უიმბლდონი: ნოვაკ ჯოკოვიჩმა იჩხუბა და... მოიგო

AutoSharing Option
გუშინ, მამაკაცებს დასვენების დღე ჰქონდათ, მაგრამ ეს არ ეხებოდა ნოვაკ ჯოკოვიჩსა და კევინ ანდერსონს, რომლებსაც მეხუთე სეტი უნდა ეთამაშათ წინა დღიდან გადადებულ მერვედფინალში.

ანდერსონს ძალიან გაუმართლა, როცა ორშაბათს სიბნელის გამო შეხვედრა გადაიდო, რადგან ჯოკოვიჩს შთამბეჭდავი ტემპი ჰქონდა აღებული, გუშინ კი ჩოგბურთელებს ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდათ.

მეხუთე სეტის დიდი ნაწილი სამხრეთაფრიკელი აშკარა უპირატესობას ფლობდა. მის გეიმებზე ბრძოლა თითქმის არ იყო, ჯოკოვიჩის მოწოდებაზე კი ხშირად ფიქსირდებოდა "თანაბარი". ყველაზე ახლოს მეტოქის მოწოდების აღებასთან ანდერსონი მესამე გეიმში იყო, როცა 40:15 დაწინაურდა, მაგრამ ნოვაკი გადარჩა.

სერბს აშკარად ნერვიულობა ეტყობოდა, საკუთარ თავს უბრაზდებოდა, ერთხელ კი ბურთების მომწოდებელ გოგონას უხეშად დაუყვირა. მაგრამ თამაშის მოგება მაინც არა საკუთარი თამაშით, არამედ მეტოქის საჩუქრის წყალობით მოახერხა. 5:5-ზე ანდერსონს მოწოდება გაუფუჭდა (არადა, მთლიანად მატჩში 42 ეისი დაუგროვდა), ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ჯოკოვიჩმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა.

კაცები
1/8 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 14) 6:7(6), 6:7(6), 6:1, 6:4, 7:5.

1/4 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ჩილიჩი (9); ვავრინკა (4)-გასკე (21); პოსპიშილი-მარეი (3); სიმონი (12)-ფედერერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული