აშშ-ის ღია პირველობა: და ისევ ჯოკოვიჩი-ფედერერი

AutoSharing Option
მამაკაცთა პროფესიული ტურის ლიდერებმა ქალებს არ მიბაძეს და სენსაციების გარეშე გაიარეს ნახევარფინალური ეტაპი. ნოვაკ ჯოკოვიჩმაც და როჯერ ფედერერმაც სამ სეტში მოიგეს თავიანთი შეხვედრები.

ჯოკოვიჩი აშკარა ფავორიტი იყო მარინ ჩილიჩთან დაპირისპირებაში. თუნდაც იმიტომ, რომ სერბს ხორვატთან 13-დან 13 მატჩი ჰქონდა მოგებული. მაგრამ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ასე იოლად მოიპოვებდა ნახევარფინალის საგზურს. ჩილიჩს არაფერი გამოსდიოდა: არ წაუვიდა საფირმო მოწოდება და უამრავ შეცდომას უშვებდა. შედეგად, საათსა და 23 წუთში ჯოკოვიჩმა 6:0, 6:1, 6:2 მოიგო.

მოგვიანებით ჩილიჩმა აღიარა, რომ ტურნირის დასაწყისში
მიღებული კოჭის ტრავმა აწუხებდა, თან დაღლილობაც დაეტყო, რადგან აშშ-ის ღიაზე ორი ხუთსეტიანი მატჩის მოგება დასჭირდა და საერთო ჯამში, კორტზე 15 საათი გაატარა.

მეორე ნახევარფინალი ორ შვეიცარიელს - როჯერ ფედერერსა და სტენ ვავრინკას შორის იმართებოდა. ეს შეხვედრა უფრო დამაინტრიგებელი ჩანდა, რადგან მათი ბოლო მატჩი როლან გაროსის მეოთხედფინალში ვავრინკამ მოიგო. მაგრამ, ამჯერად, ბრძოლა არ გამოვიდა. "დიდი სლემის" 17-გზის ჩემპიონმა არც ერთი სეტი არ დათმო და საათნახევრში 6:4, 6:3, 6:1 გაიმარჯვა.

ფედერერმა 10 ეისი შეასრულა და პირველ მოწოდებაზე ქულების 80 პროცენტი აიღო. ვავრინკას არა თუ არ მოუგია მეტოქის გეიმი, მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, აქედან სამი ერთ გეიმში - 3:2-ზე პირველ სეტში.

ფედერერი და ჯოკოვიჩი წელს მეექვსედ ითამაშებენ ფინალში. წინა ხუთი მატჩიდან სამი სერბმა მოიგო, ორი - შვეიცარიელმა, მათ შორის, ბოლო დუელი ცინცინატის "მასტერსზე".

კაცები
1/2 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 9) 6:0, 6:1, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 5) 6:4, 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული