ავსტრალიის ღია პირველობა: ფავორიტები მაგრად დგანან

AutoSharing Option
მეორე წრე მამაკაცების ტურნირზე ყოველგვარი სენსაციების გარეშე დაიწყო - ყველა ფავორიტმა მშვიდად გააღწია მესამე რაუნდში.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ამჯერად, 19 წლის ფრანგ თინეიჯერს კუენტინ ჰალისს ჩაუტარა მასტერკლასი. სერბმა პირველი ორი სეტის მოგებას 56 წუთი მოანდომა, რის შემდეგაც, მსოფლიოს 187-ე ნომერმა სერიოზული ბრძოლა გაუმართა რეიტინგის ლიდერს.

ჰალისმა მესამე სეტი ბრეიკით დაიწყო, რომლის დაბრუნებაც ნოვაკმა მოახერხა, მაგრამ მეტი ბრეიკი ვეღარ შეასრულა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც სერბის კლასმა თავისი გაიტანა. ჯოკოვიჩმა 42 "ვინერსითა" და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომით დაასრულა შეხვედრა.

წაგების მიუხედავად, ჰალისი
პუბლიკამ ფეხზე ამდგარმა გააცილა. ფრანგმა მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა პროფესიული დონეზე - პირველი ავსტრალიის ღიას საწყის რაუნდში ჰქონდა, როცა ხორვატ ივან დოდიგს მოუგო.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მისი შემდეგი მეტოქე იტალიელი ანდრეას სეპი იქნება. ზუსტად ერთი წლის წინ, აპენინელმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია, როცა ავსტრალიის ღიაზე როჯერ ფედერერი დაამარცხა. თუმცა ნოვაკთან ურთიერთშეხვედრებში 0:11-ს აგებს.

* * *
ნიკოლოზ ბასილაშვილთან გასეირნების შემდეგ, როჯერ ფედერერმა მორიგი იოლი მატჩი ჩაატარა, ოღონდ მეტოქე გაცილებით სერიოზული ჰყავდა - უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი, რომელმაც სეზონი ჰოპმანის თასზე ყველა ერთეულთა მატჩის მოგებით დაიწყო.

იყო მოლოდინი, რომ დოლგოპოლოვი შეძლებდა შვეიცარიელისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ როჯერმა ფანტასტიკურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე - 25 ეისი შეასრულა და პირველი მოწოდებისას ქულების 88 პროცენტი (49-დან 43) აიღო. უკრიანელმა ერთხელაც ვერ მოიგო მეტოქის გეიმი, იმ დროს, როცა ფედერერმა ხუთი ბრეიკი მიითვალა - 6:3, 7:5, 6:1. შვეიცარიელის მომდევნო მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება.

გუშინდელ სათამაშო დღეს, როჯერზე უკეთ მხოლოდ ტომაშ ბერდიხი აწვდიდა. ბოსნიელი მირზა ბაშიჩის წინააღმდეგ, ჩეხმა მხოლოდ ორი ქულა წააგო პირველი მოწოდებაზე. 98 წუთში ბერდიხმა 15 ეისი და 43 "ვინერსი" მიითვალა და 6:4, 6:0, 6:3 მოიგო.

მესამე რაუნდში ტომაშის მეტოქე ავსტრალიური პუბლიკის ერთ-ერთი მთავარი იმედი ნიკ კირგიოსი იქნება, რომელიც სამ სეტში გაუსწორდა პაბლო კუევასს - 6:4, 7:5, 7:6(2). 20 წლის ავსტრალიელს ყველაზე მეტად მესამე სეტში გაუჭირდა, როცა 4:5-ზე ორი სეტბოლის მოგერიება მოუწია, თუმცა საფრთხე მოიგერია და ბოლოს ტაი-ბრეიკზე იმარჯვა. კირგიოსი პირველად შეხვდება პროფესიულ ტურში ბერდიხს. ცნობისთვის, მას 4 მოგება და 10 წაგება აქვს TOP10-ის წევრებთან.

სხვა მატჩებიდან უნდა აღვნიშნოთ სწრაფად პროგრესირებადი ავსტრიელის დამაჯერებელი მოგება ნიკოლას ალმაგროსთან - 6:3, 6:1, 6:3. თუმცა ამ განადგურებას ესპანელმაც შეუწყო ხელი, რადგან 49 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა. თავად ტიმმა 28 "ვინერსით" დაასრულა მატჩი.

კიდევ უფრო მეტი, 87 (!!!) უნებლიე შეცდომა ჰქონდა არგენტინელ ფედერიკო დელბონისს თანამემამულე რენცო ოლივესთან მატჩში. მიუხედავად ამისა, დელბონისმა ოთხსაათიანი მარათონი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:6(5), 3:6, 6:7(3), 7:5, 6:2.

ავსტრალიის ღია პირველობის ყოფილმა ფინალისტმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ მხოლოდ პირველ სეტში იწვალა 18 წლის ავსტრალიელის ომარ იასიკას წინააღმდეგ, თუმცა 40 "ვინერსის" წყალობით საათსა და 43 წუთში მოუგო მსოფლიოს 310-ე ნომერს - 7:5, 6:1, 6:4.

II წრე
კაცები

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჰალისი (საფ) 6:1, 6:2, 7:6(3)
სეპი (იტა, 28)-კუდლა (აშშ) 7:5, 6:4, 6:4
დელბონისი (არგ)-ოლივო (არგ) 7:6(5), 3:6, 6:7(3), 7:5, 6:2
სიმონი (საფ, 14)-დონსკოი (რუს) 6:3, 5:7, 7:6(1), 4:6, 7:5
ცონგა (საფ, 9)-იასიკა (ავსტრა) 7:5, 6:1, 6:4
ჰერბერი (საფ)-რუბინი (აშშ) 653, 6:4, 6:0
გ. ლოპესი (ესპ, 26)-ბრანდსი (გერ) 4:6, 6:1, 7:6(0), 6:3
ნიშიკორი (იაპ, 7)-კრაიჩეკი (აშშ) 6:3, 7:6(5), 6:3

ფედერერი (შვეიც, 3)-დოლგოპოლოვი (უკრ) 6:3, 7:5, 6:1
დიმიტროვი (ბულ, 27)-ტრუნჯელიტი (არგ) 6:3, 4:6, 6:2, 7:5
ტიმი (ავსტრია, 19)-ალმაგრო (ესპ) 6:3, 6:1, 6:3
გოფენი (ბელ, 15)-ძუმჰური (ბოს) 6:4, 0:6, 6:4, 6:2
ჩილიჩი (ხორ, 12)-რამოსი (ესპ) 6:4, 6:3, 7:6(4)
ბ. აგუტი (ესპ, 24)-ლაიოვიჩი (სერ) 4:6, 6:2, 4:6, 6:2, 6:1
კირგიოსი (ავსტრა, 29)-კუევასი (ურუ) 6:4, 7:5, 7:6(2)
ბერდიხი (ჩეხ, 6)-ბაშიჩი (ბოს) 6:4, 6:0, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული