ნიკოლოზ ბასილაშვილი და გიორგი ცივაძე სტარტზევე დამარცხდნენ

AutoSharing Option
9 თებერვალს, იტალიურ ბერგამოში, ჩოგბურთელ ვაჟთა ჩელენჯერტურნირის (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) პირველ წრეში მესამე ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბელორუს ეგორ გერასიმოვთან წააგო - 5:7, 3:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე ბაქოში 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაება, მაგრამ პირველივე ბარიერი მისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა.

წყვილებში უკრაინელ დმიტრი ბადანოვთან ერთად სტარტზე ვიქტორ ბალუდასა და ივან კალინინთან დამარცხდა - 6:7, 3:6, ხოლო ერთეულებში რუს ევგენი კარლოვსკისთან პირველი სეტი 1:6 დათმო; მეორეს 0:2-ს აგებდა, ტრავმა რომ მიიღო და თამაშის
გაგრძელება ვერ შეძლო.

* * *
ქალთა ნაკრების წევრები ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ეილათიდან (ისრაელი), სადაც ფედერაციის თასზე პირველ ევროაფრიკულ ზონაში იასპარეზეს, ანტალიას ეწვივნენ და დღეიდან ქალთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს.

ერთეულებში მეორე ნომრად განთესილი გორგოძე პირველ წრეში ნატაშა პილუდუს (იტალია) შეხვდება. წარმატების შემთხვევაში მასპინძელ ზეინეპ შაკირესის მძლეველ (6:1, 6:1) პეტია არშინკოვასთან (ბულგარეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

ასპარეზობის მეოთხე ნომერ ქვაცაბაიას იაპონელი სეირა შიმიზუ გაუწევს მეტოქეობას. ამ წყვილში გამარჯვებულს მერვედფინალში ინდოელი კურა შროფი ელოდება, რომელმაც გუშინ ელის დავენდერი (აშშ) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:2.

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია ტურნირის რეიტინგფავორიტები არიან და შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული