როლან გაროსი. IV დღე: ჰალეპი სახლში წავიდა

AutoSharing Option
დღე არ გავა, როლან გაროსის ქალთა ტურნირზე მოულოდნელობა არ მოხდეს. ამჯერად, სერიოზულ სენსაციას ჰქონდა ადგილი. საფრანგეთის ღია პირველობა დამთავრდა მსოფლიოს მესამე ჩოგანისთვის, რუმინელი სიმონა ჰალეპისთვის, რომელიც შარშან აქ ფინალამდე მივიდა.

უკვე "დიდი სლემის" მეორე ტურნირია, ჰალეპისთვის გადაულახავი ბარიერი გახდა ხორვატი მირიანა ლუჩიჩი. შარშან რუმინელმა ამ ჩოგბურთელთან აშშ-ის ღიაზე წააგო, გუშინ კი ისტორია განმეორდა.

ჰალეპი პირველივე პარტიაში მდევრის როლში აღმოჩნდა: 3:1-დან და 5:3-დან ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. და სწორედ 5:5-დან მოყოლებული, ლუჩიჩი შეუჩერებელი გახდა - მან ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო და 7:5,
5:0 დაწინაურდა. ჰალეპმა ისღა მოახერხა, რომ ერთი გეიმი მოიგო და 1:6 განადგურდა მეორე პარტიაში. ხორვატმა 29-ე "ვინერსით" დაასრულა მატჩი. რუმინელის იგივე მაჩვენებელი კატასტროფული იყო - მხოლოდ ხუთი "ვინერსი".

ვეტერანმა ლუჩიჩმა კარიერაში მეორედ გააღწია როლან გაროსის მესამე წრეში. პირველად მან ეს შორეულ 2001 წელს შეძლო, როცა მეორე რაუნდში ჯენიფერ კაპრიატი დაამარცხა.

რაც შეეხება ჰალეპს, ეს წაგება სერიოზულად შეარყევს მის პოზიციებს რეიტინგში - ის ტოპ-ხუთეულის მიღმა აღმოჩნდება.

* * *
იოლი გასეირნება ჰქონდა გუშინ მსოფლიოს მეორე ჩოგანს, მარია შარაპოვას, რომელმაც თანამემამულე ვიტალია დიატჩენკო არ დაინდო - 6:3, 6:1. მარიამ შესანიშნავი სტატისტიკა დააფიქსირა - 24 "ვინერსი" და მხოლოდ რვა უნებლიე შეცდომა.

კიდევ უფრო დაუნდობელი იყო შარაპოვას მომდევნო მეტოქე სამანტა სტოსური. ავსტრალიელმა 11 გეიმის მოგებით დაიწყო შეხვედრა ფრანგ ამადინ ჰესესთან - 6:0, 5:0 დაწინაურდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიმეტა ერთადერთი გეიმი მეტოქისთვის. არადა, ჰესეს ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა, სტოსურმა კი 23 "ვინერსითა" და 13 უნებლიე შეცდომის დაასრულა შეხვედრა.

შარაპოვა და სტოსური მეჩვიდმეტედ შეხვედებიან ერთმანეთს. რუსი 14:2-ს იგებს, მაგრამ გვახსენდება შარშანდელ როლან გაროსზე ამ ჩოგბურთელთა შეხვედრა: მერვედფინალში ავსტრალიელი წინ იყო - 6:3, 4:3 და 30:0-ს იგებდა მერვე გეიმში, მაგრამ მაინც წააგო. ასე რომ, სრული საფუძველი გვაქვს ისევ დაძაბულ თამაშს ველოდოთ.

ქალები
II წრე
ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-მისაკი დოი (იაპ) 3:6, 6:3, 6:4; დონა ვეკიჩი (ხორ)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:4, 6:3; ელენა ვესნინა (რუს)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 2:6, 6:1, 6:3; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 9)-ტელიანა პერეირა (ბრა) 6:2, 5:7, 6:3; ანიკა ბეკი (გერ)-პაულა კანია (პოლ) 6:2, 6:2; ელინა სვიტოლინა (უკრ, 19)-იულია პუტინცევა (ყაზ) 1:6, 7:5, 9:7; ალიზ კორნე (საფ, 29)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:2, 7:5; მირიანა ლუჩიჩი (ხორ)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 3) 7:5, 6:1; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 8)-ვირჟინ რაზანო (საფ) 6:3, 1:0 უარი; ფლავია პენეტა (იტა, 28)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:2, 6:0; გარბინ მუგურუსა (ესპ, 21)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:1, 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 11)-აილა ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 6:3, 6:2; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13)-კურუმი ნარა (იაპ) 6:2, 6:0; საბინ ლისიცკი (გერ, 20)-დარია გავრილოვა (რუს) 6:1 უარი; სამანტა სტოსური (ავსტრა, 26)-ამადინ ჰესე (საფ) 6:0, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ვიტალია დიატჩენკო (რუს) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული