ტიტული ბრიტანეთს 1936 წლის შემდეგ - შეუდარებელი ენდი

AutoSharing Option
ბელგიის ქალაქ გენტში ბრიტანული ჩოგბურთის ახალი ისტორია დაიწერა. დევისის თასის ფინალში მასპინძლებმა ვერაფერი მოუხერხეს მსოფლიოს მეორე ჩოგანს ენდი მარეის და ტიტული მეტოქეს გადააბარეს.

პარასკევს, პირველები კორტზე დავიდ გოფენი და კაილ ედმუნდი გავიდნენ. ბრიტანელი პირველად თამაშობდა დევისის თასზე, გოფენი მეთოთხმეტედ, თან წინა 13 მატჩიდან 11 ჰქონდა მოგებული. ბუნებრივია, ბელგიელი ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მატჩის პირველი ნაწილი მოულოდნელად წარიმართა:

პირველ სეტში ედმუნდს "მშრალი" ანგარიშით მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა 6:3 იკმარა, მეორეში კი 25 წუთში გაანადგურა გოფენი - 6:1.

ბელგიელი გონს მესამე სეტში მოვიდა,
ბრიტანელს კი ჩავარდნა დაეწყო - მხოლოდ ხუთი "ვინერსი" და 18 უნებლიე შეცდომა. თამაშის სურათი საერთოდ შეიცვალა. გოფენი შეცდომებს აღარ უშვებდა, დიდხანს ტოვებდა ბურთს თამაშში, რაც ედმუნდს არ აწყობდა. მალე სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.

მეოთხე სეტის შემდეგ, ბრიტანელმა მწვრთნელთან ერთად დატოვა კორტი, მაგრამ დარიგებებმა ვეღარ უშველეს. გოფენი თავისუფლად და დამაჯერებლად თამაშობდა და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მასპინძელმა ზედიზედ 12 გეიმი (!) მოიგო - 3:6, 1:6, 6:2, 6:1, 6:0. მივიღეთ უცნაური ხუთსეტიანი მატჩი, რადგან არც პარტიაში ბრძოლა არ ყოფილა.

სტუმრებისთვის სიტუაცია ენდი მარეის უნდა გამოესწორებინა, რომელიც მეორე მატჩში რუბენ ბემელმანსს ხვდებოდა. რა თქმა უნდა, ამ ჩოგბურთელებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდია და ეს გამოჩნდა პირველ ორ სეტში, რომელიც ბრიტანელმა 6:3 და 6:2 მოიგო.

სამაგიეროდ, მესამე სეტი დაძაბული გამოვიდა. ბელგიელი შესანიშნავად ასრულებდა მოკლე დარტყმებს და ბადესთანაც წარმატებით გადიოდა, რითაც 4:2 წაიყვანა ანგარიში. თუმცა მარეიმ იქვე შეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება.

ენდის ახალი პრობლემა 4:5-ზე შეექმნა, როცა საკუთარ მოწოდებაზე ზედიზედ სამი შეცდომა დაუშვა და ბელგიელს სეტბოლი აჩუქა. და აქ, მარეიმ მეორე ბურთზე გარისკა და ამან გაამართლა:

მან მოიგო ეს ქულა და კიდევ ექვსი ზედიზედ, რისი წყალობითაც ჯერ ბრეიკი შეასრულა და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა - 6:3, 6:2, 7:5. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი დღის შემდეგ, თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა - 1:1. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა შეიძინა წყვილთა შეხვედრამ.

* * *
დუეტების მატჩისთვის, ბელგიელებმა ცვლილება მოახდინეს - კიმერ კოპეიანსის ნაცვლად, სტივ დარცისს გოფენი შეუწყვილეს, ბრიტანელთა რიგებში კი, როგორც წინასწარ იყო გამოცხადებული, ძმები - ენდი და ჯეიმი მარეი თამაშობდნენ.

