ეს ჩემი შეცდომაა - მარია შარაპოვას სენსაციური აღიარება

AutoSharing Option
მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა მარია შარაპოვამ ორი დღის წინ დააანონსა ლოს ანჯელესში სპეციალური პრესკონფერენციის მოწვევა. ბოლოდროინდელი ტრავმიანობიდან გამომდინარე, ბევრი ვარაუდობდა, რომ რუსი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონის ბოლომდე დასვენების ან სულაც კარიერის დასრულების შესახებ განაცხადებდა.

მაგრამ შარაპოვას განცხადება იმაზე სენსაციური აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მარიას თქმით, დოპინგ-ტესტი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობისას გაიარა, დადებითი აღმოჩნდა - ჩოგბურთელს ორგანიზმში პრეპარატი მელდონიუმი აღმოუჩინეს.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა აღიარა, რომ 10 წლის განმავლობაში იღებდა მელდონიუმს, რომელიც მხოლოდ წლეულს შეიტანეს აკრძალული პრეპარატების სიაში. შარაპოვას თქმით, ის აღიარებს საკუთარ
დანაშაულს, რადგან არ წაიკითხა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეპარატი აიკრძალა.

"ეს ჩემი შეცდომაა. დავაღალატე ჩემი გულშემატკივრები. ძალიან არ მინდა, ჩემი კარიერა ასე დასრულდეს. იმედია, ერთ შანსს კიდევ მომცემენ. ვიცი, ბევრი თქვენგანი ფიქრობდა, რომ განვაცხადებდი კარიერის დასრულების თაობაზე, მაგრამ ამას ნამდვილად არ გავაკეთებდი ლოს ანჯელესის სასტუმროში. ვიმეორებ, მხოლოდ ჩემი ბრალია ის, რომ პრეპარატი ჩემს ორგანიზმში მოხვდა", - განაცხადა შარაპოვამ.

ჯერჯერობით არაფერი თქმულა დისკვალიფიკაციის ვადაზე. მარიამ დასძინა, რომ ითანამშრომლებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან და კორტზე დაბრუნებას იმედოვნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული