ფინალში ისტორიულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი: ჯოკოვიჩი 47-ედ ხვდებოდა რაფაელ ნადალს. წინა 46 მატჩის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო - 23:23. ნოვაკი არასოდეს ყოფილა რაფასთან დუელში დაწინაურებული და სოლიდური ჩამორჩენა ბოლო ორ წელიწადში ამოქაჩა, როცა ბოლო რვა მატჩიდან შვიდში მოუგო ესპანელს. დოჰაში ბრწყინვალე თამაშის შემდეგ კი პირველად გაუსწრო პრინციპულ მეტოქეს -
ჯოკოვიჩმა საათსა და 13 წუთში გაანადგურა ნადალი - 6:1, 6:2. სერბმა 30 "ვინერსი" მიითვალა და შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რაფას კი მხოლოდ ცხრა "ვინერსი" და ერთადერთი გამოუყენებელი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.
პირველად ამ მოთამაშეების ურთიერთშეხვედრებში, ერთ ჩოგბურთელს მეორეზე ასეთი დიდი უპირატესობა ჰქონდა. წინა 46 შეხვედრაში, წაგებული მინიმუმ 4 გეიმს იღებდა.
"შეიძლება მოკრძალებული ნათქვამი არ გამომივიდეს, მაგრამ ამ მატჩში ახლოს ვიყავი სრულყოფილებასთან. ყველა გათამაშებას ვაკონტროლებდი, წარმატებით ვახვევდი თავს მეტოქეს ჩემს თამაშს. კორტზე სწორი განწყობით გავედი და ამ მატჩში ყველა დასახული გეგმა განვახორციელე", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.
"მე მიპირისპირდებოდა ჩოგბურთელი, რომელმაც ყველაფერი იდეალურად გააკეთა. ზუსტად ვიცი, რომ აქამდე არავის არ უჩვენებია ასეთი ჩოგბურთი. მას შემდეგ, რაც სპორტის ამ სახეობას ვეზიარე, არ მინახავს არავინ, ვინც ასეთ დონეზე ითამაშებდა", - ეს დამარცხებული ნადალის სიტყვებია.
* * *
გასულ კვირას, მამაკაცთა ტურში კიდევ ორი ტურნირი გაიმართა და ორივეს ფინალში შვეიცარიელი ჩოგბურთელი ვიხილეთ.
ბრისბენში როჯერ ფედერერმა ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა კანადელ მილოშ რაინიჩს. ლეგენდას მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც რაონიჩმა მოიგერია, თავად კი თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა და საათსა და 27 წუთში - 6:4, 6:4 მოიგო. კანადელისთვის ეს არის მე-8 ტიტული კარიერაში.
მეორე შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ ჩენაის ტურნირის ფინალში აჯობა ხორვატ ბორნა ჩორიჩს. აქაც შეხვედრის ხანგრძლივობა და სცენარი თითქმის იგივე იყო, რაც ბრისბენში.
ვავრინკამ თითო სეტში თითოჯერ მოახერხა მეტოქის მოწოდების აღება, ამასთან, ხუთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია - 6:3, 7:5. შვეიცარიელმა ძალიან კარგად ამუშავა თავისი მთავარი იარაღი და მატჩში 15 ეისი ჩააწოდა. სტენმა კარიერაში მე-12 ტიტული მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"