რეიტინგები: მარია ქვემოთ, ჯოკოვიჩი ახალი რეკორდით

AutoSharing Option
გასულ კვირას, მარია შარაპოვა ტიტულს იცავდა ბრისბენში, მაგრამ ვერ შეძლო იქ გამოსვლა ტრავმის გამო, ამიტომაც 470 ქულა დაკარგა. თავის მხრივ, აგნიეშკა რადვანსკამ International-ის კატეგორიის ტურნირი მოიგო ჩინეთში და გაიუმჯობესა საკუთარი რეიტინგი.

ამან პოლონელს საშუალება მისცა, შარაპოვასთვის გაესწრო და კლასიფიკაციის მეოთხე პოზიციაზე გადასულიყო. ამ გადაადგილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავსტრალიის ღია პირველობის სტარტამდე ერთი კვირით ადრე, რადგან "დიდი სლემის" პირველ ჩემპიონატზე განთესვა სწორედ ამ კვირის რეიტინგის მიხედვით მოხდება.

ასე რომ, რადვანსკამ გაინაღდა ადგილი ავსტრალიის ღიას განთესვის TOP4-ში, შესაბამისად, ის ნახევარფინალამდე არ
შეხვდება პირველი სამეულის წევრებს, შარაპოვას კი თეორიულად, შესაძლოა, უკვე მეოთხედფინალში მოუწიოს სერენა უილიამსთან შეხვედრა.

ასევე ვერ დაიცვა თავისი ტიტული ოკლენდში ვინუს უილიამსმა. ამერიკელი მეშვიდედად მეათე ადგილამდე დაეშვა, თუმცა ავსტრალიის ღიაზე მაინც იქნება განთესვის TOP8-ში, რადგან მელბურნში არ ითამაშებენ ფლავია პენეტა და ლუსი საფაროვა. ისევე, როგორც ვინუსმა, ოკლენდში პირველი წრე წააგო ანა ივანოვიჩმა. ამასთან, სერბს გამოაკლეს ქულები ბრისბენის შარშანდელი ფინალისთვის. შესაბამისად, ანა TOP20-დან გავარდა და 22-ე ადგილზე იმყოფება. ოკლენდში გამარჯვება კი სლოუნ სტივენსმა მოიპოვა, რისი წყალობითაც ის 30-დან 26-ე პოზიციაზე გადავიდა.

გასულ კვირას, ყველაზე მეტი ქულის მოპოვება ბრისბენში შეიძლებოდა, სადაც ტიტული ვიქტორია აზარენკამ დაისაკუთრა. ბელარუსმა 900-დღიანი პაუზის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო და ამის წყალობით, 22-დან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა, რითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა ავსტრალიის ღიაზე განთესვის ნომერი. ფინალში მან დამაჯერებლად მოუგო ანჟელიკ კერბერს, რომელმაც სამი საფეხურით აიწია და ახლა, მეშვიდე ჩოგანია. ეს მისი პირადი რეკორდია კარიერაში.

აღვნიშნავთ ბრისბენის ნახევარფინალში სამანტა კროუფორდის გასვლას. ამერიკელმა 35 პოზიცია მოიგო და ახლა, 107-ე ადგილს იკავებს. ის ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში იქნება, როგორც უაილდ-ქარდის მფლობელი.

* * *
ნოვაკ ჯოკოვიჩმა გასულ წელს მხოლოდ ერთი ტურნირის ფინალში ვერ შეძლო გასვლა - დოჰაში. წელს მან ყატარის დედაქალაქში მთავარი პრიზი მოიპოვა. ასე რომ, სერბმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, კერძოდ, კლასიფიკაციაში ქულების მონაგარი 16 790 ქულამდე აიყვანა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. ერთი წლის წინ, დოჰაში გამარჯვება დავიდ ფერერმა მოიპოვა, რომელიც, ამჯერად, პირველ რაუნდში დამარცხდა. საბოლოოდ, ესპანელი მერვე ადგილზე ჩამოქვეითდა და წინ გაუშვა კეი ნიშიკორი. ATP-ის ტოპ-ათეულში სხვა ცვლილება არ მომხდარა.

დოჰაში ფინალში გასვლით არაფერი შეემატა რაფაელ ნადალს. როჯერ ფედერერმა 100 ქულა დაკარგა, რადგან ბრისბენში ტიტულის დაცვა ვერ შეძლო. და პირიქით, ბრისბენის მომგებმა მილოშ რაონიჩმა 100 ქულით შეივსო კლასიფიკაციაში ქულების რაოდენობა. სტენ ვავრინკამ ჩენაიში ტიტული დაიცვა და მისთვის რეიტინგში არაფერი შეცვლილა.

* * *
ამ კვირას ATP-250-ის კატეგორიის ტურნირები იმართება სიდნეისა და ოკლენდში. 250-250 ქულას იცავენ ტროიცკი და ვესელი. ამ ტურნირებზე ათეულის წევრებიდან მხოლოდ ფერერი და ჟო-ვილფრიდ ცონგა გამოდიან.

ქალები "პრემიერს" თამაშობენ სიდნეიში. აქ ვერ გამოვა შარშანდელი ჩემპიონი პეტრა კვიტოვა, რის გამოც 470 ქულას დაკარგავს და მომავალ ორშაბათს, ახალ რეიტინგში წინ გაუშვებს კერბერს. სიდნეიში ტოპ-ათეულის ორი წევრი ითამაშებს - სიმონა ჰალეპი და კერბერი.

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 945
2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 5 880
3(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) 5 200
4(5). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 4 670
5(4). მარია შარაპოვა (რუს) 4 542
6(6). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4 111
7(10). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 710
8(8). ფლავია პენეტა (იტა) 3 621
9(9). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 590
10(7). ვინუს უილიამსი (აშშ) 3 511

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 790
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 945
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 165
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 865
5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 230
6(6). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 560
7(8). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 235
8(7). დავიდ ფერერი (ესპ) 4 055
9(9). რიშარ გასკე (საფ) 2 850
10(10). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 635

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული