აშშ-ის ღია პირველობა ციფრებში

AutoSharing Option
1 - პირველად ამერიკის ღია პირველობის ისტორიაში, მამაკაცთა ფინალს ქალი მსაჯობდა - ბერძენი ევა ასდერაკ-მური.

1 - პირველად "დიდი სლემის" ქალთა ტურნირზე, ოთხიდან სამი ნახევარფინალისტი 32 წელს იყო გადაცილებული - სერენა უილიამსი, რობერტა ვინჩი და ფლავია პენეტა.

3 - ამერიკის ღია პირველობის ფინალების ისტორიაში მესამე არაგანთესილი ჩოგბურთელი გახდა ვინჩი. ადრე, ასეთ წარმატებას მიაღწიეს ვინუს უილიამსმა (ფინალი-1997) და კიმ კლაისტერსმა (ტიტული-2009). სულ "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში 12-ჯერ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა: ხუთი ავსტრალიის ღიაზე და ოთხი - როლან გაროსზე.

3 - სამი
გეიმი დაუთმო ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში მარინ ჩილიჩს - 6:0, 6:1, 6:2. პირველად ამერიკის ღიას ისტორიაში, ერთ-ერთმა ნახევარფინალისტმა ვერ მოიგო სამ გეიმზე მეტი. 2001 წელს, ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა მხოლოდ ოთხი გეიმი გაიმეტა რუსი ევგენი კაფელნიკოვისთვის.

4 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონში "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის ფინალში ითამაშა და მხოლოდ როლან გაროსზე დამარცხდა - შვეიცარიელ სტენ ვავრინკასთან. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა როჯერ ფედერერის მიერ. მან მაშინ მოიგო როლან გაროსი და უიმბლდონი და დამარცხდა რაფაელ ნადალთან ავსტრალიაში და ხუან მარტინ დელ პოტროსთან - აშშ-ის ღიაზე.

6 - ექვსჯერ გაიაფდა ბილეთები ქალთა ფინალზე მას შემდეგ, რაც სერენა უილიამსმა სენსაციურად წააგო ნახევარფინალი ვინჩისთან. ფასი 271 დოლარიდან 45 დოლარამდე დაეცა.

10 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა "დიდი სლემის" მეათე ტურნირი მოიგო. მის კოლექციაშია: ხუთი გამარჯვება ავსტრალიის ღიაზე (2008, 2011-2013, 2015), სამი უიმბლდონზე (2011, 2014, 2015) და ორი - აშშ-ის ღიაზე (2011, 2015). ისტორიის განმავლობაში, სულ რვა ჩოგბურთელმა შეძლო "დიდ სლემზე" მინიმუმ 10 ჩემპიონატის მოგება:

1. როჯერ ფედერერი - 17
2. რაფაელ ნადალი - 14
2. პიტ სამპრასი - 14
4. როი ემერსონი - 12
5. ბიორნ ბორგი - 11
5. როდ ლეივერი - 11
7. ბილ ტილდენი - 10
7. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 10

13 - ამერიკის ღია პირველობის ისტორიაში მეცამეტედ გაითამაშეს ტიტული ერთი ქვეყნის ჩოგბურთელებმა. პირველ ათ შემთხვევაში ჩატარდა ამერიკული ფინალი, 2003 წელს - ბელგიური (ანენი კლაისტერსის წინააღმდეგ, 2004 წელს - რუსული (კუზნეცოვა დემენტიევას წინააღმდეგ).

18 - აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონმა ფლავია პენეტამ 18 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა რეიტინგში - 26-ე ადგილიდან TOP10-ში შეიჭრა. 24 პოზიციით აიწია მაღლა ვინჩი - 43-დან 19-მდე.

20 - "დიდი სლემის" 20 ტიტული დაუგროვდა შვეიცარიელ მარტინა ჰინგისს. 34 წლის ლეგენდამ წელს ოთხ გამარჯვებას მიღწია: სანია მირზასთან და ლეანდერ პაესთან ერთად, ქალთა წყვილებსა და მიქსტში მოიგო უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე.

20 - ოცი წლის წინ, ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გააღწიეს იმ ჩოგბურთელებმა, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონდათ მოგებული "დიდი სლემის" ტურნირი: პიტ სამპარასი, ბორის ბეკერი, ანდრე აგასი და ჯიმ კურიე. 2015 წელს, მათი მიღწევა გაიმეორეს: ნოვაკ ჯოკოვიჩმა, მარინ ჩილიჩმა, სტენ ვავრინკამ და როჯერ ფედერერმა.

27 - როჯერ ფედერერმა კარიერაში 27-ედ ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში, რითაც კიდევ უფრო დაშორდა უახლოეს მდევარს - რაფაელ ნადალს (20 ფინალი). შემდეგ მოდის ივან ლენდლი (19). ფედერერი ლიდერია მოგებების (17) მხრივ, მაგრამ აგებს ლენდლთან ფინალებში წაგებების მიხედვით (10 11-ის წინააღმდეგ).

29 - სერენა უილიამსი 29-ედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში და მხოლოდ მეოთხედ დამარცხდა ამ სტადიაზე: მან წააგო ვინუს უილიამსთან (უიმბლდონი-2000), ჟუსტინ ანენთან (როლან გაროსი-2003), კიმ კლაისტერსთან (აშშ-ის ღია-2009) და რობერტა ვინჩისთან (აშშ-ის ღია-2015).
- ვინჩისთან წაგებამდე, სერენა უილიამსს "დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ 33 მატჩი ჰქონდა მოგებული.

36 - ოცდათექვსმეტი წლის წინ, "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში ითამაშეს ჩოგბურთელებმა, რომლებიც არ შედიოდნენ რეიტინგის TOP20-ში - 1979 წელს, ავსტრალიის ღიაზე ტიტული გაითამაშეს ბარბარა ჯორდანმა და შერონ უოლშმა. წელს, მათი მიღწევა გაიმეორეს ფლავია პენეტამ და რობერტმა ვინჩიმ.

42.3 - ამერიკის ღია პირველობის 2015 წლის გათამაშების საპრიზო ფონდმა 42.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10 პროცენტით მაღალია შარშანდელ მაჩვენებელზე. ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულებმა - ფლავია პენეტამ და ნოვაკ ჯოკოვიჩმა 3.3 მილიონი დოლარი მიიღეს.

49 - "დიდი სლემის" 49 ტურნირის ჩატარება დასჭირდა ფლავია პენეტას იმისთვის, რომ ამ სერიაში პირველი გამარჯვებისთვი მიეღწია.

66 - აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტების - ფლავია პენეტასა და რობერტა ვინჩის საერთო ასაკი 66 წელია. ეს იყო ყველაზე "ასაკოვანი" ფინალი "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში. გარდა ამისა, პენეტა (33 წლის და 6 თვის) გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი მათ შორის, ვინც პირველი ტიტული მოიგო "დიდი სლემზე". წინა რეკორდი ასევე იტალიელს ფრანჩესკა სკიავონეს ეკუთვნოდა, რომელმაც პირველი ტიტული 29 წლისა და 11 თვის ასაკში მოიგო (როლან გაროსი-2010).

200 - აშშ-ის ღია პირველობის წინ, პენეტას ჩემპიონობაზე კოეფიციენტი 200-ს უდრიდა.

6740 - სწორედ ასეთი სხვაობაა ATP-ის რეიტინგში ნოვაკ ჯოკოვიჩსა (16 145) და მის უახლოეს მდევარს როჯერ ფედერერს (9 405) შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული