ATP World Tour Finals: ნოვაკი და როჯერი ერთმანეთს მიუახლოვდნენ

AutoSharing Option
ლონდონში მამაკაცთა პროფესიული ტურის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. კენჭისყრამ სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადაანაწილა:

სტენ სმიტის ჯგუფი: ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, ტომაშ ბერდიხი, კეი ნიშიკორი;

ილიე ნასტასეს ჯგუფი: ენდი მარეი, სტენ ვავრინკმა, რაფაელ ნადალი, დავიდ ფერერი.

ტურნირი გახსნეს სტენ სმიტის ჯგუფის წევრებმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და კეი ნიშიკორიმ. ისინი მეშვიდედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და იაპონელს ორჯერ დამარცხებული ჰყავდა სერბი. მაგრამ წელს, ჯოკოვიჩი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მისი დამარცხება შეუძლებელი ჩანს. მიმდინარე სეზონში ნოვაკმა მხოლოდ პირველ ტურნირზე ვერ შეძლო ფინალამდე
მისვლა, რის შემდეგაც ზედიზედ 14 ფინალი ითამაშა და 10 ტიტული მოიპოვა.

ჯოკოვიჩი საათსა და 5 წუთში გაუსწორდა ნიშიკორის. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მხოლოდ ცხრა ქულა წააგო საკუთარ გეიმებში და არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა მეტოქეს, თავად კი ცხრა ასეთი შანსიდან ხუთი გამოიყენა და წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის არადამახასიათებელი ანგარიშით მოიგო - 6:1, 6:1.

ნოვაკმა წლის შემაჯამებელზე ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო, რაც ახალი რეკორდია. გარდა ამისა, სერბმა ზედიზედ 38-ე შეხვედრაში იმარჯვა დახურულ კორტებზე.

* * *
გვიან ღამით, მეორე მატჩში ურთიერთობა გაარკვიეს როჯერ ფედერერმა და ტომაშ ბერდიხმა. და ეს შეხვედრაც საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა. შვეიცარიელს მხოლოდ სტარტზე შეექმნა პრობლემა, როცა ბრეიკით ჩამორჩა - 0:2, მაგრამ იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და აქედან მოყოლებული, ბერდიხს ერთი ბრეიკ-პოინტიც აღარ ჰქონია. ფედერერმა მეცხრე გეიმში კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.

მეორე პარტიის პირველ სამ გეიმში კი როჯერმა ორი ბრეიკის გაკეთება მოასწრო და თამაში ამით მომთავრებული იყო - 6:4, 6:2. ეს ჩოგბურთელები მეოცედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და შვეიცარიელს 14:6 მიჰყავს ანგარიში.

მეორე ტურში ფედერერი ჯოკოვიჩს შეხვდება, სავარაუდოდ, ჯგუფში პირველი ადგილის მფლობელის გასარკვევად.

სტენ სმიტის ჯგუფი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:1, 6:1.
როჯერ ფედერერი (შვეიც)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული