სინგაპურის ტურნირი საბოლოოდ დაკომპლექტდა

AutoSharing Option
გუშინ, გაირკვა WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო ორი მონაწილე.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ანჟელიკ კერბერი ტრავმის გამო მოიხსნა მოსკოვის ტურნირიდან, მან გაინაღდა სეზონის დასკვნით ჩემპიონატში თამაში.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის დედაქალაქში მეორე წრის მატჩი წააგო ლუსი საფაროვამ. შესაბამისად, ჩეხი "ჩემპიონთა რბოლის" რეიტინგში ვეღარ დაეწეოდა მეექვსე ადგილზე მყოფ კერბერს.

სხვათა შორის, საფაროვამ ასევე მოიპოვა სინგაპურის საგზური. მას ამაში დაეხმარა რუსი დარია კასატკინა, რომელმაც მოსკოვის ტურნირის მეოთხედფინალში მოუგო ესპანელ კარლა სუარეს ნავაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ საფაროვას ვეღარავინ შეეცილება მერვე
ადგილს.

ლუსი საფაროვამ, რომელმაც წელს ერთი ტურნირი მოიგო და როლან გაროსის ფინალში ითამაშა, პირველად მოიპოვა წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში თამაშის უფლება. კერბერი კი ამ ტურნირზე მესამე ითამაშებს. აქამდე გერმანელს არასოდეს გადაულახავს ჯგუფური ეტაპის ბარიერი. 2015 წელს, კერბერის ანგარიშზე ხუთი ტიტული მოდის.

ამ მომენტისთვის ცნობილია წლის შემაჯამებელი ტურნირის შვიდი მონაწილე: მარია შარაპოვა (რუსეთი), გარბინ მუგურუსა (ესპანეთი), სიმონა ჰალეპი (რუმინეთი), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი), აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი), ფლავია პენეტა (იტალია), ანჟელიკ კერბერი (გერმანია) და ლუსი საფაროვა (ჩეხეთი). ამ სიაში უნდა ყოფილიყო ამერიკელი სერენა უილიამსი, მაგრამ მან ვადაზე ადრე დაასრულა სეზონი და სინგაპურში არ ითამაშებს.

წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომელშიც სეზონის შედეგების მიხედვით რვა საუკეთესო ჩოგბურთელი თამაშობს, 25 ოქტომბერს დაიწყება. ფინალი პირველ ნოემბერს გაიმართება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდია - 7 მილიონი დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული