ATP World Tour Finals: ენდიმ და რაფამ მეტოქეები არ შეიმჩნიეს

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე სათამაშო დღეს, პირველი ტურის მატჩები ჩაატარეს ილიე ნასტასეს ჯგუფის წევრებმა. და ისევე, როგორც წინა დღეს, ახლაც ორივე მატჩში ყველაფერი ორ სეტში გადაწყდა.

პირველები კორტზე მასპინძელი ენდი მარეი და დავიდ ფერერი გავიდნენ. ეს ჩოგბურთელები მეჩვიდმეტედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი ბოლო შეხვედრა ერთი კვირის წინ, პარიზის "მასტერსზე" გაიმართა და ენდიმ 6:4, 6:3 მოიგო.

ამჯერად, ბრიტანელს ერთით მეტი გეიმის ჩატარება მოუწია წლის შემაჯამებელზე პირველი მოგების გასაფორმებლად. სცენარი კი იგივე იყო, რაც საფრანგეთის დედაქალაქში: პირველ სეტში მარეიმ 4:4-ზე ზედიზედ ორი გეიმი
მოიგო, მეორე სეტში კი 1:3-დან გადაარჩინა პარტია.

რაც შეეხება თამაშს, იგრძნობოდა ბრიტანელის უპირატესობა, განსაკუთრებით პირველი სეტის ბოლოს. ენდიმ 4:3-ზე სამი ბრეიკ-პოინტი გაანიავა, მაგრამ მეათე გეიმში პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რომელიც სეტბოლიც იყო - 6:4.

მეორე სეტის სტარტზე, მარეიმ ოდნავ დაკარგა კონცენტრაცია და მაშინვე დაისაჯა - 0:2. მაგრამ ბრიტანელმა მალე დაიბრუნა ინიციატივა და თითქმის მაშინვე გააკეთა უკუბრეიკი. ამის შემდეგ, ესპანელს აღარ ჰქონია მეტოქის მოწოდების აღების შანსი, მარეიმ კი ისევ 5:4-ზე შეასრულა ბრეიკი და დამსახურებულად მოიგო - 6:4, 6:4.

ახლა, ენდის ჯგუფში კიდევ ერთი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ გაინაღდოს სეზონის მეორე ნომრის რანგში დასრულება.

* * *
გვიან გაიმართა მეორე შეხვედრა რაფაელ ნადალსა და სტენ ვავრინკას შორის. მათი წინა მატჩიც პარიზის "მასტერსზე" შედგა და შვეიცარიელმა ორ ტაი-ბრეიკზე მოიგო ლამაზი ბრძოლა. გუშინ, ტაი-ბრეიკები არ ყოფილა. ნადალმა ძალიან დამაჯერებლი რევანში აიღო.

შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო: ორი ბრეიკი, თან "მშრალი" ანგარიშით. შემდეგ ორივემ დაალაგა მოწოდება და სეტის ბოლომდე თითქმის თანაბარ თამაში მიდიოდა. თუმცა ბოლოს რაფაელის აშკარა უპრატესობა გამოიკვეთა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მარათონული გეიმი 4:3-ზე, რომელშიც ესპანელმა მეორე ბრეიკი შეასრულა და სეტზე დამაჯერებლად ჩააწოდა.

მეორე სეტში ესპანელის უპირატესობა კიდევ უფრო ცხადი გახდა. ვავრინკამ მხოლოდ ორი გეიმი მოიგო, აქედან ერთ-ერთი ექვსი მოგერიებული ბრეიკ-პოინტის შემდეგ. შვეიცარიელმა 35 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ასეთი სტატისტიკით გამარჯვებაზე ფიქრი ზედმეტი იყო. ნადალს მხოლოდ 12 შეცდომა ჰქონდა, თან არ შეიძლება იმის თქმა, რომ ესპანელი მეორე ნომრად თამაშობდა და მეტოქის შეცდომების იმედად იყო. რაფამ 18 "ვინერსი" დააგროვა და საერთო ჯამში, კარგი მატჩი ჩაატარა - 6:3, 6:2.

დავამატებთ, რომ ნადალმა 15 ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო, მაგრამ რეალიზაცია ჰქონდა დაბალი - ოთხი ბრეიკი. ახლა, მეორე ტურში ესპანელი მარეის შეხვდება.

ილიე ნასტასეს ჯგუფი
ენდი მარეი (ბრიტ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ, 7) 6:4, 6:4.
რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 4) 6:3, 6:2.

ნადალს სულ ცოტა აკლია
"ნადალი პროგრესს განიცდის. გაცილებით მშვიდი და დასვენებული ჩანს, ვიდრე წინა სეზონებში. ის ბრუნდება დიდი ტურნირების მოგების მთავარ პრეტენდენტთა რიგებში.

რაფას სულ ცოტა უკლია იმისთვის, რომ დიდ გამარჯვებებს დაუბრუნდეს. ის ცდილობს ითამაშოს ისე, რომ არ გახსნას კორტის დიდი ნაწილი.

საინტერესო სანახავი იქნება, როგორ იმუშავებს ეს ლონდონში", - ასეთი კომენტარი გაუკეთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე რაფაელ ნადალის პირველ გამარჯვებას მსოფლიოს ყოფილმა მეორე ნომერმა, როლან გაროსის ორგზის ფინალისტმა, ესპანელმა ალექს კორეჩამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული