01:39 01-02-2016
ავსტრალიის ღია პირველობა: ყოვლისშემძლე ნოვაკი
AutoSharing Option
და ეს ყველაფერი კარგად გამოისახა პირველ სეტში. მარეიმ პირველად თავისი მოწოდების აღება მხოლოდ მეექვსე გეიმში შეძლო. იმ დროისთვის, ტაბლოზე ანგარიში - 0:5 იყო. ენდის გუნდმა ეს მცირე წარმატება დიდი ზეიმით აღნიშნა, რაც ფსიქოლოგიურად იყო მნიშვნელოვანი. ბრიტანელს გამოცოცხლება მართებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს მეორე ჩოგანს განადგურება არ ასცდებოდა.
დაძაბული გამოვიდა მეორე სეტის დასაწყისი. ჯოკოვიჩმა თავიდანვე სცადა ბრეიკის აღება, მაგრამ შვიდწუთიანი ბრძოლის შემდეგ, მარეიმ შეძლო საკუთარი მოწოდების შენარჩუნება. შემდეგი გეიმი ბრიტანელის მოწოდებაზე კიდევ უფრო დრამატული აღმოჩნდა. გეიმი 12 წუთი გაგრძელდა, სერბს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ანგარიში ექვსჯერ იყო "თანაბარი". და აქაც, ენდი გადარჩა.
ამ მომენტში, თვალში საცემი იყო ბრიტანელის გააქტიურება. მან გამოასწორა პირველი მოწოდება და უკანა ხაზზე თამაშისას, უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებდა. რაც მთავარია, მან სწორი ტაქტიკა აირჩია - ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ენერგია გამოეცალა მეტოქისთვის და მიზანს, გარკვეულ წილად, მიაღწია კიდეც.
მიუხედავად ამისა, პირველი ბრეიკი სეტში ჯოკოვიჩმა შეასრულა, თუმცა მარეიმ მომდევნო გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ მე-11 გეიმში ენდის სერიოზული ჩავარდნა ელოდა. მან 40:0 წაიყვანა ანგარიში, თუმცა იმდენი მოახერხა, რომ ზედიზედ ხუთი გათამაშება და მასთან ერთად გეიმი დათმო. მარეიმ სცადა ანგარიშის გათანაბრება, მე-12 გეიმში ერთი ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა მაინც მიიყვანა საქმე ლოგიკურ შედეგამდე - 7:5.
ასეთ სიტუაციაში თამაშში გარდატეხის შეტანა უკვე შეუძლებელი ჩანდა. ჯოკოვიჩმა მესამე სეტი ბრეიკით დაიწყო. მარეი იოლად მაინც არ დანებდა და მეექვსე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ მატჩში საერთო უპირატესობა სერბის მხარეს იყო. და ეს უპირატესობა ძალიან კარგად გამოიხატა ტაი-ბრეიკში - 7:6(7:3).
ასე მოიპოვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში "დიდი სლემის" მე-11 ტიტული. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ავსტრალიელ როდ ლეივერსა და შვედ ბიორნ ბორგს. სერბზე წინ არიან: ავსტრალიელი როი ემერსონი (12), ესპანელი რაფაელ ნადალი (14), ამერიკელი პიტ სამპრასი (14) და შვეცარიელი როჯერ ფედერერი (17).
გარდა ამისა, ავსტრალიის ღია პირველობის მეექვსედ მოგებით, სერბი გვერდით დაუდგა აქამდე აბსოლუტურ რეკორდსმენს - როი ემერსონს.
ყველა ფინალი
კაცები
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 6:1, 7:5, 7:6(3)
კაცები. წყვილები
ჯ. მარეი/სოარეში (ბრიტ/ბრა, 7)-ნესტორი/შტეპანეკი (კან/ჩეხ) 2:6, 6:4, 7:5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული