთესილმა პირველი მოწოდებით ქულების 92 პროცენტი მოიგო და მეტოქის ორივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

ნადალის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ჯონ ისნერი იქნება, რომელმაც 11 ეისის დახმარებით დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი - 7:6(6), 6:4. ისნერს ნადალთან ხუთიდან ხუთი მატჩი აქვს წაგებული. ბოლოს ისინი სულ ცოტა ხნის წინ, მონტე კარლოს "მასტერსზე" შეხვდნენ ერთმანეთს და ესპანელმა ორ სეტში მოიგო.

* * *
აგრძელებს ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას ენდი მარეი. ბრიტანელმა წელს მეათე მატჩი ჩაატარა გრუნტზე და მეათედ მოიგო. შეგახსენებთ, რომ ეს სერია მოიცავს მიუნხენის ტურნირისა და მადრიდის "მასტერსის" მოგებას, რომლის ფინალშიც ენდიმ ნადალს მოუგო ორ სეტში.

გუშინ მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად მარეიმ 84 წუთი იკმარა ფრანგი ჟერემი შარდის წინააღმდეგ - 6:4, 6:3. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ექვსი ეისი ჩააწოდა და ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია - ორივე პირველი სეტის მეექვსე გეიმში.

ენდის აშკარად არგო მწვრთნელად ცნობილი შვედის, იონას ბიორკმანის მიწვევამ, რომელიც ფრანგ ამელი მორესმოს ცვლის. ამ უკანასკნელმა მალე უნდა იმშობიაროს და ამის გამო ვერ ახერხებს ენდის გვერდით ყოფნას.

* * *
რთული ტესტის გავლა მოუწია იაპონელ კეი ნიშიკორის. აზიელს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ჩეხი ირჟი ვესელისგან, რომელსაც, მართალია, ორ სეტში სძლია - 7:6(3), 7:5, მაგრამ ორი საათი და 11 წუთი მოუწია კორტზე ყოფნა. იაპონელმა რვიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.

25 წლის ნიშიკორიმ სეზონში 30-ე გამარჯვებას მიაღწია, გრუნტზე კი მას ათიდან ცხრა მოგება აქვს. ამ საფარზე კეიმ წელს ბარსელონას ტურნირი მოიგო, ხოლო გასულ კვირას მადრიდის "მასტერსის" ნახევარფინალში წააგო მარეისთან.

* * *
დღის ბოლო მატჩში კიდევ ერთმა ფავორიტმა მოიგო. ორი კვირის წინ, სტამბოლის ფინალში როჯერ ფედერერმა ურუგვაელი პაბლო კუევასი დაამარცხა ორ სეტში. გუშინ სამხრეთამერიკელს რევანშის შანსი ჰქონდა, მაგრამ ისევ ვერაფერი მოუხერხა შვეიცარიელ ლეგენდას.

ფედერერი შესანიშნავად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და მთელი შეხვედრის განმავლობაში არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა ურუგვაელს. პირველ სეტში როჯერმაც ვერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე ჰქონდა უპირატესობა - 7:3. მეორე პარტიაში კი ფედერერმა რიგით მეოთხე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და საათსა და 21 წუთში მოიპოვა მერვედფინალში თამაშის უფლება - 7:6(3), 6:4.

1/8-ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბელუჩი (ბრა)
ტროიცკი (სერ)-ნიშიკორი (იაპ, 5)
მარეი (ბრიტ, 3)-გოფენი (ბელ)
გარსია ლოპესი (ესპ)-ფერერი (ესპ, 7)
ვავრინკა (შვეიც, 8)-ტიმი (ავსტრია)
ისნერი (აშშ, 16)-ნადალი (ესპ, 4)
ბერდიხი (ჩეხ, 6)-ფონინი (იტა)
ანდერსონი (ს. აფრ, 15)-ფედერერი (შვეიც, 2)

* * *
გუშინ ასევე დასრულდა მეორე წრე რომის ქალთა ტურნირზე და ასეთი მერვედფინალური წყვილები მივიღეთ:

ს. უილიამსი (აშშ, 1)-მაკჰეილი (აშშ)
ბაშჩინსკი (შვეიც)-გავრილოვა (რუს)
შარაპოვა (რუს, 3)-იოვანოვსკი (სერ)
ბეგუ (რუმ)-აზარენკა (ბლრ)
ბუშარი (კან, 6)-სუარეს ნავარო (ესპ, 10)
მაკაროვა (რუს, 8)-დელგერუ (რუმ)
ვ. უილიამსი (აშშ, 14)-ჰალეპი (რუმ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული