რაფაელ ნადალმა პირველი მოიგო

AutoSharing Option
ესპანელი რაფაელ ნადალი გამარჯვებით დაბრუნდა ჰამბურგის ტურნირზე, რომელშიც 2008 წლის შემდეგ არ უთამაშია. რაფას სამი სეტი დასჭირდა თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს დასამარცხებლად - 3:6, 6:1, 6:1.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, - განაცხადა ნადალმა. - ფსიქოლოგიურად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ თამაშის ბოლო ნაწილი უკეთ ჩავატარე, ვიდრე სტარტი. მატჩის მსვლელობისას თამაშის გადაწყობა პოზიტიური მომენტია ჩემთვის".

გუშინდელი მოგების შემდეგ რაფაელს 14:2 მიჰყავს ანგარიში ვერდასკოსთან ურთიერთშეხვედრებში.

ნადალმა ბრეიკით დაიწყო შეხვედრა და 1:0 დაწინაურდა, მაგრამ ვერდასკომ ძალიან მალე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. მსოფლიოს 41-ე ჩოგანმა ზეწოლა გააგრძელა,
მეექვსე გეიმში მეორე ბრეიკი შეასრულა და პირველი სეტი 37 წუთში 6:3 მოიგო.

მეორე სეტის სასტარტო გეიმში ნადალს 12 წუთი დასჭირდა საკუთარი მოწოდების შესანარჩუნებლად, რის შემდეგაც საქმეები კარგად წავიდა. რაფამ იქვე ბრეიკი აიღო და მალე 3:0 წაიყვანა ანგარიში. მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს აღარ გასჭირვებია სეტებში ანგარიშის გათანაბრება.

მატჩის ბედი, პრაქტიკულად, მესამე სეტის მესამე გეიმში გადაწყდა, როცა ნადალმა ურთულეს ბრძოლაში ბრეიკი აიღო, რის შემდეგაც ოთხი ბრეიკ-პოინტის საფრთხე მოიგერია და ახლა ირჟი ვესელისა და ანდრეას ჰაიდერ-მაურერის შეხვედრას დაელოდება, რომელშიც მისი მომდევნო მეტოქე გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული