მარია შარაპოვა: არავინ იცის, რამდენს ვშოულობ

AutoSharing Option
რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის შექმნა, მაგრამ დიდი ხნით აპირებს ჩოგბურთში დარჩენას. რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მარია ყვება - როგორ უხამებს წარმატებით სპორტს და ბიზნესს.

"ბიზნესზე 20 წლამდე არ ვფიქრობდი, იქამდე, სანამ მხარი სერიოზულად არ ამტკივდა და ოპერაციის გაკეთება არ მომიწია. მაშინ 8-9 თვის განმავლობაში ვერ ვახერხებდი ჩოგანის ხელში აღებას, ჩოგბურთი კი მთელი ჩემი ცხოვრება იყო - ოთხი წლის ასაკიდან მოყოლებული, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი.

მენტალურად ძალიან რთული იყო. მაშინ მივხვდი, რომ არ შეიძლება მხოლოდ ჩოგბურთი იყოს
ჩემი ცხოვრება და ბიზნესზე დავფიქრდი. თავში დამარტყა: "ამდენი წელია ჩოგბურთს თამაშობ, მაგრამ რაღაც სხვაზეც უნდა იფიქრო".

სიმართლეს ვიტყვი: როცა 2012 წელს Sugarpova-ს ტკბილეულის წარმოებას ვიწყებდით, ვერც ვიფიქრებდი, რომ ასეთი ინტერესი გაჩნდებოდა და ამდენი ინტერვიუს მიცემა მომიწევდა ჩემი ბრენდის შესახებ. მაშინ მეგონა, რომ ეს მომავლის პროექტი იყო: წავიდოდი ჩოგბურთიდან და თავად მივხედავდი ამ კომპანიას. მაგრამ ინტერესი თავიდანვე უდიდესი იყო და ახლა, Sugarpova 30 ქვეყანაში იყიდება.

როცა ჩემს შესახებ წერენ, აუცილებლად აზუსტებენ იმას - რა თანხას ვშოულობ. ეს ყველასთვის დიდი თემაა. მაგრამ არავინ იცის, ზუსტად რა თანხას გამოვიმუშავებ: საკუთარ საბანკო ანგარიშს არავის ვუჩვენებ.

მაგრამ ჩემთვის ფული მთავარი არ არის, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რაც უფრო მეტს მოვიგებ, მით მეტ თანხას მივიღებ, რადგან ამ სპორტში კარგად იხდიან", - განაცხადა შარაპოვამ.

მარიას ჰკითხეს - გაერკვია თუ არა დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ სამომავლო გეგმებში.

"არა. არასოდეს მიფიქრია, როდის მინდა კარიერის დასრულება და რას გავაკეთებ მომავალში. 21 წლის ასაკში მიღებული ტრავმის შემდეგ, ვერ ვიფიქრებდი, რომ 28 წლამდე ვითამაშებდი. კიდევ შვიდი წელი - ბევრი მეჩვენებოდა.

რა თქმა უნდა, მინდოდა ოჯახი მყოლოდა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ, ახლა, ფიზიკურად მზად ვარ კიდევ მრავალი წელი სათამაშოდ. სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული", - ამბობს მარია, რომელმაც 2015 წელი მეოთხე ჩოგანის რანგში დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული