აშშ-ის ღია პირველობა: ნოვაკი ათიანების კლუბში

AutoSharing Option
შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ვერ გატეხა ნავსი და ვერ შეძლო "დიდი სლემის" ტურნირის მეთვრამეტედ მოგება. ლეგენდას წინ ისევ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გადაეღობა...

ქაღალდზე ნოვაკი ფავორიტი იყო, მაგრამ ბევრ ექსპერტს მიაჩნდა, რომ როჯერს პირველად დიდი ხნის განმავლობაში, "დიდ სლემზე" მოგების რეალური შანსი გაუჩნდა. ჯერერთი ბრწყინვალედ აწვდიდა - მთელი ტურნირის განმავლობაში, შვეიცარიელმა მხოლოდ ორი საკუთარი გეიმი წააგო, გარდა ამისა, ნიუ იორკში არც ერთი სეტი არ დათმო, სულ კი ზედიზედ 28 პარტია მოიგო - ეს სერია ჯოკოვიჩთან უიმბლდონზე წაგებული ფინალის შემდეგ დაიწყო.

და კიდევ,
მათ ბოლო შეხვედრაში, რომელიც ცინცინატის "მასტერსის" ფინალში შედგა, ფედერერმა გაიმარჯვა. სულ სერბი და შვეიცარიელი 42-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და როჯერს მცირე უპირატესობა ჰქონდა - 21:20.

ფინალის სტარტი წვიმის გამო გადაიდო. დასაწყისი ადგილობრივი დროით 16 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩოგბურთელები 19 საათზე გავიდნენ კორტზე. უკვე მესამე გეიმში ჯოკოვიჩმა ბრეიკი შეასრულა, მაგრამ უსიამოვნო შემთხვევეის გამო, მალე დათმო ეს უპირატესობა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი სველ კორტზე დაეცა და მარჯვენა ხელი დაიზიანა: იდაყვიდან და მაჯიდან სისხლი სდიოდა, თუმცა სერიოზული დაზიანება არ მიუღია და სამედიცინო ტაიმ-აუტითვისაც არ მიუმართავს. ამასობაში, ფედერერმა 3:3-ზე, მოულოდნელად, ძალიან იოლად დათმო საკუთარი მოწოდება და ჯოკოვიჩმა მაინც მოიგო პირველი სეტი - 6:4.

მეორე სეტში ფედერერმა მოუმატა. მან გააუმჯობესა პირველი მოწოდება (მხოლოდ 53 პროცენტი პირველ სეტში), რამაც მაშინვე მისცა უპირატესობა ბურთების გათამაშებებისას. პირველი ორი სეტბოლი შვეიცარიელმა 5:4-ზე მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა. შემდეგი მცდელობა უფრო წარმატებული გამოდგა და მეორე პარტია მას დარჩა - 7:5.

ფედერერი მესამე სეტშიც უკეთ თამაშობდა. მართალია, პარტიის სტარტზე წააგო საკუთარი მოწოდება, მაგრამ იქვე შეასრულა უკუბრეიკი. როჯერი ყველა გეიმში იბრძოდა და მუდმივად ჰქონდა მეტოქის მოწოდების აღების შანსი. მეორე სეტის მეორე ნახევარში, ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი საკუთარი გეიმი მოიგო 15:40-დან.

სულ კი როჯერმა 23 ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და მხოლოდ ოთხი გამოიყენა. ასე რომ, ჯოკოვიჩმა, ძირითადად, თავისი ბრძოლისუნარიანობის წყალობით შეძლო მესამე სეტის მოგება - 6:4.

ფსიქოლოგიური და სათამაშო უპირატესობა ჯოკოვიჩის მხარეს გადავიდა. მეოთხე სეტში მან ორმაგი ბრეიკით დაწინაურება მოახერხა - 5:2, და თითქოს მატჩიც მალე უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ფედერერი დანებებას არ აპირებდა. მან ერთი ბრეიკი დაიბრუნა, 4:5-ზე კი ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. პუბლიკა შოუს გაგრძელებას ითხოვდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა მოწოდება აამუშავა და ჯამში სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. მატჩბოლზე როჯერმა ღრმა დარტყმის შესრულება სცადა, მაგრამ ააცილა - 6:4, 5:7, 6:4, 6:4 სერბი სასარგებლოდ.

ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამართლიანად არის მსოფლიოს პირველი ნომერი: წელს სამი "დიდი სლემი" და ოთხი "მასტერსი" მოიგო. მან გაიმეორა 2011 წლის შედეგი, როცა ასევე ჰეთ-თრიკი შეასრულა "დიდი სლემის" ტურნირებზე, სულ კი მას ამ სერიაში 10 ჩემპიონატი აქვს მოგებული. მოქმედ ჩოგბურთელებს შორის, უფრო მეტი ტრიუმფი ფედერერსა (17) და რაფაელ ნადალს (14) აქვთ.

სხვათა შორის, ამ ფინალში ისტორიული მომენტი დაფიქსირდა - პირველად "დიდი სლემის" ტურნირზე მამაკაცთა ფინალს ქალი მსაჯობდა. ევა ასდერაკი-მურმა ბრწყინვალედ გაართვა თავი საკუთარ მოვალეობებს. მან რამდენჯერმე შეცვალა ხაზის არბიტრების გადაწყვეტილება და მართალი იყო.

კაცები
ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 6:4, 5:7, 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული