თამაშები უიმბლდონზეც იწყობა?

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის სტარტს დაემთხვა გრანდიოზული სკანდალი. როგორც BBC ამტკიცებს, მას ხელში ჩაუვარდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ ჯერ კიდევ 2007 წელს დაწყებული გამოძიების შედეგები.

ბრიტანული ტელეკომპანია იტყობინება, რომ ეს დოკუმენტები ადასტურებენ რუსეთისა და იტალიის ტერიტორიაზე სათამაშო სინდიკატების მოქმედებას, რომლებმაც "ასობით ათასი ფუნტი სტერლინგი იშოვნეს იმ მატჩებზე ფსონების ჩასვლით, რომლებიც გამოძიების აზრით, ჩაწყობილი იყო". BBC-ის ინფორმაციით, ამ მატჩებიდან სამი უიმბლდონის ტურნირზე გაიმართა.

საერთო ჯამში, 2008 წელს, საიდუმლო გამოძიების შემდეგ დასახელდა 28 ჩოგბურთელის გვარი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ჩაწყობილ მატჩებთან. მაგრამ გამოძიება
აღარ გაგრძელდა და ამ მოთამაშეების მიმართ არანაირი სანქციები არ იქნა მიღებული.

წყაროს ინფორმაციით, ევროპულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც დაკავებულნი არიან წამყვან საბუკმეიკერო კანტორებში ფსონების გაკონტროლებით, 2015 წელს გამოავლინეს 50 საეჭვო შეხვედრა. ამასთან აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ, ჩოგბურთი სპორტის სხვა სახეობებზე საეჭვოდ აქტიურია.

BBC-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა სიიდან რვა ჩოგბურთელი ავსტრალიის წლევანდელ პირველობაში ჩაება. ტელეკომპანიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ გააჩნია ეჭვმიტანილი მოთამაშეების სია, მაგრამ გადაწყვიტა არ გაემხილა გვარები, რადგან მათი ბრალეულობა ჯერ დამტკიცებული არ არის.

ამ სკანდალს გამოეხმაურა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც ჟურნალისტებს ოპერატიულად განუცხადა, რომ 2007 წელს, 200 ათას დოლარს სთავაზობდნენ სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე მატჩის დათმობის სანაცვლოდ.

"ჩემთან პირდაპირ კავშირზე არ გამოსულან. კავშირი იმ ადამიანების მეშვეობით დაამყარეს, რომლებთანაც იმ დროს ვთანამშრომლობდი. რა თქმა უნდა, უარი ვთქვით მათ წინადადებაზე. ეს ადამიანი ცდილობდა ჩემთან დალაპარაკებას, მაგრამ არ გამოუვიდა.

სამწუხაროდ, ასეთ დროს ბევრი ჭორი და ვარაუდი ჩნდება ხოლმე. ბოლო ექვსი-შვიდი წელია, მსგავსი არაფერი მომისმენია. პირადად მე არავინ დამკავშირებია, ამიტომაც არაფრის დამატება არ შემიძლია. ჩემთვის ეს არის არასპორტული საქციელი, დანაშაული სპორტში", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

სერბი არ ჩავიდა 2007 წელს სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე. იმ დროისთვის, ნოვაკს არ ჰქონდა მოგებული "დიდი სლემის" ტურნირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული