სოფიო შაფათავა ნანტში იგებს, ალექსანდრე მეტრეველი - ანტალიაში

AutoSharing Option
ნანტში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა სოფიო შაფათავამ: გუშინ, 3 ნოემბერს, ძირითადი ბადის სტარტზე მან მასპინძელი ფიონა ფერო დაამარცხა საათსა და 40 წუთში - 7:5, 6:4.

მეორე წრეში შაფათავა ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ანა-ლენა ფრიედსამს (გერმანია) შეხვდება. ამ უკანასკნელმა იპეკ სოილუს (თურქეთი) აჯობა - 7:5, 6:4.

წყვილებში სოფიო შაფათავა და ანასტასია ვასილიევა (უკრაინა) ასპარეზობის მეორე ნომრები არიან. ისინი მეოთხედფინალიდან ჩაერთვებიან შეჯიბრებაში - პოლინა მონოვას (რუსეთი) და ჟილ ტეიჩმანის (შვეიცარია) დუეტს დაუპირისპირდებიან. ამ ტანდემმა სტარტზე ოქსანა
კალაშნიკოვას
და ანასტასია სევასტოვას მოუგო.

* * *
მარიამ ბოლქვაძე დიდი ბრიტანეთის 15.000-იან ტურნირში მონაწილეობს.

გუშინ ის ორჯერ გავიდა კორტზე. ერთეულებში იოლად სძლია მასპინძელ ჰოლი ჰუტჩინსონს - 7:5, 6:0 და მეორე წრეში მესამე ნომრად განთესილ ჩეხ კატერინა ვანკოვასთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა გუშინ კრისტინა სმითი (აშშ) ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:1.

წყვილებში ბოლქვაძე ბულგარელ ალექსანდრა ნაიდენოვასთანაა შეამხანაგებული და განთესვით მესამე ნომერი აქვთ.

პირველ წრეში მათ ბრიტანელებს - ემილი ეფლეტონსა და ჟასმინ აშგარის მოუგეს - 6:3, 6:4 და მეოთხედფინალში მეტოქეობას გაუწევენ სტეფი ჩარტერისი (სამოა)-სებასტიანი ლეონის (მექსიკა) დუეტს, რომელმაც ლილი გოდრატი და ფრანჩესკა უილკესი (ორივე - დიდი ბრიტანეთი) არ დაინდო - 6:1, 6:1.

* * *
ალექსანდრე მეტრეველი ანტალიაში იმყოფება და ვაჟთა 10.000-იან ტურნირში ჩაება. ერთეულებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და პირველ წრეში ალექსანდრ ბობორიკინი (რუსეთი) დაამარცხა - 6:0, 6:1.

მერვედფინალში რომან ხასანოვის (ყაზახეთი) მძლეველ (6:2, 7:5) ბანჟამინ დოეს (ბელგია) შეხვდება.

ქართველ ჩოგბურთელს ბელორუს იაროსლაუ შილასთან ერთად წყვილებში განთესვითაც პირველი ნომერი აქვს. სტარტზე მათ თურქებს - ფატიხ ერუნსა და ბარკინ იალჩინკალეს აჯობეს - 7:6, 7:5. მეოთხედფინალში გზიდან ვადიმ ალექსეენკოს (უკრაინა) და რომან ხასანოვის (ყაზახეთი) ჩამოცილებას შეეცდებიან. უკრაინულ-ყაზახურმა ტანდემმა რუმინელები - ვასილ ანტონესკუ და ვლადიმირ ფილიპი დაჯაბნა - 7:5, 4:6, 10:5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული