ხუან მარტინ დელ პოტრო დაბრუნდა და მოიგო

AutoSharing Option
მსოფლიოს 1042-ე ნომერი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო მოგებით დაბრუნდა პროფესიულ ტურში. ამერიკის ღია პირველობის 2009 წლის ჩემპიონმა 2015 წლის მარტის შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა ATP-ის დონეზე.

ეს პაუზა მარცხენა მაჯაზე მორიგი ოპერაციით იყო გამოწვეული. დელ პოტრომ მსოფლიოს 64-ე ჩოგანს, ამერიკელ დენის კუდლას 6:1, 6:4 მოუგო.

"პირველივე მატჩის მოგება 11-თვიანი პაუზის შემდეგ - ეს მართლაც დიდი საჩუქარია. მოტივაციის მხრივ პრობლემა არ მაქვს, მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ, რადგან ვგრძნობ, რომ თუ ჯანმრთელი ვიქნები, ჩემი ჩოგბურთის ხარისხი მოიმატებს და შესაძლოა, ისევ გავხდე სახიფათო
ნებისმიერი მეტოქისთვის.

მატჩის წინ ვნერვიულობდი. არ ვიცოდი როგორი თამაში გამომივიდოდა. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო", - განაცხადა მატჩის შემდეგ დელ პოტრომ.

27 წლის ხუან მარტინმა საწყის 10 წუთში ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:0 წაიყვანა ანგარიში, შემდეგ 4:1-ზე კიდევ ერთი ბრეიკი შეასულა და სეტზეც წარმატებით ჩააწოდა - 6:1 24 წუთში. მეორე სეტში დელ პოტრომ პირველივე გეიმში აიღო ბრეიკი და ეს უპირატესობა პარტიის ბოლომდე შეინარჩუნა. მან პირველივე მატჩბოლი გამოიყენა და 60 წუთში მოამთავრა საქმე.

ეს იყო დელ პოტროს მეოთხე დაბრუნება ტრავმის შემდეგ. მაჯის ქრონიკული ტრავმის გამო, მან ბოლო ექვს წელიწადში სამჯერ დაასრულა სეზონი TOP100-ის მიღმა. გასული წლის ივნისში, არგენტინელმა მესამე ოპერაცია გადაიტანა მარცხენა მაჯაზე.

"არანაირი საიდუმლო არ მაქვს - უბრალოდ, მონდომებით ვმუშაობ. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ფორმის აკრეფა და ტურნირის წინ კარგი განწყობის შექმნა. შესანიშნავი ოჯახი და მეგობრები მყავს, ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან. მათ უყურეს ტრანსლიაციას არგენტინაში და ვიცი, რომ ჩემით ამაყობენ", - მოჰყავს დელ პოტროს სიტყვები ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ხუან მარტინ,ძალიან დიდი პოტენციალის პატრონი ხარ,იმედია 40% ს მაინც გამოიყენებ
0

სიახლეები პოპულარული