გოფენის წყვილთა მატჩში დაწინაურებამ არ გაამართლა. პირველ სეტში ყველაზე ბევრს ის ცდებოდა, 4:5-ზე კი დარცისიც ჩავარდა და ენდი მარეიმ სეტბოლი გამოიყენა. ეს იყო ერთადერთი ბრეიკი, რომელიც სტუმრებმა გამოიყენეს. ასევე ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა მეორე პარტიის ბედი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის ბელგიელებმა შეასრულეს.

მესამე სეტში კი თამაშის სურათი შეიცვალა - ჩოგბურთელებს საერთოდ აერიათ საკუთარი მოწოდება და ცხრა გეიმში ექვსი ბრეიკი დაფიქსირდა. ჯერ ბელგიელები გავიდნენ წინ ბრეიკით - 2:1, შემდეგ ბრიტანეთი დაწინაურდა.

ამას მოჰყვა ბრეიკების კიდევ ერთი გაცვლა და ბოლო ენდი მარეიმ შეძლო საკუთარი მოწოდების შენარჩუნება - 6:3.

ამის შემდეგ, ბრიტანულმა წყვილმა საბოლოოდ მოიპოვა უპირატესობა. მატჩის ბედი მეოთხე გეიმში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 40:0-დან წააგეს. მატჩში ანგარიში 2:1 გახდა ბრიტანეთის სასარგებლოდ.

* * *
გუშინ, ბელგია დავიდ გოფენს უნდა გადაერჩინა მარეის წინააღმდეგ მატჩში. მასპინძელმა პირველი სეტის პირველი ნაწილი ნორმალურ დონეზე ჩაატარა, რის შემდეგაც ჩავარდნა ჰქონდა და მარეიმ ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით მოიგო პარტია - 6:3.

მეორე სეტში ბრიტანელს კიდევ უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ კარგა ხანი ეს ანგარიშში არ აისახებოდა. გოფენი დიდი გაჭირვებით ახერხებდა საკუთარი მოწოდების შენარჩუნებას და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიჰყავდა, მაგრამ მარეი კარგად განეწყო მე-11 გეიმისთვის, უშეცდომოდ ითამაშა და საჭირო ბრეიკი გაიფორმა.

ენდიმ ჩააგდო მესამე სეტის სტარტი - გოფენმა მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა და 2:0 წაიყვანა ანგარიში. მაგრამ, ამის შემდეგ, მარეიმ მკვეთრად მოუმატა თამაშს, ბელგიელს კი დაღლა დაეტყო. მასპინძელი ჩქარობდა და ეს ბევრ შეცდომაში აისახებოდა.

მარეი სუფთად თამაშობდა და მალე ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო. მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა პრობლემას აღარ წარმოადგენდა - 6:3, 7:5, 6:3. ბრიტანეთმა 1936 წლის შემდეგ პირველად მოიგო დევისის თასი!

ენდი მარეიმ გადაწერა საკუთარი ქვეყნის საჩოგბურთო ისტორია, როცა ჯერ ოლიმპიადა მოიგო, შემდეგ ამერიკის ღია პირველობა, ამას მოჰყვა უიმბლდონზე ტრიუმფი და ახლა, დევისის თასი.

წელს, მარეი ამ გუნდურ ტურნირზე შეუდარებელი იყო - რვიდან რვა მოგება ერთეულებში და სამიდან სამი - წყვილებში. დევისის თასის ისტორიაში ასეთი შედეგი მხოლოდ სამ ჩოგბურთელს ჰქონია.

ფინალი
ბელგია-ბრიტანეთი 1:3
1:0 დავიდ გოფენი-კაილ ედმუნდი 3:6, 1:6, 6:2, 6:1, 6:0
1:1 რუბენ ბემელმანსი-ენდი მარეი 3:6, 2:6, 5:7
1:2 დარცისი/გოფენი-ე. მარეი/ჯ. მარეი 4:6, 6:4, 3:6, 2:6
1:3 დავიდ გოფენი-ენდი მარეი 3:6, 5:7, 3:6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული