დევისის თასი. საქართველო VS დანია - ვინ ვის გამოცდის?

AutoSharing Option
დღეს, 4 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, 13:00 სთ-ზე დაიწყება დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩი - საქართველოს ვაჟთა ნაკრები დანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩის ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხი წარმოადგენს.

ამ ჯგუფში 16 გუნდი იბრძოლებს. ისინი წილისყრით ასე დაწყვილდნენ: ლიტვა-ნორვეგია, სამხრეთი აფრიკა-ლუქსემბურგი, ბულგარეთი-თურქეთი, ბოსნია/ჰერცეგოვინა-ტუნისი, მონაკო-ლატვია, ეგვიპტე-ბელორუსი, ზიმბაბვე-ფინეთი, საქართველო-დანია.

პირველ წრეში წარმატების შემთხვევაში ჩვენები მე-2 რაუნდში ზიმბაბვე-ფინეთს შორის გამარჯვებულთან შინ გაარკვევენ ურთიერთობას. გაისად ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად მე-2 ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები პლეი ოფის საგზურს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა II ჯგუფში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც შარშან III ჯგუფში ალბანეთს, ისლანდიას, მალტას და ესტონეთს სძლიეს. დანიელებმა პირველ ჯგუფში ესპანეთთან 0:5 წააგეს და II ჯგუფში ჩამოქვეითდნენ.

ჩვენი დღევანდელი მეტოქე დევისის თასზე 1921 წლიდან მონაწილეობს, 1988 წელს მეოთხედფინალშიც კი ითამაშა, ევრო-აფრიკული ზონის პირველი ჯგუფის სამგზის ფინალისტია. ამჟამად მსოფლიო კლასიფიკაციაში 45-ე ადგილზეა და ჩვენებს 28 საფეხურით უსწრებს. სტუმართა გუნდს მეწინავეობს ფრედერიკ ნილსენი. ერთეულებში რეიტინგით 374-ეა, სამაგიეროდ, წყვილებშია წარმატებული - 2012 წელს კი უიმბლდონის ტურნირი აქვს მოგებული, ამჟამად 95-ე ადგილზეა. საქართველოს ნაკრების ლიდერია ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ერთეულთა კლასიფიკაციაში 118-ე საფეხური უკავია.

3 მარტს საქართველო-დანიის მატჩის წილისყრა გაიმართა. დღეს ერთეულები ითამაშებენ, შაბათს - წყვილები, კვირას კი ისევ ერთეულები გაუწევენ ერთმანეთს მეტოქეობას.

საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი 23. 02. 1992 118-ე 589-ე
გიორგი ცივაძე 2. 01. 1993 854-ე 952-ე
გიორგი ჯავახიშვილი 23. 10. 1995 1105-ე 1031-ე
ირაკლი მეტრეველი 4. 04. 1998 2085-ე -
კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე

დანია
ფრედერიკ ნილსენი 27. 08. 1983 374-ე 95-ე
ბენჟამინ ჰანესტადი 14.02. 1997 1452-ე -
ტომას კრომანი 01.01. 1987 - -
კრისტიან სიგსგაარდი 14.03. 1997 - -
კაპიტანი კენეტ კარლსენი

განრიგი
4 მარტი. (13:00 საათიდან):
ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 118)-კრისტიან სიგსგაარდი (ურეიტინგო);
გიორგი ცივაძე (854)-ფრედერიკ ნილსენი (374).

5 მარტი. (15:00):
ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე-ფრედერიკ ნილსენი, ტომას კრომანი.

6 მარტი. (13:00 საათიდან):
ნიკოლოზ ბასილაშვილი-ფრედერიკ ნილსენი,
გიორგი ცივაძე-კრისტიან სიგსგაარდი.

არ არის გამორიცხული, ორთაბრძოლების დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაპირისპირებულთა წყვილებში ცვლილებები მოხდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენი ჩოგბურთში ისევე არიან როგორც არაბები ჰოკეიში და ამათაც თუ ვერ მოუგეთ წასული ყოფილა მთლად საქმე.
........
11:10 04-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული