ავსტრალიის ღია პირველობა: ჯოკოვიჩის 100 შეცდომა

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი სერიოზული ტესტი ჩააბარა ავსტრალიის ღია პირველობაზე. სერბს ოთხსაათნახევრიანი და ხუთსეტიანი მარათონი დასჭირდა მეოთხედფინალში გასასვლელად.

ჯოკოვიჩი მე-14 ნომრად განთესილ ჟილ სიმონს ეთამაშებოდა, რომელთანაც მანამდე ათიდან ცხრა მოგება ჰქონდა. რა თქმა უნდა, სერბს უდავო ფავორიტად ნათლავდნენ, მაგრამ წინა მატჩებში ნოვაკმა საშუალო დონის ჩოგბურთი უჩვენა და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა.

გუშინაც გამოჩნდა, რომ სერბი ძალიან შორს არის თავისი ოპტიმალური ფორმისგან. სიმონს პირველ პარტიაში რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოიყენა. ფრანგი, ძირითადად, მეტოქის შეცდომების ხარჯზე გადიოდა ფონს,
თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

სამაგიეროდ, მეორე სეტში ჯოკოვიჩის მიერ დაშვებულმა 24-მა შეცდომამ სიმონს სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრებინა. ნოვაკმა მხოლოდ მესამე სეტში მოუმატა. რა თქმა უნდა, ეს მაინც დაბალი ხარისხის ჩოგბურთი იყო, მაგრამ იმაზე უკეთესი, ვიდრე პირველ ორ პარტიაში. სწორედ მესამე სეტის შუაში, ჯოკოვიჩმა გააუმჯობესა საკუთარი ანტირეკორდი - 69 უნებლიე შეცდომა, რომელიც 2010 წელს, ავსტრალიის ღიას ფინალში დაუშვა რაფაელ ნადალის წინააღმდეგ.

მიუხედავად ყველაფრისა, ჯოკოვიჩმა მოიგო მესამე სეტი, მაგრამ მისი პრობლემები არსად გამქრალა. მეოთხე სეტში სერბმა ცუდი გეიმი ჩაატარა 4:4-ზე და მეტოქეს სეტზე ჩაწოდების საშუალება მისცა. ფრანგმა მეოთხე სეტბოლზე მიაღწია საწადელს.

თამაშში გარდატეხა მეხუთე სეტის მეოთხე გეიმში მოხდა. 1:2-ზე სიმონი საკუთარ გეიმს 40:0-ს იგებდა და სწორედ ამ დროს, ჯოკოვიჩმა ზედიზედ 10 ქულის აღება შეძლო და ბრეიკით დაწინაურდა. შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და თითქმის გადაწყვიტა მატჩის ბედი. ფრანგმა ბოლოს გაიბრძოლა, ერთი დაკარგული გეიმი დაიბრუნა, ხოლო ნოკავის უნებლიე შეცდომების რიცხვმა 100-ს (!) მიაღწია. მიუხედავად ამისა, ჯოკოვიჩი მაინც გავიდა ზედიზედ 27-ედ "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში - 6:3, 6:7(1), 6:4, 4:6, 6:3. ბრძოლა 4 საათი და 32 წუთი გაგრძელდა. ნოვაკმა 25-დან მხოლოდ ექვსი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი კეი ნიშიკორის შეხვდება, რომელიც მესამედ გავიდა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში. იაპონელმა მიღებაზე თითქმის არანაირი შანსი არ მისცა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას, თავად კი ხუთი ბრეიკი შეასრულა - 6:4, 6:2, 6:4.

გუშინ, კიდევ ერთი ხუთსეტიანი მატჩი გაიმართა. ჯოკოვიჩის მსგავსად, ასევე ბევრს სცოდავდა ტომაშ ბერდიხი, რომელმაც 66 უნებლიე შეცდომა დააგროვა, თუმცა ამას 18 ეისი დაუმატა და 4:6, 6:4, 6:3, 1:6, 6:3 დაამარცხა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი. ჩეხისთვის ეს იყო კარიერაში 26-ე ხუთსეტიანი მატჩი და მე-18 მოგება.

ყველაზე იოლად მეოთხედფინალის საგზური როჯერ ფედერერმა მოიპოვა, რომელმაც ბელგიელ დავიდ გოფენს 21 წუთში მოუგო პირველი სეტი (საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ სამი ქულა დათმო). შვეიცარიელს პრობლემები არც შემდეგ შექმნია და საათსა და 30 წუთში გაუსწორდა მე-15 ნომერს - 6:2, 6:1, 6:4. როჯერის ანგარიშზე 39 "ვინერსი" მოდის. მისი შემდეგი მეტოქე ბერდიხი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 15:6-ს იგებს.

კაცები
1/16 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სეპი (იტა, 28) 6:1, 7:5, 7:6(6)
სიმონი (საფ, 14)-დელბონისი (არგ) 6:3, 6:2, 6:1
ცონგა (საფ, 9)-ჰერბერი (საფ) 6:4, 7:6(7), 7:6(4)
ნიშიკორი (იაპ, 7)-გ. ლოპესი (ესპ, 26) 7:5, 2:6, 6:3, 6:4
ფედერერი (შვეიც, 3)-დიმიტროვი (ბულ, 27) 6:4, 3:6, 6:1, 6:4
გოფენი (ბელ, 15)-ტიმი (ავსტრია, 19) 6:1, 3:6, 7:6(2), 7:5
ბ. აგუტი (ესპ, 24)-ჩილიჩი (ხორ, 12) 6:4, 7:6;(5), 7:5
ბერდიხი (ჩეხ, 6)-კირგიოსი (ავსტრა, 29) 6:3, 6:4, 1:6, 6:4
კუზნეცოვი (რუს)-სელა (ისრ) 7:5, 3:6, 6:1, 7:6(4)
მონფილსი (საფ, 23)-რობერი (საფ) 7:5, 6:3, 6:2
რაონიჩი (კან, 13)-ტროიცკი (სერ, 21) 6:2, 6:3, 6:4
ვავრინკა (შვეიც, 4)-როსოლი (ჩეხ) 6:2, 6:3, 7:6(3)
ფერერი (ესპ, 8)-ჯონსონი (აშშ, 31) 6:1, 6:4, 6:4
ისნერი (აშშ, 10)-ლოპესი (ესპ, 18) 6:7(8), 7:6(5), 6:2, 6:4
ტომიჩი (ავსტრა, 16)-მილმენი (ავსტრა) 6:4, 7:6(4), 6:2
მარეი (ბრიტ, 2)-სოუზა (პორ, 32) 6:2, 3:6, 6:2, 6:2

1/8 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სიმონი (საფ, 14) 6:3, 6:7(1), 6:4, 4:6, 6:3
ნიშიკორი (იაპ, 7)-ცონგა (საფ, 9) 6:4, 6:2, 6:4
ფედერერი (შვეიც, 3)-გოფენი (ბელ, 15) 6:2, 6:1, 6:4
ბერდიხი (ჩეხ, 6)-ბ. აგუტი (ესპ, 24) 4:6, 6:4, 6:3, 1:6, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული