პირველები კორტზე სერენა უილიამსი და აგნიეშკა რადვანსკა გავიდნენ. ამერიკელს მხოლოდ მარია შარაპოვასთან არ აქვს მოგებების შთამბეჭდავი სერია. თუ რუსმა ორჯერ მაინც შეძლო ამერიკელის დამარცხება, რადვანსკას სერენასთან 17-დან 16 სეტი ჰქონდა წაგებული! მხოლოდ 2012 წლის უიმბლდონის ფინალში შეძლო პოლონელმა უილიამსისთვის სეტის ართმევა, სხვა მატჩებში კი ამერიკელი ძალიან დამაჯერებლად იგებდა.
მატჩამდე მელბურნში გაწვიმ
სერენა შესანიშნავად მოძრაობდა და ყველაფერს აკეთებდა, რაც სურდა. სულ რაღაც 21 წუთში, მან სეტი 6:0 მოიგო. იმ მომენტში რთული დასაჯერებელი იყო, რომ პოლონელი რაღაც ბრძოლას შესთავაზებდა მსოფლიოს პირველ ჩოგანს.
რადვანკასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მეორე სეტში მეტ-ნაკლებად დაძაბული ბრძოლა მხოლოდ იმის გამო იყო, რომ უილიამსმა ტემპს მოუკლო. პირველ რიგში, სერენა ცუდად მოძრაობდა კორტზე, უმატა შეცდომების რაოდენობას, პოლონელმა კი ასე თუ ისე, მოახერხა თამაშში შესვლა.
აგნიეშკამ შეძლო დაკაგული ბრეიკის დაბრუნება და ინარჩუნებდა თანაბარ ანგარიშს. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი საჭირო დროს მაინც ჩაერთო თამაშში. 4:4-ზე რადვანსკა 40:15-ს იგებდა საკუთარ გეიმს, რის შემდეგაც უილიამსმა შესანიშნავად ითამაშა მიღებაზე, ბრეიკ-პოინტზე კი რადვანსკამ თავად დაუშვა შეცდომა. მატჩზე ჩაწოდებისას, ამერიკელმა არანაირი შანსი არ მისცა მოწინააღმდეგეს - სამი ეისი და კიდევ ერთი ძლიერი პირველი მოწოდება. მეორე სეტში სერენა არც ისე კარგად თამაშობდა, მაგრამ ეს შეფასება არ ეხება მოწოდებას. რვავე ეისი სწორედ ამ პარტიაზე მოდის, ხოლო მთლიანად მატჩში, რადვანსკამ მხოლოდ სამი ქულა აიღო მეტოქის პირველ მოწოდებაზე.
* * *
უილიამსის მეტოქე ანჟელიკ კერბერისა და იოჰანა კონტას მატჩში ირკვეოდა. რა თქმა უნდა, ამ ჩოგბურთელების გამოჩენა ასეთ შორეულ სტადიაზე ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მართალია, კერბერი მეშვიდე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ პირველ წრეში მის მეტოქეს მატჩბოლი ჰქონდა. ამის შემდეგ, გერმანელი დამაჯერებლად მიიწევდა წინ და შესანიშნავი შემტევი ჩოგბურთი აჩვენა მეოთხედფინალში ვიქტორია აზარენკას წინააღმდეგ.
კონტამ ცუდად დაიწყო ნახევარფინალი - თავიდანვე წააგო ორი საკუთარი მოწოდება და 0:3 ჩამორჩა. მხოლოდ ამის შემდეგ დაალაგა მან ფორჰენდი და ამის წყალობით შეძლო ბრძოლაში ჩართვა, თან როგორ! ბრიტანელმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და თავად დაწინაურდა სეტში - 4:3. კერბერი პანიკაში არ ჩავარდნილა, აგრძელებდა საიმედო თამაშს დაცვაში და კონტას შეცდომებს იყენებდა.
აღსანიშნავია, რომ ანჟელიკს ძალიან სუსტი მეორე მოწოდება აქვს, მაგრამ ბრიტანელმა ვერ ისაგებლა ამ მომენტით. ბოლოსკენ კონტამ ისევ უმატა შეცდომებს და თანაბარი სეტი კერბერს დარჩა.
მეორე სეტი გაცილებით იოლი გამოვიდა გერმანელისთვის. კერბერი თითქმის ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს და 5:1 წაიყვანა ანგარიში, რის შემდეგაც მატჩის თავის სასარგებლოდ დასრულება პრობლემას აღარ წარმოადგენდა. კერბერმა მოიგო - 7:5, 6:2 და ფინალში გავიდა. ანჟელიკი პირველად ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში, თუმცა იქ სერენას წინააღმდეგ აშკარა აუთსაიდერია.
1/2 ფინალი
ქალები
ს. უილიამსი (აშშ, 1)-ა. რადვანსკა (პოლ, 4) 6:0, 6:4
კერბერი (გერ, 7)-კონტა (ბრიტ) 7:5, 6:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"